პროკურატურა ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ბრალდებით დაკავებული ყველა პირისთვის, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსან გია თვალავაძისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სხდომა ერთ-ერთი ბრალდებულის, ნათელა მამულაშვილის მონაწილეობის გარეშე გრძელდება. ამ ეტაპზე მამულაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არაა და შესაბამისად, ის სხდომაში მონაწილეობის მიღებას ვერ ახერხებს.

ამ წუთებში პროკურორი სასამართლოს წინაშე შუამდგომლობას აყენებს და ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

პროკურორმა საქმის გარკვეულ გარემოებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მოხდა აფთიაქებში ურეცეპტოდ ფსიქოტროპული მედიკამენტების შესყიდვა და ეს დაფიქსირებულია ვიდეო-აუდიო ჩანაწერებში. პროკურორმა გიორგი ლილუაშვილმა ასევე განმარტა, რომ საკონტროლო შესყიდვების განხორციელების შემდეგ დაფიქსირდა შეტყობინება ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ცხელ ხაზზე, თუმცა პროკურორის თქმით, ამ შეტყობინებებზე რეაგირება სააგენტოს ხელმძღვანელის, გია თვალავაძის მითითებით არ მომხდარა.

ამასთან, თვალავაძის მიმართ პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობის დაყენებისას გიორგი ლილუაშვილმა განაცხადა, რომ არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების მომეტებული საფრთხე, ვინაიდან მოწმეების უმეტესობა სახელმწიფო სამედიცინო რეგულირების სააგენტოს თანამშრომლები არიან, რომელთა უშუალო ხელმძღვანელიც სწორედ გია თვალავაძეა.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი საათის წინ, პროცესზე ერთ-ერთი ბრალდებული ნათელა მამულაშვილი შეუძლოდ გახდა, რის გამოც სხდომაზე შესვენება იყო გამოცხადებული.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა