„თიბისი“ „საბას“ საკონსულტაციო საბჭოს ქმნის

„საბას“ მე-16 საზეიმო დაჯილდოების ფრანკფურტში გამართვამდე, „თიბისი“ საკონსულტაციო საბჭოს ქმნის, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თიბისი ბანკიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საბჭოს მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში ლიტერატურული სფეროს განვითარებას და განსაზღვროს „საბას“ პოლიტიკა ლიტერატურის განხრით.

„საბჭოს შემადგენლობაში შედიან ქვეყანაში არსებული თითქმის ყველა ინსტიტუცია, რომელიც დაკავშირებულია ლიტერატურასთან: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა; ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი; საქართველოს ეროვნული მუზეუმი; ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი; ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. საკონსულტაციო საბჭოს წევრები ერთობლივად დაგეგმავენ და განახორციელებენ პროექტებს, რომლებიც წვლილს შეიტანს საქართველოში ლიტერატურული პროცესების განვითარებაში, წერა-კითხვის კულტურის გაძლიერებასა და მხარდაჭერაში. ასევე, საბჭო უზრუნველყოფს „საბას“ და სხვა დაინტერებული პირების ჩართულობის გაზრდას ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში“, – აცხადებენ ბანკში.

მათივე ინფორმაციით, საბჭოს „საბას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე უხელმძღვანელებს. საკონსულტაციო საბჭოს შექმნის შესახებ მემორანდუმს, „თიბისი ბანკის“ სათაო ოფისში გუშინ მოეწერა ხელი.

„თიბისი“–ში აცხადებენ, რომ 2018 წელი პრემია „საბას“ ისტორიაში განსაკუთრებული იქნება. წლევანდელი დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გერმანიაში, ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის ქართული პროგრამის ფარგლებში გაიმართება, სადაც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით იქნება წარდგენილი.

ორგანიზატორთა განცხადებით, ცერემონია 2018 წლის 12 ოქტომბერს, ქ. ფრანკფურტის მერიის ისტორიულ დარბაზში Kaisersaal ჩატარდება, რაც საერთაშორისო ასპარეზზე ქართული წიგნის გატანის კარგი შესაძლებლობაა.

ლიტერატურული პრემია „საბა“ „თიბისიმ“ 2003 წელს დაარსა. მას შემდეგ ყოველწლიურად „საბა“გასული წლის ლიტერატურულ პროცესებს აფასებს.

„იგი იქცა ლიტერატურული პროცესების მთავარ განმსაზღვრელ პრემიად, მან მისცა სტიმული უამრავ შემოქმედს, დააფასა არა ერთი მწერლის ღვაწლი და გახდა სასურველი ჯილდო მრავალი ადამიანისთვის. „საბა“ ხელს უწყობს კითხვის კულტურის ამაღლებას და მხატვრული ლიტერატურის პოპულარიზაციას. ლიტერატურული წრეების გარდა, მკითხველიც ყოველ წელს ელოდება „საბას“ დაჯილდოებას და გამარჯვებული წიგნები თუ ავტორები მაშინვე იქცევიან ბესტსელერებად. 15 წლის მანძილზე „საბამ“ 140 პრემია გასცა, 111 სხვადასხვა ავტორზე“, – აცხადებენ კონკურსის ორგანიზატორები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო