ანზორ ჩუბინიძე -  დაცვის დანიშვნა პოლიტიკური ნიშნით ვერ მოხდება, რადგან სამარცხვინო იქნება, თუ ყოფილ პრეზიდენტს რაიმე საფრთხე დაემუქრება

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონში ჩაიწერება, რომ ყოფილი პრემიერის, ან ექს-პრეზიდენტისთვის დაცვის დანიშვნის შემთხვევაში მთავრობის დადგენილებას შესაბამისი სამართალდამცავი უწყების დასკვნა უნდა დაერთოს.

კანონპროექტში შესაბამისი ჩანაწერის გაკეთების გადაწყვეტილება „ევროპული საქართველოს“ წევრის, ხათუნა გოგორიშვილის ინიციატივის საფუძველზე იქნა მიღებული.

გოგორიშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ მთავრობის დადგენილებას შესაბამისი საფუძველი ჰქონდეს და როგორც სდსს-ს ხელმძღვანელისგან, ისე საპროცედურო საკითხთა კომიტეტისგან თანხმობა მიიღო.

„ჩვენ გავაკეთებთ შენიშვნას კანონპროექტში. პრემიერის, პარლამენტის თავმჯდომარის და პრეზიდენტის დაცვა მოხდება გადადგომიდან ერთი წლის განმავლობაში. ხოლო შემდეგ მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება, უნდა მოხდეს თუ არა დაცვის გაგრძელება, ძალოვანი უწყებების დასკვნების მიხედვით ანუ შსს, სუს-ი და სხვა უწყებები გამოიკვლევენ, არსებობს თუ არა საფრთხე და ამის შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული. ნებისმიერი რისკის შემთხვევაში სდსს-ი მყისიერ რეაგირებას მოახდენს. ვფიქრობთ, რომ საქართველოში კრიმინალური მდგომარეობა მოგვარებულია ასე თუ ისე და ამიტომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ ისე, როგორც ევროპულმა სახელმწიფომ ანუ, სადაც არ არის საჭიროება, დაცვა უნდა მოიხსნას“, - განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.

კითხვაზე, სახელმწიფო დაცვის დანიშვნა შესაძლოა თუ არა პოლიტიკური ნიშნით მოხდეს, ჩუბინიძე აცხადებს, რომ ასე ვერ მოხდება.

„დაცვის დანიშვნა პოლიტიკური ნიშნით ვერ მოხდება, ვინაიდან ნებისმიერი სახელმწიფოსთვის სამარცხვინო იქნება, თუკი მის პრეზიდენტს რაიმე საფრთხე დაემუქრება“, - აღნიშნა ანზორ ჩუბინიძემ.

შეგახსენებთ, რომ სიცოცხლის ბოლომდე პრეზიდენტის პერსონალური დაცვით უზრუნველყოფა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ვალდებულება აღარ იქნება.

უქმდება “სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში არსებული ჩანაწერი, რომლის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს თანამდებობაზე არჩევის დღიდან სიცოცხლის ბოლომდე ენიშნება პერსონალური დაცვა სამუშაო ადგილას, მუდმივ და დროებით ადგილსამყოფელში. მოქმედ კანონში დღეს ასევე პირდაპირ წერია, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილების პერიოდში მისი ოჯახის წევრებს ენიშნებათ პერსონალური დაცვა და იგი უნარჩუნდებათ პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგაც, პრეზიდენტის სიცოცხლის ბოლომდე.

“სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით კი, რომელიც პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა, პრეზიდენტს და ასევე, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს პერსონალური დაცვა სავალდებულო წესით უფლებამოსილების ვადის გასვლის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, ერთი წლის ვადით შეუნარჩუნდებათ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა