ანა ნაცვლიშვილი - ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება მოქმედ პრეზიდენტზე და გაფრთხილება მომავალი პრეზიდენტებისთვის, რომ მათი უსაფრთხოება მთავრობის კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი ,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებების განხილვის დაწყებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება მოქმედ პრეზიდენტზე და ასევე გაფრთხილება მომავალი პრეზიდენტებისთვის, რომ მათი უსაფრთხოება იქნება დამოკიდებული მთავრობის კეთილ ნებაზე.

"დღევანდელი კანონმდებლობით სახელმწიფო კანონით არის ვალდებული უზრუნველყოს როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი პრეზიდენტის უსაფრთხოება სპეციალური დაცვის სამსახურის მეშვეობით, მაგრამ ახლა მომზადდა ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს, რომ უკვე ყოფილ პრეზიდენტს კანონით აღარ ექნება დაცვის ეს გარანტია და დაიცავს თუ არა მას სახელმწიფო, ეს იქნება დამოკიდებული არა კანონზე, არამედ მთავრობის კეთილ ნებაზე.

ეს ცვლილება არის პრინციპულად არასწორი, როდესაც საქმე ეხება სახელმწიფოს მეთაურს, რომელიც ამავე დროს არის უმაღლესი მთავარსარდალი, არის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირი და შესაბამისად, მას სჭირდება დაცვის უმაღლესი გარანტიები და ასევე ძალიან ნათელია, გამომდინარე იმ ფაქტორიდან, როდის მომზადდა ეს ცვლილებები და რა კონტექსტი გვაქვს, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება მოქმედ პრეზიდენტზე და ასევე გაფრთხილება მომავალი პრეზიდენტებისთვის, რომ მათი უსაფრთხოება იქნება დამოკიდებული მთავრობის კეთილ ნებაზე“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სიცოცხლის ბოლომდე პრეზიდენტის პერსონალური დაცვით უზრუნველყოფა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ვალდებულება აღარ იქნება.

უქმდება “სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში არსებული ჩანაწერი, რომლის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს თანამდებობაზე არჩევის დღიდან სიცოცხლის ბოლომდე ენიშნება პერსონალური დაცვა სამუშაო ადგილას, მუდმივ და დროებით ადგილსამყოფელში. მოქმედ კანონში დღეს ასევე პირდაპირ წერია, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილების პერიოდში მისი ოჯახის წევრებს ენიშნებათ პერსონალური დაცვა და იგი უნარჩუნდებათ პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგაც, პრეზიდენტის სიცოცხლის ბოლომდე.

“სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით კი, რომელიც პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა, პრეზიდენტს და ასევე, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს პერსონალური დაცვა სავალდებულო წესით უფლებამოსილების ვადის გასვლის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, ერთი წლის ვადით შეუნარჩუნდებათ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა