ალეკო ელისაშვილი კახა კალაძეს - როცა  ორღობის ჭორიკანასავით ილანძღები, ეს ნიშნავს, რომ რაღაც სუფთად არ არის

კახა კალაძეს ვურჩევ: როდესაც არგუმენტირებული კრიტიკა ისმის, პასუხი არგუმენტირებულად უნდა გასცე, თუ პასუხები გაქვს, როდესაც ორღობის ჭორიკანასავით ილანძღები, ეს იმას ნიშნავს, რომ ე.ი. იქ რაღაც სუფთად არ არის, - ასე გამოეხმაურა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი თბილის მერის, კახა კალაძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას.

ალეკო ელისაშვილის თქმით, კალაძის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადების ადრესატი სავარაუდოდ, ის იყო. საუბარია კალაძის განცხადებაზე, რომ „ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე საუბრობენ ისეთი უქნარა ექსპერტები, რომლებმაც საზოგადოებას თავი დაამახსოვრეს წითელ ბაღში ოთხი ხის დარგვით და ისიც გახმა“. ელისაშვილის განმარტებით, ამ განცხადების შემდეგ, დღეს დილითვე მივიდა წითელ ბაღში და შეამოწმა საკუთარ მეგობრებთან ერთად დარგული 36 ხე, საიდანაც „ყველა ხე ყვავის და გამხმარი არც ერთი არ არის“.

„ორი წლის წინ, წითელ ბაღში ჩემს მეგობრებთან ერთად 36 ხე ჩემი შრომით გამომუშავებული ფულით დავრგე. ორი წლის წინ, ძველ თბილისში საგანგებოდ მოვაწყვე ექსკურსია, რომელიც ფასიანი იყო და შემოსული თანხით, 960 ლარით 36 ხე ვიყიდეთ. ეს იყო ცაცხვი, ნეკერჩხალი და ა.შ. კალაძის განცხადების მერე მივედი და 36-ვე ხე შევამოწმე - იქ არის და ყვავის. შემეშინდა, ხომ არ გამიხმეს ის ხეები რეაბილიტაციის დროს-მეთქი. შემიძლია მიგიყვანოთ, გაჩვენოთ და დაგათვლევინოთ - 4 არა, 36 ხე იყო. როგორც ჩანს, მე მგულისხმობდა. წითელ ბაღში სხვას არავის დაურგავს ხე, მე დავრგე. ძალიან კარგად იციან, რომ რეაბილიტაციის დროს ვერ შეეხებიან იმ ხეებს...

კახა კალაძეს ვურჩევ: როდესაც არგუმენტირებული კრიტიკა ისმის, პასუხი არგუმენტირებულად უნდა გასცე, თუ პასუხები გაქვს. როდესაც ორღობის ჭორიკანასავით ილანძღები, ეს იმას ნიშნავს, რომ იქ რაღაც სუფთად არ არის. რაც შეეხება ჩემს ხეებს, წავიდეს, სათითაოდ დათვალოს. ყველა გახარებულია, ყვავის და იზრდება. მე შემიძლია წავიყვანო კახა კალაძე და „ქართული ოცნების“ მიერ დარგული მილიონი ხე ვანახო, როგორ არის გამხმარი“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო