განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრს, რომელსაც თამარ სანიკიძე ხელმძღვანელობდა, აუდიტის სამსახური შეამოწმებს, აუდიტორები შესაძლოა, გამოცდების ეროვნულ ცენტრშიც შევიდნენ

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, რომლის ხელმძღვანელი თამარ სანიკიძე განათლების მინისტრმა რამდენიმე კვირის წინ გაათავისუფლა, აუდიტის სამსახური შეამოწმებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა განუცხადა.

როგორც ჯაში აცხადებს, თამარ სანიკიძის ყოფილ უწყებაში სისტემური ხარვეზები იყო, რის გამოც განათლების სამინისტრომ მისი შემოწმების გადაწყვეტილება მიიღო. ჯაში არ გამორიცხავს, რომ ასევე შეიძლება შემოწმდეს შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი და განათლების სამინისტროს სხვა სსიპ-ები.

„ჩვენი მთავარი პრობლემა არის არსებული სისტემური ხარვეზები. რადიკალური საკადრო გადაწყვეტილებებიც მინისტრმა იმიტომ მიიღო, რომ ვფიქრობ, მას სჭირდება ახალი გუნდი, რომელიც გაყვება ახალ ხედვაში. თუნდაც ის, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ ავტორიზაციის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ სრული ნდობა არსებობდა თამარ სანიკიძის მიმართ, პროცესი აჩვენებს, რომ იყო არაერთი ხარვეზი. ეს ხარვეზები ჩვენამდეც მოდიოდა, მაგრამ ჩვენ გვარწმუნებდნენ, რომ ობიექტურობა სრულიად დაცული იყო. იკვეთება არაერთი ხარვეზი, იკვეთება სუბიექტივიზმი - სტანდარტები დასახვეწია, დამატებითი სამუშაო არის საჭირო... ჩვენი მთავარი მიზანი პროცესის შეცვლაა, ხოლო საკადრო ცვლილება ერთ-ერთი ეტაპია.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თითოეული პროგრამის, თითოეული პრიორიტეტის მიმართულებით განხორციელდება გარკვეული შეფასება, რომ სამინისტროს ახალ ხელმძღვანელობას ჰქონდეს ზუსტი სურათი, რა სიძლიერეები აქვს არსებულ განათლების სისტემას, სად არის სუსტი მხარეები და სად უნდა ვიმუშაოთ პროცესების დასახვეწად. რა ტიპის შეფასება მოხდება გამოცდების ეროვნულ ცენტრში, კონკრეტიკა განათლების სამინისტროს გადასაწყვეტია. მე ვიცი, რომ გადაწყვეტილება მიღებულია ხარისხის განვითარების ცენტრში აუდიტის შესვლასთან დაკავშირებით, მაგრამ რაღაც ტიპის შეფასებითი პროცესი ყველა სსიპ-ში დაიწყება“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა და დასძინა: „ამ ეტაპზე აუდიტის მთავარი მიზანი არის არსებული პროცესის შეფასება. ხარისხის განვითარების ცენტრში ერთ-ერთი მთავარი ავტორიზაციის პროცესია, თუმცა არის ასევე არაერთი სხვა მიმდინარე მნიშვნელოვანი რეფორმა. დღეს ჩვენ კონცენტრირება უნდა გავაკეთოთ სისტემის ძლიერ და სუსტ მხარეებზე და სუსტი მხარეების გამოძიებაზე“.

კითხვაზე: ხომ არ არის მოსალოდნელი აუდიტის დასკვნის შემდეგ გამოძიება მთავარმა პროკურატურამაც დაიწყოს, ჯაში აცხადებს: „ის, რომ შესაძლოა გამოძიება დაიწყოს ასევე მთავარ პროკურატურაში, ასეთი განცხადება ჩემი მხრიდან უპასუხისმგებლობა იქნება, ძალიან ნაადრევია ამაზე საუბარი. აუდიტი არის ძალიან კარგი ინსტრუმენტი სისტემაში პროსცესების შესაფასებლად. აუდიტი ემსახურება არა მხოლოდ ფინანსურ ინსპექტირებას, სისტემის გაუმჯობესების მიზნებსაც“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ცნობისთვის, 2018 წლის 10 სექტემბერს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის გადაწყვეტილებით, მინისტრის მოადგილეები თემურ მურღულია და ლია გიგაური თანამდებობიდან გათავისუფლდნენ. ამავე დღეს გაათავისუფლეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი, საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი მანანა მიქაბერიძე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მინინოშვილი.

განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, მას უწყებაში პრობლემები დახვდა. კერძოდ, მისი თქმით, პრობლემები იყო გრიფირების პროცესთან და სკოლებში არსებულ ტექნიკურ სხვადასხვა დარღვევებთან დაკავშირებით.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი