იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი, რომლის თანახმად, თვისობრივად ახლებურად ჩამოყალიბდა პროკურატურის სისტემა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, კონსტიტუციის ბოლო ცვლილებები იწვევს პროკურატურის სრულ დამოუკიდებლობას საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როგორც კი პრეზიდენტი ფიცს დადებს, ამიტომ საჭიროა არჩევნების ჩატარებამდე კანონი იყოს მიღებული.

„ძირითადი პრინციპი არის ის, რომ პროკურატურის იუსტიციის სამინისტროსგან გამოყოფის შემდეგ, დამოუკიდებლობის პირობებში, მას ექნება ძირითადად ყველა ის ფუნქცია, რასაც დღეს ინაწილებდა იუსტიციის სამინისტროსთან ერთად. კანონპროექტში გაწერილია ის უფლებამოსილება, რომელიც უკავშირდება საერთაშორისო თანამშროლობის ფარგლებში ექსტრადიციის, დაკავების, სასამართლო განხილვის და სხვა საკითხებს. ასევე, კანონპროექტში არის საკითხები, რომელიც ეხება პროკურატურის თანამშრომლების მიღებას, დათხოვას, ეთიკის სტანდარტებსა და დამატებით სათათბირო საბჭოებს“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

საპროკურორო საბჭოზე საუბრისას, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საკითხი არ არის დახურული და კანონპროექტი პირველი მოსმენის შემდეგ ვენეციის კომისიაში გაიგზავნება.

„ეს არ არის დახურული თემა. როცა გვექნება ვენეციის კომისიის დასკვნა, მივუბრუნდებით საპროკურორო საბჭოსთან დაკავშირებულ საკითხს, რომ კარგად გავაანალიზოთ რა შეიძლება იყოს უკეთესი საბჭოს საქმიანობისთვის როგორც შემადგენლობის შერჩევის, ასევე მანდატისა და უფლებამოსილებების კუთხით“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სხდომაზე გამოთქმული დათქმებისა და შენიშვნების გათვალისწინებით მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას. კომიტეტმა განიხილა „დასაბეგრი ბაზრის შემცირებისა და მოგების გადატანის აღკვეთის მიზნით საგადასახადო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებების დანერგვის შესახებ" მრავალმხრივი კონვენცია.

კონვენცია საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა წარმოადგინა. მისი განმარტებით, დოკუმენტს ხელი 2017 წელს მოეწერა და მას უკვე 80-ზე მეტი ქვეყანა მიუერთდა.

„კონვენციის შესაბამისად, იცვლება ორმაგი დაბეგვრისგან თავის არიდების ხელშეკრულებების ნაწილი. ეს ეხება პრეამბულას, სადაც აღინიშნება, რომ გადასახადებისგან თავის არიდება უნდა იქნას აღკვეთილი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. გარდა ამისა, შემოდის ახალი მექანიზმი დავის გადაწყვეტისთვის. თუ აქამდე კომპეტენტურ ორგანოდ ითვლებოდა იმ ქვეყნის საგადსახადო ორგანო, სადაც წარმოიქმნებოდა დავა, ახლა გადამხდელს შეუძლია მიმართოს ორივე ქვეყნის საგადასახადო ორგანოს, მათ შორის იმ ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს, რომლის რეზიდენტიც არის და საგადასახადო ორგანოები სამუშაო პროცესში, ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას. ეს, რა თქმა უნდა, ბიზნესისათვის დამატებით დაცვით მექანიზმებს ქმნის“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. მისივე თქმით, კონვეციის რატიფიცირება არ გამოიწვევს კანონმდებლობაში ცვლილებების განხორციელებას.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კონვენციის რატიფიცირებას პარლამენტის მიერ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტი „საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ“, რომლის ინიციატორია საპარლამენტო ფრაქცია ,,საქართველოს პატრიოტები“. რეზოლუციის პროექტი სხდომაზე ფრაქციის წევრმა, ირმა ინაშვილმა წარმოადგინა.

„ჩვენი ვალია, რომ ამ რეზოლუციას დაუჭიროს მხარი კომიტეტმაც და შემდეგ გავიტანოთ პლენარულ სხდომაზე იმიტომ, რომ თუ ჩვენ არ შევაფასებთ მმართველობას, რომელიც ამ ქვეყანაში იყო დამკვიდრებული სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობის პერიოდში - 2004-2012 წლებში, თუ ჩვენ ამას არ მივცემთ სამართლებრივ, მკაფიო და კონკრეტულ შეფასებას, ჩვენ ვერ დავაღწევთ თავს ფარული სამოქალაქო ომის პირობებში ცხოვრებას. რეზოლუცია ითვალისწინებს იმას, რომ დავეყრდნოთ პარლამენტის მიერ მიღებულ დადგენილებებს. ერთი დადგენილება ეს არის პოლიტპატიმრების და პოლიტდევნილების შესახებ, ხოლო მეორე დადგენილებაა წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების სამართლებრივი შეფასების შესახებ“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

პარლამენტის წევრმა კოლეგებს რეზოლუციის პროექტი გააცნო. დოკუმენტის თანახმად, საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა უნდა გამოცხადდეს სააკაშვილ- ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად; ექვსი თვის ვადაში პასუხისმგებლობა დაეკისროს სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივი რეჟიმის ყველა მთავარ ფიგურანტს, სათანადოდ დაისაჯონ ყველა რეზონანსული საქმის დამნაშავე პირები; საქართველოს პარლამენტმა უზრუნველყოს ამ რეზოლუციის აღსრულების ოპერატიული კონტროლი.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სხდომაზე მოწვეული იყო საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ნადარეიშვილი, რომელმაც დეპარტამენტის საქმიანობაზე ისაუბრა.

მისი განაცხადებით, დეპარტამენტში დაახლოებით 10 ათასი საჩივარ-განცხადებაა აღრიცხული, საიდანაც 700 ეხებოდა ქონების უკანონო ჩამორთმევას, დანარჩენი სხვადასხვა ტიპის იყო. ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, დეპარტამენტი 450 სისხლის სამართლის საქმეზე აწარმოებს გამოძიებას.

„გაწეული მუშაობის შედეგად, 162 მოქალაქე არის დაზარალებულად ცნობილი და მათზე 44 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონებაა დაბრუნებული“, - აღნიშნა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსმა.

ირაკლი ნადარეიშვილმა სხდომის მონაწილეებს დეპარტამენტის საქმიანობის სტატისტიკური მონაცემები გააცნო და ისაუბრა რეზოლუციის პროექტში ასახულ მოვლენებთან დაკავშირებით რამდენ საქმეზეა დასრულებული სასამართლო პროცესი, რამდენი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი და საჯარო მოხელეა გასამართლებული უკვე და რამდენია მიმდინარე საქმე.

კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ რეზოლუციის პროექტს მომდევნო სხდომაზე უყაროს კენჭი. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოისმინა არბიტრაჟის კვლევის შედეგები, რომელიც სხდომაზე ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროგრამის კოორდინატორმა, რუსუდან ტუშურმა წარმოადგინა.

„საკითხის განხილვის მიზანი იყო იმის დადგენა, რეალურად მიღწეული იქნა თუ არა 2015 წელს არბიტრაჟის შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებებისას დასახული მიზანი. აღნიშნულ საკითხზე კვლევის ჩატარება გადაწყდა იმის გამო, რომ არბიტრაჟი მნიშვნელოვანი წინაპირობაა ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, რადგან ბიზნესისთვის ის შეიძლება იყოს დავის გადაწყვეტის ძალიან სწრაფი და მოქნილი საშუალება, რომლის დროსაც მხარეებს უფრო მეტი კონტროლი აქვთ მთლიანად პროცესზე და შეუძლიათ მათთვის მისაღებ ფორმატში, მათთვის მისაღებ დროში მიიღონ კონკრეტული გადაწყვეტილება“, - განაცხადა რუსუდან ტუშურმა.

მისივე განცხადებით, საქართველოში არბიტრაჟის საქმეების 95%-ი დაკავშირებულია სამომხმარებლო არბიტრაჟთან. სხდომაზე წარმოდგენილი იყო ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამისთვის CRRC საქართველოს მიერ მომზადებული კვლევა „არბიტრაჟის სამართლებრივი და პრაქტიკული ასპექტების მიმოხილვა საქართველოში“, სადაც ასახულია კვლევის კონკრეტული შედეგები, დასკვნები და რეკომენდაციები. გაიმართა დისკუსია არსებული გამოწვევების დაძლევისთვის საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების საჭიროებაზე. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო ფორმატში მუშაობა გაგრძელდება, მათ შორის ფართო ჩართულობით. კომიტეტმა წარმოდგენილი კვლევის შედეგები ინფორმაციად მიიღო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა