იურიდიული კომიტეტი “ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების თაობაზე რეზოლუციის პროექტის სულისკვეთებას იზიარებს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლები “ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ მიერ შეთავაზებული რეზოლუციის პროექტის სულისკვეთებას იზიარებენ, თუმცა პროექტის კორექტირების საჭიროებას ხედავენ.

“საქართველოს პატრიოტების“ მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტის განხილვას დღეს მეორე საკომიტეტო სხდომა დაეთმო, თუმცა კენჭისყრა დოკუმენტის კორექტირებისა და მასში ასახულ ფორმულირებებზე შეთანხმების მოტივით გადაიდო.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა, რეზოლუციის პროექტში არსებობს სამართლებრივი შეუსაბამობა, რაც დაზუსტებას საჭიროებს.

“პარლამენტს აქვს უფლება რომელიმე საქმეზე გამოძიების დაწყება მოითხოვოს, მაგრამ არა აქვს უფლება მოითხოვოს კონკრეტული პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება და მისი დამნაშავედ გამოცხადება. კონკრეტული გვარების დასახელება და პარლამენტმა დავალება გასცეს, რომ ესა თუ ის პირი დამნაშავედ გამოცხადდეს და დაისაჯოს, კონსტიტუციის პრინციპს ეწინააღმდეგება“, - განაცხადა ბესელიამ.

ბესელიამ დღეს ისიც აღნიშნა, რომ წინა მოწვევის პარლამენტმა საკუთარი დადგენილებით “ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა შეაფასა და “საქართველოს პატრიოტების“ მიერ შემუშავებული დოკუმენტი შინაარსობრივად პარლამენტის მიერ მიღებულ დადგენილებას იმეორებს.

კომიტეტის კიდევ ერთი წარმომადგენლის, გედევან ფოფხაძის აზრით, პარლამენტმა რეზოლუციის მხარდაჭერაზე გადაწყვეტილება იმის მიხედვით შეიძლება მიიღოს, თუ როგორი სამართლებრივი შედეგი დადგება რეზოლუციის მიღების შემდეგ. ფოფხაძის განმარტებით, წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადება სამართლებრივად იმას ნიშნავს, რომ დამნაშავედ უნდა გამოცხადდნენ არა მხოლოდ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები, არამედ ყველა ის ადამიანი, ვინც პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო და ვისაც რაიმე თანამდებობა ეკავა, აეკრძალოს მათ საჯარო სექტორში სამსახური და პასიური საარჩევნო უფლება.

თავად “პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა კომიტეტს მოუწოდა, არ შეეშინდეთ შეფასების - “დანაშაულებრივი რეჟიმი“ გამოყენება, ხოლო მისი თანაგუნდელი ემზარ კვიციანი გამოვიდა ინიციატივით, რომ შეფასება - “დანაშაულებრივი რეჟიმი“, “ტერორისტული რეჟიმით“ შეიცვალოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა