სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატები ამჯერად სასამართლოს  მიმართავენ, შემთხვევის ადგილზე მალხაზ კობაურის ჩაყვანა მოხდეს

ექსპერტიზის კომპლექსური პასუხებით, არანაირი ბიოლოგიური შემხებლობა მალხაზ კობაურს ცხედრებთან არ აქვს,- ამის შესახებ ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის მალხაზ კობაურის ადვოკატებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

ადვოკატების თქმით, ისინი საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებას ითხოვენ იმის დასადგენად, რამდენად შეეძლო მალხაზ კობაურს იმავე წონის პიროვნებების გადაადგილება. ადვოკატების მოთხოვნაა, რომ მოხდეს იმის გადამოწმება, რამდენად გაიგებდნენ სხვა პირები გასროლის ხმას. აღნიშნული მოთხოვნით მალხაზ კობაურის ადვოკატები დღეს სასამართლოს მიმართავენ.

„მოსულია კომპლექსური ექსპერტიზის პასუხები, რომელიც ისეთია, როგორსაც დაცვის მხარე ვარაუდობდა: არანაირი ბიოლოგიური შემხებლობა მალხაზ კობაურს ცხედრებთან არ აქვს. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ კობაურის პირდაპირი შემხებლობა ამ დანაშაულთან აბსოლუტურად არ დასტურდება. ძალიან უსუსურ მდგომარეობაშია ბრალდების მხარე. ხელში შერჩენილი აქვს მხოლოდ კობაურის არათანმიმდევრული ჩვენება. ჩვენ გვინდა, იმის გადამოწმება მოხდეს, თუ რამდენად რეალურ ფაქტებზე მიუთითებს კობაური თავის ჩვენებაში, თუმცა გამოძიებამ ვერ აიღო პასუხისმგებლობა საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებაზე. ამის გამო, დღეს დაცვის მხარე მიმართავს სასამართლოს და მოითხოვს, სასამართლოს მეშვეობით მოხდეს კობაურის ადგილზე ჩაყვანა. ამაზე არათუ ბრალდების მხარე, არამედ სასამართლო აიღებს პასუხისმგებლობას," - განაცხდა ალექსანდრე კობაიძემ.

აღსანიშნავია, რომ ადვოკატებს კომპლექსური ექსპერტიზის პასუხები მატერიალური სახით ხელთ არ აქვთ, თუმცა მათივე განმარტებით, ამას „ობიექტური მიზეზი აქვს“. ადვოკატ ვასილ მამულაშვილის თქმით, მათ არ სურთ, რომ ბრალდების მხარისთვის მათ მიერ მოპოვებული მნიშვნელოვანი მტკიცებულებები გაცხადდეს.

„მატერიალური სახით კომპლექსური ექსპერტიზის პასუხები ხელთ არ გვაქვს და ამას თავისი ობიექტური მიზეზები აქვს. ჩვენ უკვე გავდივართ დასკვნით ფაზაში. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ მოვითხოვთ 83-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებების გაცვლას, ასევე ბრალდების მხარის მხრიდან თანხვედრი მოთხოვნა იქნება, რომ ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებულებების გადაცემა მოხდეს. შესაბამისად, ამ დაცვის სტრატეგიიდან გამომდინარე, ჩვენ ისეთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებები გვაქვს მოპოვებული, რომელზეც ვთვლით, რომ საჭირო არ არის ამ ეტაპისთვის ბრალდების მხარისთვის გაცხადეს", - განაცხადა ვასილ მამულაშვილმა.

წინა ექსპერტიზის პასუხები, რომლის მიხედვითაც ლორა სმიტის სხეულში მალხაზ კობაურის ბიოლოგიური პროფილი იქნა აღმოჩენილი, კობაურის ადვოკატების თქმით, კითხვებს აჩენს. როგორც ვასილ მამულაშვილი განმარტავს, შეუძლებელია, რომ გარდაცვლილი ადამიანის სხეულში 2-3 დღის შემდეგ სპერმის კვალი ყოფილიყო აღმოჩენილი. ამასთან დაკავშირებით, დაცვის მხარე ექსპერტიზის ჩატარებას ხელმეორედ გეგმავს. ადვოკატების მოთხოვნით, მალხაზ კობაურს ექსპერტიზა იმის დასადგენადაც ჩაუტარდება, შეეძლო თუ არა მას ქალთან სექსუალური კავშირის დამყარება.

„ლორა სმიტი ნაპოვნია გარდაცვალებიდან დაახლოებით 2-3 დღის შემდეგ. ჩვენ გვაქვს შესაბამისი კომპეტენტური პასუხები, რომ ადამიანის ორგანიზმში გარდაცვალების შემდეგ ისეთი პროცესები მიმდინარეობს, რომელიც გამორიცხავდა იმ დროისათვის სპერმის არსებობას. ამაზე შესაბამისი ექსპერტიზა ჩვენი მხრიდანაც ჩაინიშნება უახლოეს მომავალში,"- განაცხადა ვასილ მამულაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატები ამჯერად სასამართლოს მიმართავენ, შემთხვევის ადგილზე მალხაზ კობაურის ჩაყვანა მოხდეს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო