მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამა - შინაგან საქმეთა მინისტრი დამპირდა, რომ სიტუაციაში გაერკვევა

შინაგან საქმეთა მინისტრი დამპირდა, რომ სიტუაციაში გაერკვევა, - ამის შესახებ თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მამამ, მამუკა ნაცვლიშვილმა შს მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მამუკა ნაცვლიშვილმა განაცხადა, მან მინისტრისგან მოითხოვა მისი შვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებული ლადო გრიგალაშვილის მამის სამსახურიდან გათავისუფლება.

ამასთან, მამუკა ნაცვლიშვილის თქმით, ის გამოძიებას ნდობას უცხადებს.

„ლადო გრიგალაშვილის მამა დღესაც მუშაობს სამართალდამცავ უწყებაში. ის მუშაობს მეტროში პოლიციელად და მათ ევალებათ კონტროლი, ხომ არ აქვს მოქალაქეს უკანონო ნივთი და თუ დანა გაქვს, დაგაჯარიმებენ დანის ტარების გამო. მას არ აქვს მორალური უფლება ვინმე დააჯარიმოს დანის ტარების გამო, რადგან მისმა შვილმა 25- სანტიმეტრიანი დანა გამოიყენა.

მე ვითხოვ მის სამსახურიდან გათავისუფლებას. მინისტრმა გულდასმით მომისმინა და შემპირდა, რომ სიტუაციაში გაერკვევა. მე მჯერა, რომ საჩემოდ გაერკვევა სიტუაციაში", - განაცხადა მამუკა ნაცვლიშვილმა.

ამასთან, ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ ლადო გრიგალაშვილის მამას გამოძიებაზე ზემოქმედების მოხდენა არ შეუძლია და მისი მოთხოვნა მხოლოდ მორალური კუთხით არის განპირობებული.

თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი 22 თებერვალს მოკლეს. მას ყელის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული და ასევე დაზიანებები აღენიშნებოდა თავის არეში. პოლიციამ ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით ლადო გრიგალაშვილი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს