ლევან ყიფიანის ინფორმაციით, ზაზა ოქუაშვილს და ბიძინა ივანიშვილს შორის შეხვედრა  ოქუაშვილის თხოვნის შესაბამისად შედგა

სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის ინფორმაციით, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელს, ზაზა ოქუაშვილს და ბიძინა ივანიშვილს შორის შეხვედრა ზაზა ოქუაშვილის თხოვნის შესაბამისად შედგა. ამის შესახებ ყიფიანი პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში აღნიშნავს.

როგორც ყიფიანი ჩვენებაში აცხადებს, „ეს იყო წმინდად ბიზნესის ორი წარმომადგენლის შეხვედრა“.

„2015 წლიდან, მას შემდეგ რაც დავტოვე მინისტრის თანამდებობა, მუშაობა დავიწყე „ომეგა ჯგუფში“. ჩემს უშუალო მოვალეობას წარმოადგენდა საქართველოს სახელისუფლებო ორგანოებთან, ინსტიტუტებთან კლიენტის ბიზნესის საქმიანობაში მხარდაჭერა, ჩემს პირად პასუხისმგებლობას და ვალდებულებას წარმოადგენდა ჯგუფში შემავალი ნებისმიერი კომპანიის ინტერესების დაცვა დანაკარგებისა და ხარჯების თავიდან აცილება. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში მე ვახორციელებდი ჩემს საქმიანობას. იმ პერიოდისთვის კომპანიის საქმიანობისას პრობლემატური იყო უცხოური კომპანიების მხრიდან დემპინგური ფასები, რაც საფრთხეს უქმნიდა თამბაქოს ადგილობრივ წარმოებას და შესაბამისად, საფრთხე ექმნებოდა „ომეგა ჯგუფის“ საქმიანობას და დასაქმებულ მუშახელს. ამ მიზნით მე დავაორგანიზე შეხვედრა იმდროინდელ ბიზნესომბუდსმენთან გიორგი გახარიასთან და ბატონ ბიძინა ივანიშვილთან. გიორგი გახარია ამ პერიოდისთვის მუშაობდა ბიზნეომბუდსმენის თანამდებობაზე და მიმაჩნია, რომ იყო საკმაოდ წარმატებული თავის საქმიანობაში. მე არაერთხელ შევსწრებივარ მთავრობის სხდომებზე, როდესაც ხდებოდა გარკვეული საკითხების განხილვა, ყოველთვის იყო საუბარი, რომ გიორგი გახარია აქტიურად იყო ჩართული ყველა პრობლემატური საკითხის მოგვარებაში და ყველა შემთხვევაში იცავდა მეწარმის ინტერესებს. ამ მიზნით იგი ამყარებდა კავშირებს ადმინისტრაციულ ორგანოებთან და ცდილობდა მეწარმის პოზიციების მაქსიმალურად დაცვას.

რაც შეეხება ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მასთან შეხვედრა მოხდა უშუალოდ ზაზა ოქუაშვილის თხოვნით. ეს იყო წმინდად ბიზნესის ორი წარმომადგენლის შეხვედრა. საუბარი შეეხო ზოგადად ქართულ წარმოებას და იმ პრობლემებს, რაც ქართულ თამბაქოს გააჩნდა. გამომდინარე იქედან, რომ ყველასთავის ცნობილია ბატონი ბიძინას დამოკიდებულება ქვეყნის განვითარების და ქვეყანაში ქართული წარმოების მიმართ, ზაზა ოქუაშვილი სწორედ ამ მიზნით იყო ბატონ ბიძინასთან მისული. მან გააცნო საკუთარი ხედვა ქართული თამბაქოს წარმოების განვითრების შესახებ. კერძოდ, იდეა შეეხებოდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ქართული თამბაქოს გაშენებას და ზოგადად ამ დარგის აღორძინებას, რაც საკმაოდ დიდ ინვესტიციას მოითხოვდა, რაზეც ბატონმა ბიძინამ აღუთქვა დახმარება. კერძოდ, განუმარტა, რომ ზაზა ოქუაშვილს შეედგინა საკუთარი გეგმა და ხედვა გაეწერა როგორ ესახებოდა ქართული თამბაქოს განვითარება, რაც თავის მხრივ შექმნიდა დამატებით სამუშაო ადგილებს და ბატონი ბიძინა გამოთქვამდა მზაობას დახმარებოდა ზაზა ოქუაშვილს. აღნიშნულ საკითხზე და საერთო ბიზნესის განვითარებაზე იყო კიდევ საუბრები და ფაქტობრივად ბატონი ბიძინა გამოთქვამდა მზაობას დაგვხმარებოდა აღნიშნულ ბიზნესში. იგი ვერ უწევდა უცხოურს კონკურენციას, იყო დემპინგური ფასები. ასევე თუ სწორად მახსოვს საუბარი იყო რაღაც კრედიტთან დაკავშირებით. ცხადია, მე მქონდა პირადი დაინტერესებაც, რადგან ამ ბიზნესის განვითარების შემთხვევაში მე ვხვდებოდი აღნიშნული ბიზნესის მოწილე, შესაბამისად, ამ პროექტის განვითარებისთვის არაერთხელ შევხვდი ბატონ ბიძინას პირადად“, - აღნიშნავს ყიფიანი პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა