ლევან ყიფიანი იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც „თიბისი ბანკიდან“ 4 მილიონის გატანის დღეს ოთარ ფარცხალაძეს ტელეფონით ინტენსიურად ესაუბრებოდა

სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის განცხადებით, 2016 წლის 21-22 აპრილს, მაშინ, როდესაც „თი ბი სი ბანკიდან“ „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენლებმა სოლიდური თანხა გაიტანეს, ის პირადად რამდენჯერმე ესაუბრა ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს და მას თანხის გატანისას დახმარება სთხოვა.

თუმცა, ამავე ჩვენებაში ყიფიანი ამბობს, რომ საბოლოოდ, ფარცხალაძის დახმარება მათ არ დასჭირდათ. ასევე ყიფიანი აცხადებს, რომ მას ბანკში ყოფნისას მაღალი თანამდებობის სახელმწიფო მოხელეებთან რაიმე სახის კომუნიკაცია არ ჰქონია.

„მედიაში გასულ ინფორმაციას, რომ მე საუბრები თითქოს მქონდა გიორგი გახარიასთან, არ ვადასატურებ; რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძეს, როგორც აღვნიშნე, მე საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს ოთართან და იმ დღესაც ბანკში მისვლამდე და ბანკში ყოფნის პერიოდში, არაერთი საუბარი მქონდა მასთან. ვინაიდან ვიცოდი, რომ ოთარი იყო ბიზნესით დაკავებული და საბანკო სექტორში ჰყავდა ბევრი ნაცნობი, მას ვთხოვდი, რომ დაგვხმარებოდა სს „თიბისი ბანკი“-დან თანხის გამოტანაში. დახმარება შეიძლება დაგვჭირვებოდა იმ ფაქტის გამო, რომ საკმაოდ გვიან, დაახლოებით, 17:30 საათისთვის მოგვიწია ბანკში მისვლა და შესაძლოა, ბანკს სამუშაო საათებში ვერ მოგვესწრო თანხის განაღდება და სწორედ ამ საკითხში მინდოდა ოთარის დახმარება. ოთარი დაინტერესდა, რომელ ფილიალში ვიმყოფებოდი, რა ოდენობის თანხაზე იყო საუბარი, ფიზიკური პირის თუ კომპანიის ანგარიშზე იყო თანხა ჩარიცხული, ამ მიზნით ჩვენს შორის შედგა რამოდენიმე სატელეფონო საუბარი, თუმცა ბოლოს „თიბისი ბანკის“ მხრიდან არ შეიქმნა არანაირი პრობლემა და შესაბამისად, ოთარის დახმარება არ გახდა საჭირო, რის შესახებაც შევატყობინე კიდეც მას. შესაბამისად, არც ოთარ ფარცხალაძე და არც სხვა რომელიმე ამ თანხის განაღდებაში არ დაგვხმარებია, რადგან როგორც აღვნიშნე, დახმარება არც იყო საჭირო - ბანკმა გამოთქვა მზაობა, რომ მოეხდინა ანგარიშზე არსებული თანხის გაცემა ჩვენთვის“, - აღნიშნულია ყიფიანის ჩვენებაში.

გამომძიებლის კითხვაზე: 2016 წლის 21-22 აპრილს „თიბისი ბანკიდან“ გატანილი თანხა ხომ არ იყო საერთო ბიზნესის ასაწყობად საჭირო თანხა? ყიფიანი პასუხობს: „როგორც აღვნიშნე, ზაზა ოქუაშვილი საკმაოდ ხშირად ახდენდა მსგავსი მეთოდით თანხის განაღდებას და ფაქტობრივად, ოპერირებდა „ქეში ფულით“, შესაბამისად, ეს შემთხვევაც იყო ერთ-ერთი რიგითი შემთხვევა. მე, რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავდი, რომ ნაწილი თანხისა მოხმარებოდა საერთო ბიზნესს, თუმცა რაიმე წინასწარი დაპირება არ ყოფილა. იყო მხოლოდ საუბრები ზაზას მხრიდან, რომ თანხას მალე ჩარიცხავდა, თუმცა ის რომ შპს „ოლიმპუსის“ ანგარიშზე ჩარიცხული თანხა ჩვენს ბიზნესს უნდა მოხმარებოდა, მსგავსი საუბარი არ ყოფილა. აღნიშნული თანხა სრულად მოხმარდა ზაზას პირადი ბიზნესის განვითარებას ე.წ. „შოურუმების“ მშენებლობას და მცხეთაში სასტუმროს მშენებლობას“, - აღნიშნულია ყიფიანის ჩვენებაში.

ასევე გამომძიებლის კიხვაზე: კონკრეტულად რა მიზნით და ვისი დავალებით გაყვა ასანიძეს, ქურდაძეს, ხაჩიშვილს და ფანქველაშვილს 2016 წლის 21-22 აპრილს „თი ბი სი ბანკში“, ყიფიანი პასუხობს: „ზაზა ოქუაშვილი 2016 წლის აპრილის შუა რიცხვებიდან იმყოფებოდა ლონდონში. წასვლამდე მან მთხოვა დავხმარებოდი ბიჭებს (ომეგას თანამშრომლებს) კომპანიის მართვაში, სახელმწიფო და საბანკო სექტორთან ურთიერთობაში, რათა წარმოების ნორმალურ ფუნქციონირებას ხელი არ შეშლოდა. იმ პერიოდისათვის ზაზას სურვილი იყო მოეხდინა ინვესტირება „ომეგა მოტორსის“ საქმიანობის სფეროში. ამ მიზნით მიმდინარეობდა „მაზერატის შოურუმის“ რემონტი, რომ მომხდარიყო ავტომანქანების ბიზნესის კიდევ უფრო განვითარება. სწორედ ამ საქმიანობისათვის თვალის დევნება მთხოვა ზაზამ, მანვე მითხრა, რომ ინვესტირებისათვის მოახდენდა თანხის ჩარიცხვას და ვინაიდან საკმაოდ დიდი თანხა იყო მთხოვა გავყოლოდი ბიჭებს (ქურდაძეს, ასანიძეს), რომ ბანკში რაიმე პრობლემა არ შექმნოდათ“, - აცხადებს ჩვენებაში ყიფიანი“, - აღნიშნავს ყიფიანი ჩვენებაში.

ამავე ჩვენებაში ყიფიანი ამბობს, რომ „თანხა ანგარიშზე იქნა მობილიზებული უშუალოდ ზაზა ოქუაშვილის მიერ“.

„რა თანხა იყო და რომელი ბიზნესიდან მიღებული იყო ეს თანხა, ჩემთვის უცნობია. რაც შეეხება თანხის გატანას, როგორც მოგახსენეთ, ბანკმა უზრუნველყო ჩვენთვის თანხის გადმოცემა და ამ პროცესში სხვას არავის, გარდა კომპანიის დირექტორებისა: ხაჩიშვილის და ფანქველაშვილისა, მონაწილეობა არ მიუღია. არავის მხარდაჭერა ამ საკითხში არ გვჭირდებოდა, რადგან კომპანიის ანგარიშზე იყო თანხა ჩარიცხული და ამ კომპანიის დირექტორები იყვნენ მისულები თანხის წასაღებად. შესაბამისად, თანხის არგაცემის სამართლებრივი საფუძველი ბანკს არ გააჩნდა“, - აღნიშნავს ჩვენებაში ყიფიანი.

ამავე ჩვენების თანახმად, ყიფიანს არც ბანკში ყოფნისას და არც მანამდე დასახელებულ პირებთან რაიმე სახის კომუნიკაცია თანხის გატანასთან დაკავშირებით არ ჰქონია.

„ომეგას“ წარმომადგენლებს, როგორც ვიცი, არ ჰქონიათ კომუნიკაცია, რადგან ის პირები, ვინც ბანკში ვიყავით, როგორც ვიცი, ხაზარაძეს და ბუცხრიკიძეს არ იცნობენ“, - აღნიშნულია ყიფიანის ჩვენებაში.

ყიფიანი ასევე დეტალურად იხსენებს თანხის გატანის პერიოდს და იმ პირებს, რომლებმაც ფული წაიღო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა