ქართული პრესის მიმოხილვა   11.10.2018

ქართულ მოიერიშე “ბორაზე” უკვე დიდი მოთხოვნაა - რომელ ქვეყნებს სურთ თვითმფრინავის შეძენა

არჩილ გამზარდია - “ეს არის პირველი არჩევნები 2012 წლის შემდეგ, როდესაც ოპოზიციას გამარჯვების რეალური შანსი აქვს”

ინვესტორები დაფრთხნენ, ქვეყანაში რაღაც საეჭვო დინებაა - წლის პირველ ნახევარში კაპიტალდაბანდება 10%-ით შემცირდა

* * *

ქართულ მოიერიშე “ბორაზე” უკვე დიდი მოთხოვნაა - რომელ ქვეყნებს სურთ თვითმფრინავის შეძენა

“საქართველო ახალ მოიერიშე თვითმფრინავს, “ჯე-31 ბორა”-ს 2020 წლისთვის ამზადებს, რომელიც “სუ-25”-ის განახლებული ვერსია იქნება და პროექტის წარმატებული რეალიზების შემთხვევაში, შესაძლოა ითქვას, რომ ის ისეთივე მოთხოვნადი იქნება, როგორიც “სუ-25”-ია. საქართველოსთვის კი ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება, როგორც სამხედრო მრეწველობისთვის, ასევე სამუშაო ადგილების შექმნასა და სახელმწიფო ბიუჯეტისთვისაც”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ქართულ მოიერიშე “ბორაზე” უკვე დიდი მოთხოვნაა - რომელ ქვეყნებს სურთ თვითმფრინავის შეძენა.

“საქართველო არის მოიერიშე თვითმფრინავების მწარმოებელი ქვეყანა. საბჭოთა პერიოდიდან “სუ-25”-ის მწარმოებელი ოფიციალურად “თბილავიამშენია”. ახალი თვითმფრინავი იქნება, ფაქტობრივად, “სუ-25”-ის განახლებული ვერსია, რომელსაც ექნება გაცილებით თანამედროვე ავიაონიკა და განახლებული ძრავები. ქარხანა აქტიურად მოშაობს ამ თემასთან დაკავშირებით. ახალი ქართული თვითმფრინავი ისეთივე მოთხოვნადი იქნება, როგორი მოთხოვნადიც არის მსოფილიოში “სუ-25” - ასე რომ, შესაძლებელია კონკურენციის გაწევა თავის კლასში, ვგულისხმობ უშუალო საავიაციო მხარდაჭერის თვითმფრინავებს, როგორიც „სუ-25” არის... კონკრეტულად სამხედრო თვალსაზრისით, თავდაცვის სამინისტროს ავიაციის განვითარების საკითხში არ ვეთანხმები, თუმცა რაც შეეხება ზოგადად ქვეყნისთვის სარგებელს, ეს არის სამხედრო მრეწველობის მაღალი ტექნოლოგიების განვითარება, სამუშაო ადგილები და ბიუჯეტში შენატანი” - აღნიშნავს გამოცემასთან საუბრისას ბრიგადის გენერალი და ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე. მან ”თბილავიამშენს” წარმატება უსურვა და დასძინა, რომ წარმოება-მრეწველობის თვალსაზრისით, სამხედრო სფერო და მაღალი ტექნოლოგიები მნიშვნელოვანია, რისკენ სვლაც აუცილებელია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ახალი თვითმფრინავის კონსტრუქტორი არის ალექსანდრე ქართველიშვილი, “სუ-25”-იც ჩვენია. ამ შემთხვევაში მაინტერესებს, თუ რამდენად წარმატებით დაასრულებს “თბილავიამშენი” დაწყებულ სამუშაოებს, რაშიც მინდა მათ წარმატებები ვუსურვო. ზოგადად, წარმოება-მრეწველობა განსაკუთრებით სამხედრო სფერო და მაღალი ტექნოლოგიები ძალიან მნიშვნელოვანია” - განაცხადა ამირან სალუქვაძემ. “თბილავიმშენის” დირექტორმა ნოდარ ბერიძემ განაცხადა, რომ რამდენიმე ქვეყანასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები ძრავის შერჩევის მიზნით და ასევე დასძინა, რომ ახალ თვითმფრინავში რუსული წარმოების არც ერთი დეტალი არ უნდა იყოს. კომპანიის დირექტორმა ახალი თვითმფრინავის ღირებულებაზეც ისაუბრა, რომელიც 20 მილიონი დოლარი იქნება და აღნიშნა, რომ არსებობენ პოტენციური დამკვეთები არაბულ ქვეყნებში, აზიაში, ევროპასა და აფრიკაში, - აღნიშნულ ინფორმაციას “ბი.ემ.ჯი” ავრცელებს”, - განაგრძობს გამოცემა.

“მოიაზრება სხვადასხვა ქვეყნის წარმოების ძრავები, მათ შორის ფრანგული, ამერიკული. ეს იქნება “სუ 25”-ის მოდერნიზებული ვერსია, თუმცა, გვინდა, რომ ამ საბრძოლო თვითმფრინავში არცერთი დეტალი არ იყოს რუსული წარმოების. სხვათა შორის, “ბორა” ქართული სიტყვაა და ნიშნავს, როგორც ძლიერ ჩრდილოეთის ქარს, ასევე ქორისებრთა ჯიშის ფრინველის სახელწოდებაცაა, სწორედ აქედან გამომდინარე შევურჩიეთ ეს სახელი თვითმფრინავს. ციფრი 31 კი “თბილავიამშენის” საპატივცემოდაა შერჩეული, რაც თავისთავად 31-ე საავიაციო ქარხანას მოიაზრებს. “თბილავიამშენის” ქარხანა მოიერიშე “სუ 25”-ებს 1979 წლიდან უშვებს და დღესდღეობით ამ ტიპის თვითმფინავების ერთადერთი მწარმოებელია. მას 1000-ზე მეტი აღნიშნული ტიპის მოიერიშე აქვს დამზადებული. კომპანია ერთადგილიან და ორადგილიან სუ-25-ეს აწარმოებს, ასევე იღებს შეკვეთებს მათ კაპიტალურ რემონტზე და მოდერნიზებაზე”, - განუცხადა ნოდარ ბერიძემ ბი.ემ.ჯი-ს. მისივე განმარტებით, ქარხანაში ასევე საბრძოლო ვერტმფრენების მი-8, მი-17-ის და მი-მ-24 -ის კაპიტალურ რემონტსაც ატარებენ”, - დასძენს გამოცემა.

არჩილ გამზარდია - “ეს არის პირველი არჩევნები 2012 წლის შემდეგ, როდესაც ოპოზიციას გამარჯვების რეალური შანსი აქვს”

“სახელისუფლებო გუნდის მიმართ გაიზარდა ამომრჩევლის ნეგატიური განწყობა - “ოცნება” ასე ღიად არასდროს ყოფილა კონფრონტაციაში სექტორებთან, მედიასთან, ბიზნესთან და არასამთვრობო სექტორთან. ამას თან ერთვის ამომრჩეველის იმედგაცრუება. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, გაიზარდა კონკურენცია საპრეზიდენტო არჩევნებში. 2012 წლის შემდეგ ეს არის პირველი არჩევნები, როდესაც ოპოზიციას რეალურად აქვს გამარჯვების შანსი და ამის ერთ-ერთი მიზეზი არის “ოცნების” დაბალი რეიტინგი...”, - აცხადებს პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ეს არის პირველი არჩევნები 2012 წლის შემდეგ, როდესაც ოპოზიციას გამარჯვების რეალური შანსი აქვს” - გამზარდია.

“თანაც ოპოზიციამ მიზნად დაისახა გამარჯვება, რაც შეიძლება გარდამტეხი აღმოჩნდეს - ანუ თუ “ოცნება” ამ არჩევნებში აღმოჩნდა დამარცხებული, ეს ერთი-ორად გაზრდის ხელისუფლების ცვლილების პესპექტივას. დღემდე ეს პერსპექტივა თეორიულად არ იყო, ამიტომ არის გამალებული ბრძოლა. “ნაცმოძრაობაში” ლიდერების დეფიციტია. ამიტომ ძირითადად პროპაგანდისტულ მანევრზე არიან გადასული. მათი საარჩევნო კამპანიის წარმატება იზრდება იმის ხარჯზე, რამდენად მეტი რადიკალურად მოწინააღმდეგე ამომრჩეველი გაუჩნდება ხელისუფლებას. “ევროპულ საქრთველოს” უფრო მეტი ლიდერი ჰყავს, მაგრამ ახალი სახეების დეფიციტია. “ევროპული საქართველო” ცდილობს დააბალანსოს სიტუაცია, რომ არ იყოს მიბმული კვლავ იმ 9 წელთან, მაგრამ ეს პოლიტიკური ძალა ამომრჩევლის თვალში რჩება პასუხისმგებელი წინა ხელისუფლების მემკვიდრეობის. “ოცნება” არის ძალაუფლების შეკავების პროცესში, მაგრამ რაც უფრო მეტად იქნება კონტექსტიდან ამოვარდნილი, მით მეტი შანსი ეძლევა მოწინააღმდეგეს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდემტთან საუბრისას არჩილ გამზარდია.

“სალომე ზურაბიშვილის მიმართ ნეგატიური კამპანია უტრირებულია, რასაც კარგად იყენებს ოპოზიცია, თუმცა ასევე უტრირებულია ხელისუფლების მხრიდან მისი არაადეკვატური ქება, რათა ეს ნეგატიური კამპანია დააბალანსოს. რაც შეეხება სლოგანებს, როგორც ყოველთვის დეკორატიულ ფუნქციას ატარებს. ამ შემთხვევაშიც არც ერთ პოლიტიკურ ძალას არა აქვს ეფექტური სლოგანი, აკლია შინაგანი მუხტი, რომელიც ამომრჩეველს მოიზიდავს”, - განმარტავს პოლიტოლოგი და შეკითხვაზე - “ამ მოცემულობაში, რამდენად დიდია მეორე ტურის ალბათობა?” - პასუხობს:

“იმ შემთხვევაში, თუ მეორე ტური გაიმართება, ოპოზიციის შანსები უფრო გაიზრდება. მეორე ტური აჩვენებს ხელისუფლების არასაკმარისობას და იმას, რომ ადვილად ვეღარ გაიმარჯვებს და თვითკმაყოფილების რეჟიმში ვეღარ იქნება”.

ინვესტორები დაფრთხნენ, ქვეყანაში რაღაც საეჭვო დინებაა - წლის პირველ ნახევარში კაპიტალდაბანდება 10%-ით შემცირდა

“2018 წლის პირველ ნახევარში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 10%-ით შემცირდა - 2018 წლის პირველ ნახევარში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით სულ 676,2 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 10%-ით ჩამოუვარდება. ბიზნესი, პოლიტიკოსები და ანალისტიკოსები ფაქტს ხელისუფლების ხელოვნურად შექმნილ ბარიერებს უკავშირებენ. ბოლო დროს გამოიკვეთა გულგრილობაც კაპიტალდაბანდების მიმართულებითაც. ბიზნესმენები ხელისუფლების დამოკიდებულებაზე ჩივიან და მათი პოზიციის დასტურად ოფიციალური სტატისტიკაც კითხვებს აჩენს... აღსანიშნავია, რომ წელსაც ინვესტიციებში ბოლო ადგილს სოფლის მეურნეობა იკავებს, სადაც მხოლოდ 6,2 მილიონი დოლარი ჩაიდო,” - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ინვესტორები დაფრთხნენ, ქვეყანაში რაღაც საეჭვო დინებაა / წლის პირველ ნახევარში კაპიტალდაბანდება 10%-ით შემცირდა, უცხოელი ინვესტორების კრიტიკამაც იმატა.

“პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის თქმით, საქართველო დღეს ეკონომიკის მიმართულებით არაერთი გამოწვევის წინაშე დგას, პრობლემის სათავე კი სახელისუფლებო წრეებშია. “ვიმყოფებოდით მასშტაბული პროექტის პრეზენტაციაზე, პროქტი ესტონელმა ინვესტორმა განახორციელა და იქ უამრავი ბიზნესმენი გახლდათ ევროპიდან. თითქმის ყველას პირადად ვესაუბრე და აბსოლუტური უმრავლესობა აღნიშნავს, რომ მთავრობისთვის უცხოური ინვესტიციები პრიორიტეტული აღარ არის. შედეგად, შენელებულია ინვესტიციების მოზიდვის ტემპიც და უშუალოდ ინვესტორების სანდოობის კოეფიციენტიც კლებულობს. ეს არის უდიდესი პრობლემა საქართველოსთვის. მთავრობა უნდა ხელის შელის შემწყობი, ხდება პირიქით - მაგალითად ამ ესტონელ ინვესტორს აქვს სერიოზული პრობლემები ჩვენს ოფიციალურ თანამდებობის პირებთან...”, - ამბობს უსუფაშვილი. ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ გამოჩნდა გარკვეული სახიფათო დინებები, რაც აფრთხობს ინვესტორს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ძალიან საინტერესო ინიციატივების მიუხედავად, რაც ახალ პრემიერს აქვს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებით, ნათელია ისიც, რომ გამოჩნდა სახიფათო დინებები... გარდა იმისა, რომ ჩვენთან ბიზნესის კეთება მარტივია და ამ მხრივ ნამდვილად ვაკმაყოფილებთ მათ მოთხოვნებს, აუცილებელია უსაფრთხო გარემო. ოქუაშვილის საქმის მსგავსი საქმეები კი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ქვეყნის იმიჯს და იწყება კაპიტალის გადინება. ხელისუფლება სერიოზულად უნდა მოეკიდოს ამ საკითხს ნაცვლად იმისა, რომ ხალი აიქნიოს - ეს ანტიპიარია. უნდა მოახდინოს სწრაფი რეაგირება, რათა ინვესტორებმა დაცულად იგრძნონ თავი, თორემ კლების ტენდენცია შეუქცევადი გახდება”, - მიიიჩნევს გამოცემის კორესპონდენთტან საუბრისას გია ხუხაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო