კრწანისის რაიონის გამგებლის ლევან ჯაფარიძის ინიციატივით, სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლობითა და „საქართველოს ბიზნესის აკადემიის“ ჩართულობით, თბილისის მასშტაბით მერვე დასაქმების ფორუმი გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სოციალური მომსახურების სააგენტოდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ფორუმზე 25-მდე დამსაქმებელი 2000-ზე მეტი ვაკანსიით წარსდგა. მათ შორის: მომსახურების, გაყიდვების, სამედიცინო, საბანკო და სხვა სფეროდან.
დასაქმების ხელშეწყობის პროგრამების, სერვისების და სამომავლო გეგმების შესახებ სამუშაოს მაძიებლებს ინფორმაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარიამ ბეზარაშვილმა მიაწოდა. კრწანისის რაიონის გამგებელმა ლევან ჯაფარიძემ ერთობლივად ორგანიზებული ფორუმის მნიშვნელობაზე და მოსალოდნელ სასიკეთო შედეგებზე გაამახვილა ყურადღება.
ფორუმის მასპინძელი, საქართველოს ბიზნესის აკადემიის SBA-ს დირექტორი ია ერაძე დამსაქმებლებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მჭიდრო თანამშრომლობის საჭირებას შეეხო.
„დასაქმების ფორუმის შესახებ მოქალაქეები წინსწრებით სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის მიერ გაგზავნილი ტექსტური შეტყობინებებით იგებენ. თავად ფორუმი, კი მნიშვნელოვანი და ეფექტური ინსტრუმენტია სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობისათვის. ასეთ ფართომასშტაბიან ღონისძიებებზე სამუშაოს მაძიებლებს საშუალება აქვთ, ერთ სივრცეში, ერთდროულად გაეცნონ სხვადასხვა შეთავაზებას და უშუალო კომუნიკაცია დაამყარონ პოტენციურ დამსაქმებელთან.
მიმდინარე წელს სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის ჩართულობით, ქვეყნის მასშტაბით, სულ 11 დასაქმების ფორუმი ჩატარდა,” - ნათქვამია ინფორმაციაში.