ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის სამინისტროები განმარტავენ, რა კეთდება ზამთრის კურორტებზე პრემიერ-მინისტრის „ბოლო გაფრთხილების“ შემდეგ

პრემიერ-მინისტრის მიერ საკუტორტო ზონების მომზადების დონესთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებებისთვის მიცემული „ბოლო გაფრთხილების“ შემდეგ, ცალკეულ კურორტებზე ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს.

კერძოდ, „ინტერპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა კეთდება მამუკა ბახტაძის მიერ აღნიშნული კუთხით გამოთქმული უკმაყოფილების შემდეგ და რა სიახლეები დახვდებათ დამსვენებლებს ცალკეულ კურორტებზე, რასთან დაკავშირებითაც ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს ესაუბრა.

როგორც სააგენტოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს, მაგალითად, გუდაურთან მიმართებაში ერთ-ერთი სიახლეა ის, რომ კურორტზე 6 ახალი საბაგირო შენდება, ხოლო ერთის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.

„გუდაური 30-ე იუბილეს სტუმრებს განსაკუთრებულ სიახლეებს სთავაზობს. კურორტზე 6 ახალი საბაგირო შენდება და ერთი საბაგიროს რეკონსტრუირება ხდება. ახალი საბაგიროები მსოფლიოში საუკეთესო ფირმების “დოპელმაიერისა” და “პომას” იქნება. ახალი საბაგიროების მშენებლობით კურორტზე 3.5-ჯერ გაიზრდება გამტარუნარიანობა, რაც იმას ნიშნავს, რომ საბაგიროები გაცილებით მეტი მოთხილამურის რიგების გარეშე, ერთად მიღებას შეძლებს. დამატებითი საბაგიროების მშენებლობასა და არსებულის რეკონსტრუირებასთან ერთად, სასრიალო არეალიც 20% იზრდება. კურორტზე ასევე მიმდინარეობს ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მე-2 ფაზის მშენებლობა, რომელიც 2018-2019 წლის სეზონისთვის დასრულებული იქნება. ხელოვნური გათოვლიანების პირველი ფაზა გუდაურში 2015 წელს განხორციელდა.

უნდა აღინიშნოს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს “მთის კურორტების განვითარების კომპანიაში” მუდმივად ხდება მომსახურე პერსონალისა და თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება ევროპული სტანდარტების შესაბამისად. მთის კურორტების თანამშრომლებმა წელსაც არაერთი ტექნიკური სწავლება გაიარეს.

წელს გუდაურის სტუმრებს სრულიად ახალი კურორტი დახვდება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობით, რამდენიმე მსხვილი პროექტი მიმდინარეობს. კობი-გუდაურის საბაგიროების მშენებლობა, რომელიც 7.5 მ. სიგრძისაა და 100 000 კუბიანი ხელუვნური წყლის რეზერვუარის მშენებლობა უკვე დასკვნით ფაზაშია. კობი-გუდაურის საბაგირო გზის მშენებლობით, ყაზბეგი გუდაურს უერთდება და სრულიად ახალი კლასტერი განვითარდება.

გარდა ამისა, როგორც ცნობილია, 2018 წლის მაისში საბერძნეთში გამართულ კენჭისყრაზე, საქართველომ 2023 წელს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა მოიპოვა, თავისუფალი სტილით სრიალსა და სნოუბორდში. მთის კურორტების განვითარების კომპანიამ, საქართველოს ეროვნულმა სათხილამურო ფედერაციამ, მსოფლიო სათხილამურო ფედერაციასთან და იტალიელ ექსპერტებთან ერთად უკვე დაიწყო 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის მზადება. ამ ეტაპზე გუდაურსა და ბაკურიანში სათხილამურო არეალების გენერალური გეგმის შემუშავება მიმდინარეობს“, - განაცხადეს ეკონომიკის სამინისტროში.

თავის მხრივ, აღნიშნულ საკითხზე „ინტერპრესნიუსს“ ესაუბრა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ კაცია, რომელმაც ასევე განმარტა, რას აკეთებს მათი უწყება საკურორტო ზონების მომზადების დონის გასაზრდელად.

„ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება სამთავრობო სტრუქტურების კომპლექსური მუშაობის შედეგია. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიას, ადგილობრივ თვითმმართველობებს, რომლებიც უშუალოდ მართვის და მოვლა-პატრონობის პროცესს ახორციელებენ, ამასთან, თავად მოსახლეობას და იმ ინვესტორებს, ვინც ფლობს საკუთრებას ამ არეალებში. რაც შეეხება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ჩვენ საკურორტო ზონებში სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობთ, ესაა - გზების რეაბილიტაცია-მშენებლობა, პარკირების ადგილების მოწყობა, წყალმომარაგება, გამწმენდი ნაგებობები, სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება... ვაკეთებთ მაქსიმუმს, რათა ყოველი ახალი სეზონისთვის დამსვენებლებს გაუმჯობესებული პირობები დახვდეთ.

ცალკეულ საკურორტო ზონებზე რომ ვისაუბროთ, მაგალითად, ბაკურიანში პარალელურად მიმდინარეობს რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის, ასევე წყალმომარაგების გაუმჯობესების მიმართულებით. მუნიციპალური განვითარების ფონდი, ევროპის საინვესტიციო ბანკის დახმარებით, ახორციელებს ბაკურიანის შემოვლითი გზის პროექტირება-მშენებლობას. ამ პროექტის განხორციელების შედეგად შემცირდება საკურორტო ზონაში ავტომობილების მოძრაობის ინტენსიობა. ახალი მიმართულება დასახლებამდე გადაუხვევს დასავლეთით და შეუერთდება ბაკურიანი-ანდეზიტი-ციხისჯვარის გზას, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასევე ფონდი, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. ჯამური ინვესტიცია 9 მილიონ ლარზე მეტია. დამატებით, ფონდს დაგეგმილი აქვს დიდველზე პარკინგის გაფართოება, მიტარბის საბაგირომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, ბაკურიანის ცენტრალური წრიული ბილიკის მოწყობა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება რეკრეაციულ პარკში. ამასთან, მუშავდება ახალი სატრანსპორტო სქემა, რომელიც მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას ითვალისწინებს. ეს არის უმნიშვნელოვანესი და კომპლექსური მიდგომა - მოგეხსენებათ, ბაკურიანში განსაკუთრებით ტურისტულად ძალიან აქტიურ პერიოდში იქმნება გადაადგილების პრობლემა, რადგან მანამდე არსებული ინფრასტრუქტურა არ იყო გათვლილი დამსვენებელთა, ტურისტების, მთლიანად კურორტის განვითარების ამხელა ინტენსივობაზე და არც იმ ქაოტურ მშენებლობებზე, რომელიც წლების განმავლობაში, განვითარების გენერალური გეგმის შექმნამდე მიმდინარეობდა.

ჩვენ ვახორციელებთ ასევე ბაკურიანის სრულად მოცვის მიზნით, წყალმომარაგება-საკანალიზაციო სისტემის მოწყობის პროექტს, რაც უმნიშვნელოვანესი და ნამდვილად მასშტაბური პროექტია კურორტისთვის, რომელიც ასეთი სწრაფი ტემპით ვითარდება.

შესაბამისად, როგორც მოგახსენეთ, ეს კომპლექსური მიდგომაა, რომელიც არა ერთჯერად ეფექტზეა გათვლილი, არამედ გულისხმობს ეტაპებად არსებული პრობლემების მოგვარებასაც და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ახალი შესაძლებლობების გაჩენას და განვითარების პარალელურად შესაბამისი ინფრასტრუქტურის მომზადებას. ამავდროულად, მიმდინარეობს პოლიციის ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობაც“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

რაც შეეხება გუდაურს, გრიგოლ კაციას ინფორმაციით, იქაც რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი მიმდინარეობს.

„წლის ბოლომდე დასრულდება კობი-გუდაურის საბაგიროს მშენებლობა, რაზეც 80 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. ესაა 7.5 კმ-იანი გონდოლებიანი სამი საბაგირო გზა, რომელიც მნიშვნელოვნად გააფართოებს კურორტის არეალს. ეს საბაგირო ყაზბეგსა და გუდაურს დააკავშირებს და შეიქმნება ერთიანი საკურორტო სივრცე. ამასთან, ეს არის შესაძლებლობა ამ არეალში ახალი სასტუმროების, კვების, სხვა ტურისტული ობიექტების მშენებლობისთვის, ქვეყანაში, რეგიონში მეტი ინვესტიციის განხორციელებისთვის, აქ მცხოვრები ადამიანებისთვის კი, მეტი დასაქმების და შემოსავლის მიღების წყარო იქნება.

გუდაურში დასრულდა წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის I ეტაპის სამუშაოები, წლის ბოლომდე მოეწყობა წყლის ხელოვნური რეზერვუარი, თუმცა მისი ამოქმედებისთვის დამატებითი სამუშაოებია საჭირო, რაც უკვე მომავალ წელს იგეგმება. უახლოეს ორ წელიწადში ვგეგმავთ წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო ქსელების რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოებს, რის შემდეგაც ადგილობრივები და ტურისტები უწყვეტი და ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილი; ასევე აშენდება თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი წყალარინების გამწმენდი ნაგებობა, სადაც ჩამდინარე წყლების წმენდა მოხდება და შემცირდება გარემოზე მავნე ზემოქმედება.

გუდაურში ასევე მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს მთის კურორტების განვითარების კომპანიაც“, - აღნიშნა კაციამ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მესტიაზეც ისაუბრა და ის პროექტები დაასახელა, რომელიც იქ ხორციელდება.

„უკვე დასრულდა მესტიის ცენტრიდან აეროპორტამდე მისასვლელი 5 კმ-იანი გზის სრული რეაბილიტაცია, რომლის ღირებულებაც 3 მილიონ ლარზე მეტი იყო.

მალე დასრულდება მესტიის წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა. ეს პროექტი აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება და უზრუნველყოფს წყლის დებიტის (რაოდენობის) გაზრდას, რაც გულისხმობს ადგილობრივებისა და დამსვენებლების ხარისხიან, სტაბილურ წყალმომარაგებას. სამუშაოების 90 პროცენტი უკვე შესრულებულია.

მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორული თეატრის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციას. პროექტის ღირებულება 5 მილიონ ლარამდეა. სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და წლის ბოლომდე დასრულდება.

ამასთან, მოგეხსენებათ, ქვეყანის ინფრასტრუქტურის, მათ შორის, ტურისტულად აქტიური და ახალი ცენტრების შექმნა-განვითარება მთავრობამ განსაკუთრებულ პრიორიტეტად დაისახა და შესაბამისად, ჩვენ ვგეგმავთ მრავალი ახალი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას, რომელთა შესახებაც საზოგადოებას ამომწურავ ინფორმაციას ახლო მომავალში მივაწვდით“, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საკურორტო ზონების მომზადების დონესთან დაკავშირებით საკუთარი უკმაყოფილება აგვისტოში, მთავრობის სხდომაზე დააფიქსირა და აღნიშნა, რომ „ბოლო გაფრთხილებას აძლევს შესაბამის პირებს ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად“.

„ჩვენ არ ვართ კმაყოფილი იმ მზადყოფნით, რაც გვქონდა ჩვენ კურორტებზე ზაფხულში. არ ვართ კმაყოფილი ბაკურიანის და გუდაურის მომზადების დონით, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ზამთარში. ამასთან ერთად, კარგად გვესმის და გვახარებს, რომ ტურისტების რაოდენობა იზრდება მკვეთრად, მაგრამ ეს არ არის არგუმენტი იმისთვის, რომ კურორტები არ იყოს მზად ნაკადის მისაღებად. აქედან გამომდინარე, ყველა იმ ადამიანს, რომელიც ფიზიკურად არის ჩართული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და მზადყოფნის ხარისხის უზრუნველყოფაში, მათთვის ბოლო გაფრთხილებაა“, - განაცხადა ბახტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო