ვანო ჩხარტიშვილი - მორიგი საპნის ოპერეტა ნიკა გვარამიას რეჟისურითა და ზაზა ოქუაშვილის შესრულებით

„მორიგი საპნის ოპერეტა ნიკა გვარამიას რეჟისურითა და ზაზა ოქუაშვილის შესრულებით“, - ასე შეაფასა ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა გუშინდელი 21-საათიანი „კურიერის“ მიერ გავრცელებული მორიგი ფარული ჩანაწერი.

„ამ სერიალების სცენარისტ მიხეილ სააკაშვილს ფანტაზიას ნამდვილად ვერ დაუწუნებ, თვეზე მეტია, „ზაზაფიქჩერსის“ ოპერეტები გრძელდება და ყოველი ახალი ჩანაწერი წინაზე “სკანდალურია“. ვერაფერს ვიტყვი, საბოლოოდ „გამშიფრეს“ და გლობალური პოლიტიკური პროცესების მონაწილედ „შემრაცხეს“, მადლობის მეტი რა მეთქმის. ვიცი, რომ ფინალისთვის უფრო დიდი „კომპრომატი“ აქვთ შემონახული. მიუხედავად ასეთი „საფრთხისა“, რა სიუჟეტიც არ უნდა შეთხზან ან რა „სამხილით“ არ უნდა დამემუქრონ, მე არ შევწვეტ დაწყებულ სასამართლო დავას „რუსთავი 2“-ისა და ნიკა გვარამიას და „იბერიასა“ და ზაზა ოქუაშვილის წინააღმდეგ როგორც საქართველოში, ისე დიდ ბრიტანეთში. ასეთი უბადრუკი მცდელობები ვერც იმ უდაო ფაქტს გადაფარავს, რომ ლონდონის ორმა წამყვანმა საექსპერტო ბიურომ ზემოთ დასახელებულ ტელეკომპანიებში ბოლო დროს გავრცელებული ფარული ჩანაწერები მიიჩნია ხელით მანიპულირებულად და სხვადასხვა დროსა და ადგილას გაკეთებული ჩანაწერების მონტაჟად.

ისე, ხალხს, სამი წლის წინანდელი გადაკეთებული ჭორაობების ყურებაში უკვე ჩაეძინა და რაღაც ახალია საჭირო. ამიტომ დავაანონსებ, რომ ფინალში გავრცელდება ჩემი საუბრები სერგო ორჯონიკიძესა და იოსებ სტალინთან თუ როგორ ვგეგმავდით გვირაბის გათხრას თავისუფლების მოედნამდე და იქ წითელი დროშის აფრიალებას. ასე, რომ მოვიმარაგოთ პოპკორნი და დაველოდოთ მორიგ სერიალს“,- განაცხადა ვანო ჩხარტიშვილმა.

(R)