გიორგი კაკაურიძე - „ომეგა ჯგუფს“ დავა აქვს არა სახელმწიფოსთან, არამედ კონკრეტულ პირებთან

„ომეგა ჯგუფს“ დავა აქვს არა სახელმწიფოსთან, არამედ კონკრეტულ პირებთან, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა. კაკაურიძეს "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებმა განმარტების გაკეთება იმ პროცესებთან დაკავშირებით სთხოვეს, რომელიც "ომეგა ჯგუფის" საქმეზე ბოლოდროინდელ პროცესებს უკავშირდება.

გარდა ამისა, ოპოზიცია დაინტერესდა, რატომ ვერ მოხერხდა ვალების ჩამოწერაზე "ომეგა ჯგუფთან" გრაფიკის შედგენა. როგორც კაკაურიძემ ოპოზიციის კითხვის პასუხად განაცხადა, “ომეგა ჯგუფის“ მიერ მიმდინარე ვალდებულებების შეუსრულებლობამ გამოიწვია ის, რომ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით მასთან გრაფიკის გაკეთება ვერ ხერხდება.

„გადასახადებთან დაკავშირებით “ომეგა ჯგუფს“ გრაფიკი რამდენჯერმე გაუკეთდა - ეს იყო 2016 წელს. ეს გრაფიკი ორივეჯერ დაირღვა და გრაფიკის მიხედვით თანხების გადახდა არ მოხდა. ასევე წამოიქმნა დამატებით მიმდინარე ვალდებულებები. 2018 წლის პირველ თვეებში დავალიანება 30 მილიონამდე იყო. მაშინაც არ მომხდარა საწარმოს შეფერხება. მიმდინარე ვალდებულებებს - რასაც აქციზურ მარკებს იღებდა, იმის გადახდასაც არ უზრუნველყოფდა და მაისის ბოლოსთვის დაუგროვდა ის ვალი, რაც აქვს - ჯამში, 52 მილიონ ლარამდე. მიმდინარე ვალდებულებების შეუსრულებლობამ გამოიწვია ის, რომ გრაფიკის გაკეთება ვერ ხერხდება. კომპანიამ აქციზური მარკები წაიღო, სიგარეტი გაიყიდა და მიღებული ფული გადასახადის სახით არ გადაიხადა“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ საპარლამენტო უმცირესობის წევრებთან შეხვედრისას.

რაც შეეხება თავად 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს, როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემუშავებისას მხედველობაში იქნა მიღებული ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში და მომავალი წლისთვის სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზები, როგორც საქართველოს, ასევე რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური ტენდენციების შესახებ.

„2019 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განისაზღვრა 4,5%-ით, მშპ-ის დეფლატორი დაგეგმილია 3,5%-ის ფარგლებში. 2019 წლის ნომინალური მშპ-ს მოცულობა იქნება 45.1 მლრდ ლარი. 2019 წლის საგადასახადო შემოსავლები, ნომინალურ გამოხატულებაში შეადგენს 11 200,0 მლნ ლარს“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ. მისივე თქმით, საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი განსაზღვრულია 12 611.6 მლნ ლარით. საგადასახადო შემოსავლები - 9 565.0 მლნ ლარით; გრანტები - 266.7 მლნ ლარით; სხვა შემოსავლები 450.0 მლნ ლარით. არაფინანსური აქტივების კლების სახით მისაღები თანხების გეგმა - 60.0 მლნ ლარის ოდენობით; ფინანსური აქტივების კლების მაჩვენებელი 110.0 მლნ ლარით; ვალდებულებების ზრდის სახით მისაღები სახსრების გეგმა განსაზღვრულია 2 160.0 მლნ ლარის ოდენობით.

„იმის გათვალისწინებით, რომ ბიუჯეტში სახელმწიფო ვალის დაფარვისთვის გათვალისწინებულია 930,0 მლნ ლარი, სახელმწიფო ვალის წმინდა ზრდა შეადგენს 1 230,0 მლნ ლარს“, - განაცხადა მომხსენებელმა.

რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვრა 12 729.7 მლნ ლარის ოდენობით. მათ შორის: საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 11 268.2 მლნ ლარს, გრანტები - 96.5 მლნ ლარს, ხოლო კრედიტები 1 365.0 მლნ ლარს. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ჯამური მოცულობა შეადგენს 9 279.1 მლნ ლარს.