ზაქარია ქუცნაშვილი - რასაც ოქუაშვილისა და ყიფიანისგან ვისმენ, ვფიქრობ, რომ ამ ორი ადამიანიდან ერთ-ერთი ძალიან სერიოზულად იტყუება - თეორიულად ისიც დასაშვებია, რომ ორივე იტყუება

რასაც ზაზა ოქუაშვილისგან და ლევან ყიფიანისგან ვისმენ, ვფიქრობ, რომ ამ ორი ადამიანიდან ერთ-ერთი ძალიან სერიოზულად იტყუება - თეორიულად ისიც დასაშვებია, რომ ორივე იტყუება, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა.

“მე ორივეს ვიცნობ და ადამიანურად ძალიან მინდა, რომ ორივე მართალი იყოს, მაგრამ ამ ისტორიაში ორივე მართალი ვერ იქნება - რომელიღაც ძალიან უხეშად იტყუება. რომელი იტყუება, ეს უკვე გამოძიებისა და სასამართლოს სათქმელია. ამიტომ მხარეებმა გამოძიებასთან უნდა ითანამშრომლონ. მედია ღიაა და მათ შეუძლიათ მტკიცებულებები, რაც ტყუილს ამხელს და სიმართლეს დაადასტურებს, საჯაროდ გამოიტანონ. სამწუხაროდ, ფრაზა - გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ბანალურ ფრაზად იქცა, რადგან გამოძიების ჩატარება დროში შეზღუდული არ არის და ის შეიძლება გაჭიანურდეს, მაგრამ რასაც თვალს ვადევნებ, არც ერთი მხარე არ აპირებს, რომ საქმეს შეეშვას. ორივე მხარეს ძალიან ღრმად აქვს შეტოპილი. გამომდინარე აქედან, თავისი სიმართლე ან ერთმა უნდა დაამტკიცოს ან მეორემ, რადგან სასწორზე დევს არა მხოლოდ მათი ბიზსნესები, არამედ სასწორზე დევს თითოეული ამ ადამიანის მოქალაქეობრივი რეპუტაცია“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

დეპუტატი იმასაც ამბობს, რომ გარემოებები, რაც “ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებულ საქმეში იკვეთება, ბევრ ეჭვს აღძრავს. “ჩემთვის აუხსნელია ის გარემოება, რომ თუკი ვიცი, რომ გარეთ დამხვდებიან და ფულს წამართმევენ, რატომ გამოვალ ბანკიდან?! თუ ეს არ ვიცი ორშაბათს, იგივე საქციელს რატომ ჩავიდენ სამშაბათს, თუკი უკვე ვიცი, რომ გარეთ დამხვდებიან და ფულს წამართმევენ, რაც არ მინდა რომ მოხდეს. არავინ საუბრობს, რომ ბანკიდან თანხის გამოტანა იძულებით მოხდა და გასავლის ორდერს ძალით მოეწერა ხელი. გამომძიებელი რომ ვიყო, დავსვამდი კითხვას, რომ თუკი აპრიორი იცოდი, რომ გარეთ გამოხვიდოდი და ფულს წაგართმევდნენ, მაშინ რატომ გამოხვედი ბანკიდან?!“, - აღნიშნა ქუცნაშვილმა.