უფლებადამცველი ორგანიზაციების ხელმძღვანელები პოლიციაში დაიბარეს

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი, ალეკო ცქიტიშვილი, იურისტი ეკა ქობესაშვილი და ჩართულობისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, აგიტ მირზოევი 12 ოქტომბერს, დილით, შსს-ს თბილისის მთავარ სამმართველოში დაიბარეს. აღნიშნული უფლებადამცველ ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეს უკავშირდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ადამიანის უფლებათა ცენტრიდან“ აცნობეს, შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლებმა სატელეფონო საუბრისას განაცხადეს, რომ დაინტერესდნენ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გავრცელებული ინფორმაციის დეტალებით.

„ჩართულობისა და განვითარების ცენტრის თანამშრომელი ვიტალი საფაროვი 2018 წლის 30 სექტემბერს თბილისში მოკლეს. იგი მრავალი წლის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული მოზარდების ტოლერანტულ ბანაკებსა და სხვა პროექტებში, რასიზმის, ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ. ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე ამ დროისთვის დაკავებულია ორი პირი, რომლებიც ე.წ. ნეონაცისტური დაჯგუფების წევრები არიან. ადამიანის უფლებათა ცენტრისა და ჩართულობის და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელებმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ უფლებადამცველის მკვლელობის საქმეზე დაწყებული გამოძიება არასწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს. კერძოდ, დაკავებულთაგან ერთ-ერთს ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას (დამამძიმებელი გარემოებების გარეშე), ხოლო მეორე დაკავებულს ბრალი წარდგენილი აქვს კოდექსის 376-ე მუხლით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. ჩართულობის და განვითარების ცენტრი და ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევენ, რომ ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე დაწყებული გამოძიება მიმდინარეობს არასწორი კვალიფიკაციით, რადგან საქმის გარემოებიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ სახეზე გვაქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-მუხლით ჩადენილი დანაშაული. კერძოდ, ვიტალი საფაროვის მკვლელობა არის ჩადენილი ჯგუფურად, ხულიგნური ქვენა გრძნობით, რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო. ვიტალი საფაროვის ოჯახის სამართლებრივ ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს. ამ დროისთვის გამოძიების მიმდინარეობისას არსებობს რიგი გარემოებები, რაც იწვევს შეშფოთებას. კერძოდ, მკვლელობის მოწმეებთან გასაუბრების შედეგად ირკვევა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მათ არაერთხელ შეატყობინეს საინფორმაციო ცენტრ 112-სა და კრიმინალურ პოლიციას, დაკავებული ბრალდებულების მიერ ჩადენილ მსგავს ძალადობის შემთხვევებზე, მაგრამ შეტყობინებებზე პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია. შემაშფოთებელია, რომ ბრალდებულების მიერ სიძულვილით მოტივირებული ძალადობრივი აქტები აქამდე რეაგირების გარეშე რჩებოდა, რაც ბოლოს ფატალური შედეგით - მკვლელობით დასრულდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქსენოფობიური, ფაშისტური ჯგუფების აქტიურობა და სიძულვილის გაღვივება დღეისათვის ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა არაერთხელ გამოხატეს შეშფოთება ქვეყანაში ნეონაცისტური ჯგუფების გააქტიურებასთან დაკავშირებით, რომლებიც განსხვავებული ეროვნების ან ლიბერალური შეხედულებების მქონე მოქალაქეების მიმართ აგრესიით და ძალადობით გამოირჩევიან. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის თანახმად, მართალია, ნეონაცისტური ორგანიზაციების დაფინანსების პირდაპირი წყაროების იდენტიფიცირება ვერ ხდება, მაგრამ ცალკეული ლიდერები პირდაპირ უკავშირდებიან რუსეთის სახელმწიფოს ან ადგილობრივ პოლიტიკურ ორგანიზაციებს. ჩართულობის და განვითარების ცენტრი და ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებენ საქართველოს მთავარ პროკურატურას, ყურადღება გაამახვილოს და უზრუნველყოს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება აწარმოოს შესაბამისი კვალიფიკაციით. მნიშვნელოვანია, გამოძიებამ თვალი არ დახუჭოს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე. სიძულვილის მოტივის გამოკვეთა ხელს შეუწყობს სრულყოფილი, ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიების ჩატარებას“, - აცხადებენ ადამიანის უფლებათა ცენტრში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო