დავით ზალკალიანი არასამთავრო სექტორს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის კონცეფციას აცნობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის სასწავლო-კვლევით ინსტიტუტში არასამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს. მინისტრი არასამთავრო სექტორს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის (ROADMAP2EU) დოკუმენტს აცნობს.

“მოგეხსენებათ, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ საკითხში არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ექსპერტულ საზოგადოებასთან ურთიერთობას. ამ მიმართულებით ჩვენი თანამშრომლობა არის სამაგალითო. ეს არ არის მარტო ჩემი შეფასება, ეს არის ის შეფასება, რომელსაც ჩვენ ვისმენთ ყველა საერთაშორისო პარტნიორის მხრიდან და ეს ასახულია სხვადასხვა დეკლარაციებში და განცხადებებში, როგორც ევროპელი, ასევე სხვა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. დღევანდელი შეხვედრაც ემსახურება იმას, რომ ჩვენ მათ გავაცნოთ ის პროცესები, რაც მიმდინარეობს ევროპული ინტეგრაციის კუთხით. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკაზე, სწორედ ამ კონცეფციის შესახებ გვექნება საუბარი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათ გავაცნოთ ის მდგომარეობა და სიტუაცია, რა სიტუაციაში ვიმყოფებით დღეს და ასევე მოვისმინოთ მათი შეფასებები იმისთვის, რომ საბოლოოდ დოკუმენტი შედგეს და წავუდგინოთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს. ეს უნდა იყოს სრულფასოვანი თანამშრომლობის შედეგი და სწორედ დღევანდელი შეხვედრაც ამ მიზანს ემსახურება",- განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, საქართველოს ევროკავშირის მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს.

„ჩვენ არაერთხელ გვაქვს გაცხადებული, რომ ასოცირების დღის წერიგი მიღწეულია, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს, მაგრამ ჩვენ უფრო მეტი ამბიციური მიზნები და გეგმები გავქვს. გვინდა, რომ ასოცირების ხელშეკრულების და დღის წერიგის მიღმა წავიდეთ, ამიტომ, საგზაო რუკა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ჩვენი უფრო მეტი ინტეგრაცია სექტორული თანამშრომლობის კუთხით, უფრო მეტი აქტიური თანამშრომლობა ევროკავშირის პროგრამებსა და სხვადასხვა სააგენტოში. ასევე მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვაქვს სხვადასხვა პროგრამები, კერძოდ, უსაფრთხოების დიალოგი, ასევე უპრეცენდენტო ფორმატი, რომელიც არც ერთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანას არ აქვს. შეხვედრა, რომელიც ნოემბერში გაიმართება, არის ევროკავშირის და საქართველოს მთავრობის უმაღლეს დონეზე შეხვედრა. სწორედ ეს ძირითადი მიმართულებებია, რომელსაც გულისხმობს ევროკავშირთან საქართველოს საგზაო რუკა",- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოს მთავრობის ინიციატივას და ემსახურება ევროკავშირთან თანამშრომლობის ყველა არსებული მექანიზმისა და რეფორმების კონსოლიდაციას. საგზაო რუკის იმპლემენტაცია ხელს შეუწყობს ასოცირების შეთანხმების მიღმა არსებული ინტეგრაციის შესაძლებლობების გამოვლენასა და სათანადოდ გამოყენებას.

მათივე ცნობით, ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა შედგება რვა ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებისგან, სადაც აისახება ის ღონისძიებები, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს უფრო მეტ თანმიმდევრულობას შესძენს.

საგზაო რუკის შემუშავების საერთო კოორდინაციას განახორციელებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისია, ასევე მის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფი (მინისტრის მოადგილეების დონეზე) და თემატური სამუშაო ქვეჯგუფები.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს