უკრაინისთვის ავტოკეფალია უკვე გადაწყვეტილია - “მთავარია, რუსეთის სატელიტებს შორის საქართველოც არ აღმოჩნდეს”
ჩვეულებრივი ფაშიზმი - ნეონაცისტები თბილისის ბარებში არაქართულად მოსაუბრეებს ესხმიან თავს
გიორგი შენგელაია - “ჩვენ არ დავნებდით მონღოლებს, სელჩუკებს და ახლა ამ ბანკირებს უნდა დავნებდეთ?!”
* * *
უკრაინისთვის ავტოკეფალია უკვე გადაწყვეტილია - “მთავარია, რუსეთის სატელიტებს შორის საქართველოც არ აღმოჩნდეს”
“მართლმადიდებელ ეკლესიებში დიდი და შიშნარევი მოლოდინია, რა მოხდება უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შემდეგ - გავა თუ არა სქიზმაში რუსეთის ეკლესია და რამდენი ეკლესია გაჰყვება მას. მოსკოვის საპატრიარქოში კი დიდი შფოთია და 15 ოქტომბერს მინსკში სინოდის სხდომაზე იკრიბებიან, რათა პასუხი გასცენ კონსტანტინეპოლს, რომელმაც სინოდის სამდღიანი სხდომის შემდეგ რუსეთის ეკლესიას წაართვა უკრაინის მიტროპოლიტის დანიშვნის უფლება და თავის იურისდიქციად აღიარა, ასევე ანათემა მოუხსნა კიევის ეკლესიის მეთაურ ფილარეტს, რომელიც პატრიარქობის ყველაზე რეალურ კანდიდატად მიიჩნევა უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შემდეგ. უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭებამდე კი მხოლოდ ერთი ნაბიჯი დარჩა - უკრაინაში უნდა შეიკრიბოს ყველა ის ეპისკოპოსი, ვინც კონსტანტინეპოლიდან ავტოკეფალიის მიღების მომხრეა და უნდა აირჩიონ პატრიარქი, შემდეგ კი კონსტანტინეპოლი შეკრებს სინოდს და გამოსცემს ავტოკეფალიის მინიჭების ტომოსს, რომელიც უკრაინის ახლად არჩეულ პატრიარქს გადაეცემა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით უკრაინისთვის ავტოკეფალია უკვე გადაწყვეტილია / “მთავარია, რუსეთის სატელიტებს შორის საქართველოც არ აღმოჩნდეს”.
“ახლა მთავარია, რამდენად სწრაფად შეიკრიბებიან ეპისკოპოსები უკრაინაში. მოსკოვის საპატრიარქოდან კი მუქარანარევი განცხადებები მატულობს. რუსეთის პატრიარქის პრესმდივანი ალექსანდრ ვოლკოვი აცხადებს, რომ “კონსტანტინეპოლი რუსეთის ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე შეჭრით დაუპირისპირდა მართლმადიდებლობას” და “ახლა დაიწყება რაღაც საშინელება”. მისი თქმით, არ ყოფილა არც ერთი პრეცედენტი მსოფლიო ისტორიაში, რომ კონსტანტინეპოლი ასე თავხედურად და აგრესიულად ჩარეულიყო სხვა მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეებში, რის გამოც “სამწუხარო ნაბიჯების” გადადგმა მოუწევს რუსეთის ეკლესიას, რაც დაკავშირებული იქნება ევქარისტული კავშირის გაწყვეტასა და სხვა გადაწყვეტილებებთან. პარალელურად რუსეთის ეკლესიას დაქვემდებარებული უკრაინული ეკლესიიდან ისმის მოწოდება, რომ კონსტანტინეპოლის პატრიარქი ბართლომეოსი ანათემას გადაეცეს. ყუბანის კაზაკების ოფიციალურ საიტზე კი მსოფლიო პატრიარქისადმი მიმართვა გამოქვეყნდა, სადაც კაზაკები იმუქრებიან, რომ თუკი ავტოკეფალიის ტომოსი გამოიცემა, “ეს ნაბიჯი ტრაგიკულ შედეგს მოიტანს” და ისინი გამოვლენ “თავისი მამულისა და დედაეკლესიის ერთიანობის დასაცავად”. საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, რომ სანამ ტომოსი არ გამოიცემა, მათგან პოზიციის გამოხატვა არასერიოზულია”, - აღნიშნავს გამოცემა.
“თეოლოგ გოჩა ბარნოვის აზრით, წლის ბოლომდე უკრაინას ავტოკეფალია მიენიჭება და, დიდი ალბათობით, პატრიარქად ფილარეტი აირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ეკლესია იმუქრება მართლმადიდებელი ერთობიდან გასვლით, ეს ნაბიჯი თუკი გადაიდგა, ისევ რუსეთისთვის იქნება საზიანო. “რუსეთი იმუქრება ერთობიდან გასვლით, თუმცა ეს არ არის ადვილი პროცესი. თუ რუსეთი გავიდა სქიზმაში, არ მგონია, დარწმუნებული იყოს, რომ 2-3 ეკლესიაზე მეტი გაჰყვება მას. რუსეთს იმედი აქვს, რომ ანტიოქია მის გვერდით დადგება, რადგან რუსული გავლენა სირიაზე დიდია. ასევე, ვარაუდია, რომ რუმინეთი შეიძლება აღმოჩნდეს რუსეთის გვერდით. მთავარია, რუსეთის სატელიტებს შორის საქართველოც არ აღმოჩნდეს. რადგანაც კრეტის კრებაზე საქართველო რუსეთის გვერდით აღმოჩნდა, ახლაც რუსეთში იმედი აქვთ, რომ საქართველო მათი მხარდამჭერი იქნება. ყველაფერი გამოჩნდება ტომოსის გადაცემის შემდეგ”, - მიიჩნევს ბარნოვი. მისი თქმით, კონსტანტინეპოლის გადაწყვეტილება პირდაპირი დარტყმაა რუსული ეკლესიის ამპარტავნულ პოზაზე, რომელიც წლებია ცდილობს, კონსტანტინეპოლი დაამციროს და წარმოაჩინოს, რომ რუსული ეკლესია არის ყველაზე მძლავრი როგორც მრევლის სიდიდით, ისე ქონებით. ხოლო რადგანაც უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შემდეგ რუსული ეკლესია კარგავს 30 მილიონზე მეტ მრევლსა და მდიდარ ეპარქიებს, სწორედ ამიტომაცაა, რომ რუსეთი ყველანაირ ძალადობაზეა წამსვლელი”, - განაგრძობს გამოცემა.
“მთავარი სიმდიდრე იყო მოსანახულებელი ადგილები. კიევი-პეჩორის ლავრასა და სხვა დიდ ლავრებს შემოჰქონდათ ძალიან დიდი ფული და ისინი უკრაინის ავტოკეფალიური ეკლესიის იურისდიქციაში გადავა. ამიტომ ეს გადაცემა ასე მარტივად არ მოხდება, ამ ლავრებში მოღვაწე რუსი ბერები ძალიან დიდ ფიზიკურ წინააღმდეგობას გაუწევენ უკრაინელებს, ალბათ საჭირო გახდება პოლიციისა და ჯარის შეყვანა, რომ ეს მონასტრები გაიწმინდოს”, - თვლის ბარნოვი. 9-11 ოქტომბერს სტამბულში კონსტანტინეპოლის ეკლესიის სინოდის სხდომა გაიმართა და სამდღიანი შეკრების შემდეგ სინოდის ხმაურიანი გადაწყვეტილებაც გახდა ცნობილი. 11 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მსოფლიო საპატრიარქო აგრძელებს უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას; უკრაინის ტერიტორია კონსტანტინეპოლის იურისდიქციაში ბრუნდება; ანათემა უუქმდებათ კიევის საპატრიარქოს პატრიარქ ფილარეტ დესინენკოს, უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოს მაკარ მალეტიჩის და მათი მრევლი კანონიკურ სტატუსში აღდგება (ორივე მათგანი მოსკოვის საპატრიარქომ “რუსეთის ეკლესიაში განხეთქილების შეტანის გამო” გადასცა ანათემაზე); უქმდება 1686 წლის სინოდალური წერილის ძალა, რომელიც იკონომიით მოსკოვის პატრიარქს უკრაინის მიტროპოლიტის დასმის უფლებას აძლევდა”, - დასძენს გამოცემა.
“ახლა მხოლოდ ერთი საბოლოო ნაბიჯიღა დარჩა - ავტოკეფალიის მინიჭების ტომოსის გამოცემა. ამ საბოლოო ნაბიჯის მოსამზადებლად მსოფლიო საპატრიარქოდან კიევში სექტემბრის შუა რიცხვებიდან ორი ეგზარქოსი - დანიელი და ილარიონია წარგზავნილი. მათი ხელშეწყობით უნდა მოხდეს ყველა იმ უკრაინელი ეპისკოპოსის მოწვევა, რომელთაც სურთ კოსტანტინეპოლისგან ავტოკეფალიის მიღება და შეკრებაზე უნდა აირჩეს ავტოკეფალიური უკრაინის ეკლესიის წინამძღვარი, რომელიც მიიღებს პატრიარქობას და სინოდალურ ტომოსს. კიევში მოლოდინია, რომ თუ “ამ საშინაო დავალებას” დროზე შეასრულებენ, ტომოსს კოსტანტინეპოლიდან ნოემბერში მიიღებენ. უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ გადაწყვეტილება უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ მიღებულია და ტომოსს უკრაინელი ეპისკოპოსების კრების შემდეგ მიიღებენ. ტომოსის გამოცემა რომ უახლოეს ხანში მოხდება, ამაში მოსკოვშიც დარწმუნებულები არიან. როგორც რუსული მედია წერს, კონსტანტინეპოლის საპატრიარქოდან არაერთხელ იყო მინიშნება, რომ საკითხი გადაწყდებოდა უკრაინის საპრეზიდენტო კამპანიის დაწყებამდე. რადგანაც წინასაარჩევნო კამპანიის დაწყება 31 დეკემბრისთვის არის დაგეგმილი, ხოლო კონსტანტინეპოლის სინოდი თვეში ერთხელ იკრიბება, ეს ნიშნავს, რომ ტომოსის გამოსაცემად კონსტანტინეპოლს ორი სხდომა აქვს წინ”- წერს სტატიის ავტორი.
“რუსები აღშფოთებულები არიან იმის გამო, რომ კოსტანტინეპოლის პატრიარქმა არ გაითვალისწინა მოსკოვის საპატრიარქოს “კომპრომისული” შეთავაზება, უკრაინის საკითხი ჯერ ადგილობრივი ეკლესიების მეთაურების შეკრებაზე განხილულიყო. რუსულ მედიაში ექსპერტები უკმაყოფილებას არ მალავენ იმაზეც, რომ რუსეთის ეკლესიას მხარში არ დაუდგა და მისი წინადადება უარყო ბულგარეთის საპატრიარქომაც, რომლის დიდი მხარდაჭერის იმედიც ჰქონდათ, რადგან ადრე ფინანსურადაც დამოკიდებული იყო რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაზე. რუსული მედიის თქმით, რუსეთის ეკლესიის კიდევ ერთი ტრადიციული მოკავშირე - საქართველოს საპატრიარქო ლოდინის პოზიციაშია, რაც მოსკოვში არ მოსწონთ. ცნობისათვის, მართლმადიდებელი ავტოკეფალიური ეკლესიების რაოდენობა 14-ია და, თეოლოგების დიდი ნაწილის მოსაზრებით, ამ 14-დან რუსეთის ე.წ. ბანაკის წევრებად მიიჩნევიან: ანტიოქია, ბულგარეთი, რუმინეთი და საქართველო. თუმცა უკრაინის საკითხზე, ანტიოქიის გარდა, რუსეთისთვის მხარდაჭერა ჯერჯერობით არც ერთ სხვა ეკლესიას არ გამოუხატავს”, - დასძენს სტატიის ავტორი.
ჩვეულებრივი ფაშიზმი - ნეონაცისტები თბილისის ბარებში არაქართულად მოსაუბრეებს ესხმიან თავს
“რა დანაშაული აქვთ ჩადენილი ე.წ. ნეონაცისტური დაჯგუფებების წევრებს თბილისში, რომელთა გამოსვლები ბოლო დროს ძალიან მოხშირდა, განსაკუთრებით აღმაშენებლის გამზირზე? სწორედ ასეთი დაჯგუფების წევრებს დაუკავშირდა 30 სექტემბერს თბილისის ცენტრში, ერთ-ერთი ბარის სიახლოვეს, 25 წლის უფლებადამცველ ვიტალი საფაროვის მკვლელობაც. როგორც “ჩართულობის და განვითარების ცენტრი” და “ადამიანის უფლებათა ცენტრი” აცხადებენ, საფაროვის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ორივე ახალგაზრდა - გიორგი სოხაძე, მეტსახელად “სლეიერა” და ავთანდილ კანდელაკიშვილი - ნეონაცისტური დაჯგუფების წევრია, თანაც, თვითმხილველების მტკიცებით, კონფლიქტის დროს საუბარი სამშობლოსა და ქართველობას ეხებოდა, ჩხუბიც იმის გამო დაიწყო, რომ საფაროვი რუსულად საუბრობდა, ამიტომ უფლებადამცველები ითხოვენ, რომ წაყენებული ბრალდება გადაკვალიფიცირდეს უფრო მძიმე ბრალდებით - 109-მუხლით, რაც ეთნიკურ ნიადაგზე ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულს გულისხმობს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ჩვეულებრივი ფაშიზმი - ნეონაცისტები თბილისის ბარებში არაქართულად მოსაუბრეებს ესხმიან თავს.
“2018 წლის 30 სექტემბერს ბარ “ვარშავის” სიახლოვეს უფლებადამცველი ვიტალი საფაროვი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დაჭრეს, თავდამსხმელები მიიმალნენ, საფაროვი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. იგი “ჩართულობისა და განვითარების ცენტრში” მუშაობდა. შს სამინისტრომ იმავე დღეს საქმეზე ორი პირი დააკავა. მათგან 20 წლის კანდელაკიშვილს წაყენებული აქვს დამამძიმებელი გარემოებების გარეშე განზრახ მკვლელობის 108-ე მუხლი, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ხოლო 23 წლის გიორგი სოხაძეს - 376-ე მუხლით, დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო, რაც 2-დან 4-წლამდე პატიმრობას გულისხმობს. “ადამიანის უფლებათა ცენტრის” ხელმძღვანელ ალეკო ცქიტიშვილის თქმით, მათი მთავარი მოთხოვნაა, გამოძიება სწორი კვალიფიკაციით წარიმართოს, რადგან უფლებადამცველის ცემა და მკვლელობა ჯგუფურად მოხდა, ამ დანაშაულში 3 ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია, რომელიც გაათავისუფლეს. მათი მოთხოვნაა, ეს არასრულწლოვანიც მიეცეს პასუხისგებაში და დანარჩენ ორსაც დაუმძიმდეს ბრალი”, - აღნიშნავს გამოცემა.
“აქ იკვეთება რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის ნიშნები, რასაც 109-ე მუხლი ითვალისწინებს და სწორედ ეს ბრალდება უნდა იყოს მიყენებული სამივე დაკავებულისადმი. მკვლელობა ბარ “ვარშავის” მახლობლად მოხდა და ამ ბარის პერსონალი წინა შემთხვევებსაც იხსენებს, რომ დაკავებულები აგრესიულად იქცეოდნენ წარსულშიც, სწორედ ქსენოფობიური და რასისტული აგრესიით გამოირჩეოდნენ და თავს ესხმოდნენ ან ავიწროებდნენ ბარის უცხოელ სტუმრებს. მაგალითად, რასისტული ეპითეტებით თავს დაესხნენ ფერადკანიანებს, ამბობდნენ, რომ ვინც ქართველი არ არის, ყველა უნდა მოკვდეს. ბარის თანამშრომლების თქმით, რამდენჯერმე პოლიციაც გამოიძახეს, პოლიცია მივიდა, მაგრამ ოქმი არ შედგა. საბოლოოდ, სწორედ უყურადღებობის გამო მივედით ამ ფატალურ შედეგამდე. ჩვენ ისედაც ვხედავთ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის სტატისტიკის ზრდას, ვხედავთ ნეონაცისტური ჯგუფების გააქტიურებასაც და სწორედ ვიტალი საფაროვის მკვლელობა არის ერთ-ერთი შედეგი იმ უყურადღებობისა, რასაც ხელისუფლება იჩენს დაჯგუფებების მიმართ”, - აცხადებს ცქიტიშვილი. მისივე თქმით, ე.წ. ნეონაცისტური ჯგუფის სავარაუდო ლიდერი სწორედ გიორგი სოხაძეა, რომელსაც ბრალად შეუტყობინებლობა აქვს წაყენებული”, - განაგრძობს გამოცემა.
“სოხაძე სხვადახვა ფორუმზე “სლეიერას” მეტსახელით ყველაზე მეტად გამოირჩეოდა ფაშისტური კომენტარებით და მოწოდებებით - “სლეიერი” (ინგლისურად “მკვლელი"” - რედ.) არის ამერიკული მძიმე მეტალის ჯგუფი და მეტსახელიც იქიდან აქვს აღებული. ჩვენ ახლა საჯარო სივრცეში მის გამონათქვამებსაც ვკრებთ, რათა გამოძიებას გადავცეთ. ეს სამივე ადამიანი ე.წ ნეონაცისტური დაჯგუფების წევრია, რომლებიც ქსენოფობიას და შუღლს აღვივებენ”, - განმარტავს ცქიტიშვილი. ორგანიზაციის იურისტი ეკა ქობესაშვილი აცხადებს, რომ გიორგი სოხაძეს “ფეისბუქში” საკუთარ გვერდზე საკმაოდ ბევრი ფოტო და სტატუსი ჰქონდა გამოქვეყნებული, სადაც ჩანდა, რომ ე.წ. ნეონაცისტური ჯგუფის წევრია, თუმცა ახლა გვერდი წაშლილია”, - დასძენს გამოცემა.
“ამ ე.წ. ნეონაცისტურ ჯგუფს რაღაც ქვეჯგუფებიც აქვს, რომლებიც სხვადასხვა მოწოდებით გამოირჩევიან, მათ მაიდენტიფიცირებელი ნიშნებიც აქვთ და როგორც მითხრეს, გიორგი სოხაძე განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა. ის არაერთ ბარშია “გაშავებული”, არ უშვებდნენ იმის გამო, რომ უცხოელებს აგრესიულად ექცეოდა. ამ “სლეიერმა” ერთ-ერთ ბარმენთან თავი “მოიწონა”, რომ ცემისას უსახლკარო ადამიანი შემოაკვდა. ბარმენმა ამის შესახებ პოლიციაშიც განაცხადა, თუმცა, მისივე თქმით, რეაგირება არ მოჰყოლია. ეს ადამიანი დანაშაულის დაფარვისთვისაა დაკავებული, თუმცა, თვითმხილველების თქმით, ჩხუბში უშუალოდ მონაწილეობდა. მეორე დაკავებული, ავთანდილ კანდელაკიშვილი, დაჯგუფების ერთ-ერთი წევრია და მკვლელობისთვისაა დაკავებული. ამ მკვლელობაში მონაწილეობდა მესამე პირიც, არასრულწლოვანი. ისიც ამ დაჯგუფების წევრია, თუმცა დაპატიმრებული არ არის. საგანგაშო სწორედ ესაა, რომ არასრულწლოვნებსაც აბამენ ძალადობრივ დაჯგუფებაში. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ ამ ადამიანების გამოვლენა და იდენტიფიცირება მოხდეს. ძალადობაში სხვა დროს ამ დაჯგუფების სხვა წევრებიც არიან შემჩნეულები, მაგრამ უშუალოდ იმ დღეს ძალადობაში ეს სამი ადამიანი მონაწილეობდა”, - აცხადებს გამოცემასთან საუბრისას ეკა ქობესაშვილი.
გიორგი შენგელაია - “ჩვენ არ დავნებდით მონღოლებს, სელჩუკებს და ახლა ამ ბანკირებს უნდა დავნებდეთ?!”
“გამომდინარე იქიდან, რომ რეჟისორს აქვს ძალიან დიდი საორგანიზაციო ნიჭი, მე ჩავთვალე, რომ გამოვადგებოდი ჩემს ქვეყანას იმ შემთხვევაში თუ გავხდებოდი პრეზიდენტი. ვხედავდი ქვეყანაში ძალიან ცუდ სიტუაციას, ვერ ვხედავდი პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ვინმე ღირსეულს - ვინმე რომ ყოფილიყო, მონაწილეობას არ მივიღებდი და მივხედავდი ჩემს საქმეს, გადავიღებდი ფილმებს. შემდეგ კი დაიწყო პუბლიკაციები და სატელევიზიო სიუჟეტები, რაც ასახავდა იმას, თუ რას აკეთებენ ესენი - საოლქო კომისიებს ნათესავებით აკომპლექტებენ. ეს ჟვანია საშინელი ქალი აღმოჩნდა. საქართველო მთლიანადაა კორუმპირებული და მე ამის წინააღმდეგ ბრძოლას ვიწყებ, რადგან მე არ ვარ კორუმპირებული და ეს ყველამ იცის, მთელი ცხოვრებაა ჯამაგირზე ვცხოვრობ. ამის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ვიწვალეთ ხელმოწერების შეგროვებისას, მე წამოვედი. მაგრამ მთლიანად არ გამოვედი პოლიტიკიდან. დავაარსე პოლიტიკური მოძრაობა “ხალხის ნება”, - აცხადებს კინორეჟისორი გიორგი შენგელაია გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ჩვენ არ დავნებდით მონღოლებს, სელჩუკებს და ახლა ამ ბანკირებს უნდა დავნებდეთ?!” - გიორგი შენგელაია “ოცნებაზე”.
“ჩავთვალე, რომ ამ მოძრაობაში პირველ პლანზე ქართველი მწერლები უნდა იყვნენ, რადგან ისტორიულად ჩვენი მწერლები მაგ ფუნქციას ასრულებენ, ხალხი მათ უსმენდა, მათი დარიგებითა და ნაწარმოებების კითხვით, შემდეგ მოქმედებდა ცხოვრებაში. როდესაც ილიამ დაიწყო მოღვაწეობა და იკისრა ამხელა ვალდებულება, ცნობილია, რომ 10 წლის განმავლობაში არაფერი არ დაუწერია - აი, ეს არის ღვაწლი კაცისა თავისი სამშობლოსთვის. სექტემბრის თვეში, დაახლოებით სამი კვირის წინ, დავაპირე მიტინგის მოწყობა, მწერლები არ იყვნენ საქართველოში, სულ ყველა ფრანკფურტში არიან. ეს იქნებოდა მოულოდნელი. თვლა იმისა, თუ რამდენი კაცი დგას მიტინგზე, სისულელეა. აქ უნდა გამოჩენილიყო საქართველოს ელიტა, მართლა კარგი ხალხი და დაინახავდა ამას ევროპა. მე მთელი ძალისხმევით მინდოდა ერთი მიტინგის ორგანიზება პიონერთა სასახლის წინ, რადგან მანდ იყო საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადებული, მანდ იჯდა პირველი ქართული პარლამენტი, პირველი ქართული მთავრობა - მაგრამ ვერ მოვახერხე. საოცარი რამ მოხდა, არ ველოდი. ვისაც ვურეკავდი, ყველა შეშინებული იყო, ამბობდნენ, არ გვინდა, ჩემი შვილი სადღაც მუშაობს და არ გამოაგდონო და ა.შ. გესმით, სად ვცხოვრობთ? მესამე რაიხი, რაც იყო ჰიტლერის სისტემა. ესენიც ამ გზაზე დადგნენ - ივანიშვილი და სააკაშვილი”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი შენგელაია და შეკითხვაზე - “ რა გახდა იმის მიზეზი, რომ თქვენი კანდიდატურა მოხსენით არჩევნებიდან?” - პასუხობს:
“ აქ ისეთ ფულზეა საუბარი, რომ ეგენი მოისყიდიან ამომრჩევლებს, მათი დამკვირვებლები, რომლებიც ჩამოდიან, ვერ ხედავენ და ვერც დაინახავენ ვერაფერს. შეიძლება, რომ სახლში მივიდნენ, გადაუხადონ, კაცი მივა და ჩააგდებს ბიულეტენს. ამით ილახება ქართველი ხალხის ღირსება, მაგრამ ხალხი ამაზე არ რეაგირებს, არ მიიჩნევენ, რომ მათი ღირსება ილახება”.
“ბოლო დღეებში ბიძინას “ოცნების” ოფისში მივედი, იმიტომ რომ მქონდა სურვილი მათ დაეჭირათ ჩემთვის მხარი. მივედი და გარშემო დავინახე უამრავი ხალხი, გაჭირვებული და ა.შ. ეს იყო ორგანიზებული “ნაციონალური მოძრაობის” მიერ. ხალხმა შეკითხვები დამისვა და ვუთხარი მათ, რომ მე ამათი ადამიანი არ ვარ, მე ვარ დამოუკიდებელი კანდიდატი. მე მათ ვუთხარი, რომ ყველაფერი ის, რაც მათ არ აკმაყოფილებს, დაიწყო წინა ხელისუფლების დროს და ახლაც გრძელდება, მე არ უარვყოფ ამას. ამაზე დამიყვირეს, რომ მიშას დრო ჯობდაო. მე სახტად დავრჩი იმიტომ, რომ მიშას დროზე ცუდი არასოდეს არ გვქონია ჩვენ და ახლაც რაღაცეები ჯობია. მე ასე ვთვლი. ცოცხებზე მაინც არ სვამენ ხალხს და პანტაპუნტით არ იჭერენ ოპოზიციას”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“საპრეზიდენტო კანდიდატები ყველანი კომპრომენტირებულნი არიან... ვაშაძე მოსკოვში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ისეთ განყოფილებაში, რომ უბრალოდ არ შეიძლება “კაგებეშნიკი” არ ყოფილიყო. აქ რომ ჩამოიყვანა სააკაშვილმა, რვა თვე იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი რუსული პასპორტით. ახლა ბაქრაძე - ეს არის ადამიანი, რომელიც სულ იცინის. ბაქრაძე იყო კაცი, რომელმაც გამოაცხადა ჩვენი ჯარების შესვლა ცხინვალში - გამოაცხადებინა მიშამ, თვითონ დაიმალა, ესმოდა, რომ რაღაც სისულელეს აკეთებდა. ჩვენს ხალხს მეხსიერება არ აქვს. ადამიანი, რომელიც მიშას მისცემს ხმას, არ უნდა იყოს ნორმალური. მე ასე მიმაჩნია. მიშას ახლაც საქართველოდან წაღებული ფული აქვს. ვაუჩერიზაციის დროს ყველაფერი სახელმწიფოსი იყო და ჩვენ გვქონდა 1/3 კინოსტუდიის. ვერ ვიხდიდით ვერც დენის ფულს და ერთ მშვენიერ დღესაც ეკონომიკის სამინისტრომ, სადაც სააკაშვილის დამქაში იჯდა, გვითხრა, რომ კინოსტუდიის ნახევარი უნდა გაგვეყიდა. კინოსტუდია ისეთ კატასტროფულ მდგომარეობაში იყო, რომ გაყიდვა გადავწყვიტეთ და გვითხრეს, რომ 2 მლნ დოლარად იყიდება და მილიონს თქვენ მოგცემთ, მილიონს ჩვენ, სახელმწიფო წაიღებსო. მერე გაირკვა, რომ ქეშით პირდაპირ არველაძის კაბინეტში 6 მლნ მიუტანიათ. ეკონომიკის სამინისტროში მითხრეს, რომ ვნახეთ, ყუთებით როგორ ჩადეს ფული მანქანაში და არველაძემ როგორ წაიღო ეს კანცელარიაშიო. ეს არის ის მილიარდები, რომელიც მიშას ახლა აქვს. ეს ფული მიდიოდა პირდაპირ სააკაშვილთან და ბანკირი იყო კეზერაშვილი”, - ამბობს კინორეჟისორი.
“აქ წავა ორი სატანის შეჯიბრი - ვინ ვის დადებს. მოისყიდიან ხალხს. პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატების არჩევნებისას გურჯაანში ერთ ვაჟკაცს ვუჭერდი მხარს, ელგუჯა გიორგაძეს, რომელსაც მთელი გურჯაანი უჭერდა მხარს. არ აწყობდა ეს “ოცნებას” და მოიყვანეს თავიანთი კანდიდატი, ახალგაზრდა ბიჭი, რომლის მამაც კომუნისტების დროინდელი კახეთის გუბერნატორი აღმოჩნდა. რეესტრიდან მისი ქონება ამოვიღეთ, რაღაც წარმოუდგენელია - თბილისში მთელი ქუჩები და ბინები აქვს ნაყიდი, 1500 ჰექტარი ვენახი აქვს დღეს ამ სონღულაშვილს და ა.შ. ჩემი გონივრული ეჭვით ეს ადგილი იყიდეს. ფული მიჰქონდათ პირდაპირ კანცელარიაში, იქ იჯდა “ტროიკა” - კვირიკაშვილი, კალაძე და კობახიძე, - ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც წყვეტდნენ, საბოლოოდ კანდიდატი ვინ იქნება... გამოსავალი ერთია - ხალხს მოვუწოდებ, რომ არ უნდა მივიდეთ არჩევნებზე, ბოიკოტი უნდა გამოვაცხადოთ. ვიღაცები, ვინც ფული აიღო, მივლენ, მაგრამ წესიერი ხალხი არ უნდა წავიდე”, - მიიჩნევს შენგელაია.
“პატარა ქვეყნების ბედი დღეს წყდება დიდ ქვეყნებში, ხოლო ეგენი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ არჩევნებზე დასწრებას. დავუშვათ, გავა სალომე ზურაბიშვილი, ეს, ჩემთვის პირადად, კოშმარული ქალი, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, რომ ყოველგვარი კონფლიქტის გარეშე ეს ორი სატანა მუხლებზე დავაყენოთ. მოვუწოდებ ქართველ ხალხს, რომ არავინ არ წავიდეს არჩევნებზე და მოაწყოს ბოიკოტი და ჩვენ მოვიგებთ - ცოტანი ვართ, მაგრამ მოვიგებთ... მე ხალხს ვპირდებოდი, მაგალითად, პენსიების გაზრდას იმ დანამატების ხარჯზე, რომელსაც ისინი მინისტრებს აძლევენ. უცებ მოემატებოდა ყველას 20 ლარი. იცით, რაშია საქმე, თუ ჩვენ ახლა არ დავიცავთ საკუთარ თავებს, მაშინ ჩვენ მივაფურთხებთ ყველა ჩვენს წინაპარს, უდიდეს მწერლებს - რუსთაველს ბესიკს, ბარათაშვილს, ვაჟას, ილიას და ა.შ. დაფიქრდნენ ქართველები, როგორ შეიძლება ასე, ჩვენ არ დავნებდით მონღოლებს, თურქ-სელჩუკებს და ახლა ამ ბანკირებს უნდა დავნებდეთ?!” - დასძენს რესპონდენტი.