საჩხერის სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ახალი ადმინისტრაციული შენობა აქვს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, საჩხერის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი ადმინისტრაციული შენობა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულ–გუბერნატორ შავლეგო ტაბატაძესთან, საჩხერის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატ პაატა კვიჟინაძესთან და საჩხერის მუნიციპალიტეტის მერ ბენიამენ ფალავანდიშვილთან ერთად გახსნა.
სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი შენობა სრულად არის აღჭურვილი საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ინვენტარით. ცენტრში სამუშაო, მოსასვენებელი და ტექნიკური 11 ოთახია გამოყოფილი. გარე პერიმეტრზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განსათავსებლად, სპეციალური სივრცეა მოწყობილი.
სამინისტროს განცხადებით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს. ქვეყნის მასშტაბით უკვე ხუთი ასეთი ცენტრი გაიხსნა. დღეისთვის, ახალ შენობებში ფოთის, ბორჯომის, ხონისა და ქობულეთის რაიონული სამსახურებია განთავსებული.