„ქართული ღვინის ფესტივალი 2018" 50-მდე დასახელების კომპანიას საშუალებას აძლევს, საკუთარი პროდუქცია ასობით ქართველ და უცხოელ სტუმარს წარუდგინოს

„ქართული ღვინის ფესტივალი 2018" 50-მდე დასახელების კომპანიას საშუალებას აძლევს საკუთარი პროდუქცია ასობით ქართველ და უცხოელ სტუმარს წარუდგინოს. გასული წლისგან განსხვავებით, წელს ფესტივალზე ღვინის მსხვილ კომპანიებთან ერთად, მცირე მარნებიც არიან წარმოდგენილნი.

როგორც „მეღვინეობა ხარებას" წარმომადგენელი „ინტერპრესნიუსთან" საუბარში აღნიშნავს, ისინი ფესტივალში უკვე მეორედ იღებენ მონაწილეობას.

„ფესტივალზე ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს 15 სახეობის ღვინო, როგორც ევროპული ტექნოლოგიის, ასევე ქვევრის ქართული ტრადიციული ღვინოები. ფესტივალის იდეა პირველ რიგში, ძალიან კარგია ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის. გარდა ამისა, კომპანიას ეძლევა საშუალება თავი გამოაჩინოს და საკუთარი ღვინო რაც შეიძლება მეტ მომხმარებელს გააცნოს. ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ შარშანდელ ღვინის ფესტივალშიც. ტურისტების მხრიდან ძალიან დიდი დაინტერესებაა ასეთი ფესტივალების მიმართ. მათ ყველაზე მეტად ქინძმარაული მოსწონთ,"- განაცხადა „მეღვინეობა ხარებას" წარმომადგენელმა ნათია ხმალაძემ.

როგორც კომპანია „ძველი მარნის" მენეჯერი აღნიშნავს, ქართული ღვინო საქართველოს სავიზიტო ბარათია და ეს არის ის, რითიც ქვეყანაში ტურისტების მოზიდვა ხდება. მან ფესტივალის ორგანიზატორებს მადლობა ღონისძიების ჩატარებისთვის გადაუხადა.

„ქართული ღვინო სავიზიტო ბარათია საქართველოსთვის და ეს არის ის, რაც საქართველოში ტურისტს იზიდავს. ჩვენი კომპანია უკვე ხუთი წელია წარმოდგენილია ქართულ და უცხოურ ბაზრებზე. ვაწარმოებთ 15 სახეობის ღვინოს. თითოეული მათგანი დაყენებულია ქართული ტრადიციული ტექნოლოგიით. ჩვენი ღვინოები გამოირჩევა არამხოლოდ ხარისხით, არამედ მათი დიზაინითაც. ჩვენი ღვინის ბოთლები ხელნაკეთია და დამზადებულია ბრინჯაოსგან. ასევე, ჩვენს ღვინის კომპანიას დედაქალაქში ყველაზე ძველი, მე-17 საუკუნის მარანი აქვს. ბევრი ტურისტი და მედიის წარმომადგენელი მოდის ამ მარნის დასათვალიერებლად.

მინდა მადლობა ვუთხრა „მეიდან ჯგუფსა" და allwine.ge-ს ამ ფესტივალის ორგანიზებისთვის იმიტომ, რომ საშუალება გვეძლება ჩვენი ღვინის შესახებ პოტენციურ მომხმარებლებს ინფორმაცია მივაწოდოთ,"- განაცხადა კომპანია „ძველი მარნის“ მენეჯერმა მირანდა მაისურაძემ.

ამგვარი ფესტივალების ჩატარებას მიესალმება მცირე საოჯახო მარნის „ძმები ხუციშვილების ღვინის მარნის" წარმომადგენელიც. მისი თქმით, ეს ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას.

„მივესალმები ამგვარი ფესტივალების ჩატარებას. ეს საშუალებას გვაძლევს, რომ როგორც მცირე, ასევე დიდმა მარნებმა საკუთარი ღვინო წარმოადგინონ. ზოგადად ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის ძალიან დიდი საქმე კეთდება ამ ფესტივალების სახით“, - განაცხადა "ძმები ხუციშვილების მარნის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გელა ხუციშვილმა.

„ქართული ღვინის ფესტივალი 2018" გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტმა ლევან დავითაშვილმა გახსნა. ფესტივალი შარდენზე, სიონის ქუჩაზე მიმდინარეობს და 19:00 საათამდე გაგრძელდება.

„ქართული ღვინის ფესტივალი 2018“-ის პარტნიორები არიან: მოძრაობის თეატრი, ფოლკლორის ეროვნული ცენტრი, ART Shok Company.

ფესტივალის მედია მხარდამჭერები არიან: პალიტრანიუსი, რადიო პალიტრა, ambebi.ge,events.ambebi.ge, ipn.ge, kvirispalitra, georgianjournal.ge, allnews.ge, reitingi.ge.

იხილეთ ვიდეო: "ქართული ღვინის ფესტივალი 2018" 50-მდე დასახელების კომპანიას საშუალებას აძლევს, საკუთარი პროდუქცია ასობით ქართველ და უცხოელ სტუმარს წარუდგინოს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო