ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2018

ვახტანგ ძაბირაძე - “ხელისუფლებას რჩება ერთი გზა - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თან, რაც შეიძლება სწრაფად”

“ყველაზე ბინძური საარჩევნო კამპანია...” - როგორ მოქმედებს ამომრჩეველზე 3 მთავარი კანდიდატის რეკლამები

დავით უსუფაშვილი - “ყველაზე მეტად სახელისუფლებო გუნდის უმართაობა მაფიქრებს”

გია ხუხაშვილი - “ხელისუფლება თავის თავს ესვრის”

* * *

ვახტანგ ძაბირაძე - “ხელისუფლებას რჩება ერთი გზა - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თან, რაც შეიძლება სწრაფად”

“დიდი ხანია ვამბობ, რომ თუ სისტემა არ შეიცვალა, ქართულ სახელმწიფოს არაფერი ეშველება. ჩვენში წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული სისტემის მართვა ძალიან ძნელია. ის ან უნდა მართო ისე, როგორც მართავდა სააკაშვილი, ან საბოლოოდ მიხვალ იქამდე, რაც ხდებოდა შევარდნაძის დროს, როდესაც პროცესი საერთოდ უმართავი გახდა. აქ შუალედის პოვნა შეუძლებელია. სახელმწიფო მანქანა ურთულესი მექანიზმია. დემოკრატიული ინსტიტუტები, განაწილებული ძალაუფლება სწორედ იმიტომ არის საჭირო, რომ მოხერხდეს სახელმწიფოს დაბალანსებულად მართვა. როდესაც სისტემას არ ცვლი, მართვის სტილს იმავეს ტოვებ, თუმცა რეფორმებზე ლაპარაკობ, უნდა იცოდე, რომ მარცხისთვის ხარ განწირული. შედეგად სწორედ ისეთი პროცესები ვითარდება, როგორსაც ახლა ვხედავთ...”, - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ხელისუფლებას რჩება ერთი გზა - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თან, რაც შეიძლება სწრაფად” / “თუ “ბიჭები” დროზე არ ალაგმე, სხვა ბიზნესჯგუფების მოწველასაც დაიწყებენ და საბოლოოდ, დავბრუნდებით შევარდნაძის ეპოქაში” / “ჩვენ ვნახეთ, რომ თურმე არსებობს სახელისუფლებო სტრუქტურები და ასევე არსებობს მათ პარალელურად მოქმედი გავლენის ჯგუფები, რომლებსაც სახელმწიფო სტრუქტურები ემორჩილებიან...”

“რა ქნა “ქართულმა ოცნებამ”? მან “ნაციონალებისგან” გადაიბარა მართვის სისტემა და სცადა, ოდნავ შეერბილებინა, ანუ არარეპრესიული სისტემა კი არ შექმნა, რეპრესიული სისტემის ლიბერალიზაცია სცადა, საბოლოოდ კი ვხედავთ, რომ შეიძლება მართვის სადავე საერთოდ გაექცეთ ხელიდან. კარგად ვიცით, სააკაშვილის დროს რაც ხდებოდა, როგორ აყაჩაღებდნენ ბიზნესს, ინაწილებდნენ წართმეულ წილებს და ა.შ. გვახსოვს პროტექციონიზმიც... დღეს შესაძლოა, ასე პირდაპირ და მასშტაბურად ბიზნესს არ ავიწროებენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბიზნესგარემო საბოლოოდ გათავისუფლდა. მაინცდამაინც არ ვარ “ომეგა ჯგუფის” საქმეში ჩახედული, მაგრამ საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ოქუაშვილი თვითონაც მოქმედებდა უკანონოდ. მას აქვს ბიუჯეტის დავალიანება და ამას არც უარყოფს, ამ ჩანაწერებით კი ჩანს, რომ ამ ვალის ჩამოსაწერად გარიგებას ცდილობდნენ. ვინ მონაწილეობდა ამაში? გვესმის ივანიშვილის, ჩხარტიშვილის, ფარცხალაძის, ყიფიანის სახელები, რომლებიც იმ დროს სახელმწიფო მართვაში ოფიციალურად აღარაფერს წარმოადგენდნენ. ვინ მისცა უფლება ამ ხალხს, გადაწყვიტოს, ვის ეპატიოს სახელმწიფო ბიუჯეტის მილიონები და ვის _ არა?” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“ვერაფერს ვამბობ ლევან ყიფიანის განცხადებებზე... არ ვიცი, რა კომენტარი შეიძლება გაკეთდეს... ადამიანი ისეთ დაუჯერებელ სიუჟეტებს ჰყვება!.. მზად არის, თაღლითობაზე მოაწეროს ხელი, ოღონდ რატომ, რის ფასად? ვის აფარებს ხელს?! მოკლედ, მე ყველაფერი ასე დავინახე: ბიზნესმენი ცდილობს, თავი აარიდოს გადასახადებს, მეორე მხარეს კი ვიღაცები მას ამაში ფულს სთხოვენ. არ ვამბობ, რომ ეს ოთხი მილიონი, რასაც ჩანაწერებში ახსენებენ, ბიძინა ივანიშვილს უნდოდა და მასთან უნდა მისულიყო, მაგრამ, სავარაუდოდ, “ბიჭებს” დასჭირდათ... თუ “ბიჭები” დროზე არ ალაგმე, სხვა ბიზნესჯგუფების მოწველასაც დაიწყებენ და საბოლოოდ, დავბრუნდებით შევარდნაძის ეპოქაში. მოგეხსენებათ, სახელმწიფოს ათასი ბერკეტი აქვს სასურველი ბიზნესის ხელშესაწყობად და არასასურველის გასაჩერებლად. არ მიმაჩნია, რომ ოქუაშვილი ანგელოზია, მაგრამ უფრო სავალალოა, რომ ამაში გარეული არიან ხელისუფლების ნაწილი და არაფორმალური გავლენიანი ჯგუფები. ჩვენ ვნახეთ, რომ თურმე არსებობს სახელისუფლებო სტრუქტურები და ასევე არსებობს მათ პარალელურად მოქმედი გავლენის ჯგუფები, რომლებსაც სახელმწიფო სტრუქტურები ემორჩილებიან... როგორც ჩანს, ოთარ ფარცხალაძეს მართლაც აქვს პირდაპირი კავშირი ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახთან. სხვაგვარად მას ასე მხარს არ დაუჭერდნენ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“დღეს მის წინააღმდეგ მძლავრი შტურმი დაიწყო და არ გამოვრიცხავ, ცოტა ხანში ჩააჩოჩონ კიდეც, თუმცა ფაქტია, რომ ის მთავარი პროკურორობიდან სკანდალურად წასვლის შემდეგაც ახდენდა გავლენას ხელისუფლებაზე, განსაკუთრებით - პროკურატურაზე. ის მართლაც ძალიან ჰგავს კეზერაშვილს, თუმცა განსხვავება მაინც არის. კეზერაშვილიც, ფარცხალაძის მსგავსად, უცებ გამდიდრდა და კულუარებშიც ბევრს ლაპარაკობდნენ მის მიერ ბიზნესის რეკეტზე, მაგრამ ქვეყანაში არსებული რეპრესიული მანქანის გამო ოპოზიციური მედია და სამოქალაქო სექტორი მის მიმართ ასეთი აგრესიული ვერ იყო. დარწმუნებული ვარ, სააკაშვილის დროს უარესი ხდებოდა, თუმცა მაშინ ხმის ამოღებას გამბედაობა სჭირდებოდა, რადგან ამას სისტემა ახშობდა. დღეს რეპრესიულმა წნეხმა იკლო, შესაბამისად, ასეთი თემები უფრო წინ წამოვიდა. ვიმეორებ: ვეჭვობ, რომ მას უშუალოდ ივანიშვილი უჭერს მხარს. სხვაგვარად ის ამ გავლენას ვერ შეინარჩუნებდა და აუცილებლად მოუწევდა პასუხისგება - ბოლოს და ბოლოს, დაკითხვაზე მაინც დაიბარებდნენ! რაც უნდა ამტკიცოს მისმა ადვოკატმა, რომ თურმე კონსულტანტობით გამდიდრდა კომპანიაში, რომელსაც მუშაობა ჯერ არც დაუწყია, ამას ვინ დაიჯერებს?! შეიძლება მურუსიძე, ფარცხალაძე და სხვები ხელისუფლების შანტაჟს მართლაც ცდილობდნენ, მაგრამ ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ისინი ისეთს ვერაფერს იტყვიან და დაუშავებენ, როგორი დამანგრეველი ეფექტიც შეიძლება ჰქონდეს მათთან თანამშრომლობას. სწორედ მათი არსებობა და მათთან “ჰარმონიული თანაცხოვრებაა” მმართველი ძალისთვის უდიდესი პრობლემა”, - თვლის ექსპერტი.

“ასეთი არჩევნები საქართველოში, ვფიქრობ, ჯერ არ ყოფილა. კომპრომატებითაც კი არ ებრძვიან ერთმანეთს, პირდაპირ ზღვარგადასული ლანძღვა-გინება გვესმის. ამდენი სიბინძურე, აგრესია, სიძულვილი, ცილისწამება, უსაფუძვლო ბრალდება აქამდე არ მინახავს! არჩევნები საქართველოში ყოველთვის ნეგატივზე იყო აგებული, მაგრამ ახლა ამის მასშტაბი მართლაც განუსაზღვრელია. ყველა ძირითადი კანდიდატის პიარკამპანია მძიმე საყურებელია. გამონაკლისია დავით უსუფაშვილი, რომელიც ამ ყველაფრისგან განზე დგას. ისმის კითხვა: რატომ მიიღო ყველაფერმა ასეთი სახე? ჩემი აზრით, ამის პირველი მიზეზი ის არის, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილების ასეთი შემცირება მაშინ, როდესაც მოსახლეობა მისგან კვლავ ითხოვს იმ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას, რაც აქამდე ევალებოდა, კანდიდატებს უხერხულ და გაუგებარ ვითარებაში აგდებს. ისინი ვერ ქმნიან პოზიტიურ დღის წესრიგს, ამიტომ ყურადღების გადატანას და ამომრჩევლის ყურადღების მოზიდვას ერთმანეთის ლანძღვით ცდილობენ. ასე სურთ, დაამტკიცონ, რომ სხვებზე უკეთესები არიან...”, - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

“მეორე მიზეზი მგონია ის ტრადიცია, რომელიც 2012 წელს დამკვიდრდა - უკიდურეს ნეგატივზე აგებული ორი პოლიტიკური ძალის დაპირისპირება, რომელიც შიშის ელემენტსაც შეიცავს. “ქართული ოცნება”, უკვე მერამდენე არჩევნებია, იმუქრება, ჩვენ თუ არ გავიმარჯვებთ, “ნაციონალები” დაბრუნდებიანო... საბოლოოდ კი ვიღებთ ამ ყველაფერს, რაც საშინელი საყურებელია. ამას კიდევ ეშველებოდა, ეს პროცესი 28 ოქტომბერს რომ შეწყდეს, მაგრამ ეს ხომ არჩევნებისთანავე ვერ გაჩერდება! ეს ნეგატივი ილექება მოსახლეობის მეხსიერებაში, ქმნის უარყოფით აურას... რასაც დღეს ვხედავ, მაფიქრებინებს, რომ ჩვენ 30-წლიანი დამოუკიდებლობის განმავლობაში პოლიტიკური და საზოგადოებრივი ელიტის თვალსაზრისით ყველაზე დაბალ დონეზე დავეშვით. ფაქტობრივად, განადგურებულია ყველა - ხელისუფლებაც, ოპოზიციაც, საზოგადოებაც. ყველანი აღმოვჩნდით ამ პროცესში ჩართული. მედია და სამოქალაქო სექტორიც კი ორი პოლიტიკური პოლუსის მიხედვით არის განლაგებული, არადა დღეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, ამომრჩეველს ორივე ამ ძალის - “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობისთვის” (თავისი განშტოებებით) უარი ეთქვა! ეს იდეა თითქოს მომწიფებულია, მაგრამ მისი განმახორციელებელი არ ჩანს და მე აქ მხოლოდ პოლიტიკურ ძალას არ ვგულისხმობ. საქმე ის არის, რომ არც საზოგადოებრივი ძალა ჩანს, არადა, ახალი პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბების პირველი სიმპტომი სწორედ საზოგადოებაში უნდა გაჩნდეს”, - დაასკვნის რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ოცნება" მთელი ძალით ჩაერთო საარჩევნო პროცესში - ადმინისტრაციული რესურსი, ფინანსები და ა.შ. მაშ, რა საჭირო იყო ეს ფარსი და სალომე ზურაბიშვილის დამოუკიდებელ კანდიდატად წარმოჩენა?” - პასუხობს:

“როგორც ჩანს, საწყის ეტაპზე მიიჩნევდნენ, რომ სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებისთვის “ლაითი” მხარდაჭერაც იკმარებდა... “ოცნება” იძულებული გახდა, უფრო აქტიურად ჩართულიყო პროცესში - “ქართულ ოცნებას" არ აქვს დამარცხების რესურსი. მათთვის პრეზიდენტის სავარძელი კი არ ნიშნავს რამეს, არამედ იციან, რა დიდ პრობლემად შეიძლება ექცეთ მარცხი, იმიტომ, რომ მოსახლეობა საბოლოოდ დაიჯერებს მათ უნიათობას. გარდა ამისა, “ნაციონალურ მოძრაობას” მიეცემა რეანიმაციის შანსი და 2020 წლის არჩევნებისთვის სულ სხვა პროცესები დაიწყება. ამიტომაც ვფიქრობ, ზურაბიშვილის გამარჯვებისთვის ყველაფერს მოიმოქმედებენ... არა მგონია, ”ოცნება” ფიქრობდეს, ახლა წავაგოთ არჩევნები და 2020 წლისთვის ნელ-ნელა გადავაბაროთ ხელისუფლებაო...”

“ერთიც უნდა ვთქვა - დღევანდელ ვითარებაში ვაშაძეც, ზურაბიშვილიც და ბაქრაძეც, არჩევის შემთხვევაში, იქნებიან კონკრეტული პარტიის პრეზიდენტები, დათო უსუფაშვილი კი იქნება ქვეყნის პრეზიდენტი. ეს უკვე აშკარად ჩანს! რას ნიშნავს ქვეყნის პრეზიდენტი? ეს ნიშნავს, რომ არ იქნება არც ერთი პოლიტიკური ძალის ინტერესების მსახური... სამწუხაროდ, დღეს ამგვარ პოლიტიკოსებზე მოთხოვნილება არ არის... ბიზნესიც ძალიან ვიწრო კუთხით უყურებს პოლიტიკას - ყველას სჭირდება ისეთი მთავრობა, რომელიც მის სამართალს აღასრულებს და არა ქვეყნის, ამიტომაც დათო უსუფაშვილის მსგავსი პოლიტიკოსები ჩვენში პოპულარულები არასდროს ყოფილან... იმის გამო, რომ მოსახლეობის მხარდაჭერით თითქმის არავინ სარგებლობს, იქმნება ძალიან მძიმე ვითარება. პროცესები შეიძლება უმართავი გახდეს. ხელისუფლებას რჩება ერთი გზა - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თან, რაც შეიძლება სწრაფად. ხელისუფლებამ უნდა გადაახალისოს თავისი შემადგენლობა, როგორც საპარლამენტო, ისე სამთავრობო - თუ ხელისუფლება ამას არ გააკეთებს და ვერც საზოგადოება მოახერხებს კონსოლიდაციის ბირთვის შექმნას, ვშიშობ, ქაოსური პროტესტისა და ახალი სამოქალაქო დაპირისპირების მოწმენი არ გავხდეთ”, - დასძენს ექსპერტი.

“ყველაზე ბინძური საარჩევნო კამპანია...” - როგორ მოქმედებს ამომრჩეველზე 3 მთავარი კანდიდატის რეკლამები

“საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი კვირაღა დარჩა და საარჩევნო კამპანია კულმინაციას უახლოვდება. ამომრჩეველს, სოციალური ქსელისა თუ ტელევიზიის საშუალებით, პრეზიდენტობის კანდიდატების სხვადასხვა დაპირება ესმის. რამდენად ეფექტურია ამა თუ იმ პრეზიდენტობის კანდიდატის სარეკლამო რგოლები და სლოგანები, რა არის მთავარი მესიჯი და როგორ შეიძლება იმოქმედოს ამ ყველაფერმა ამომრჩეველთა გადაწყვეტილებაზე? “რეზონანსი” შეეცადა, ეს ქართველ ექსპერტებთან გაერკვია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “ყველაზე ბინძური საარჩევნო კამპანია...” - როგორ მოქმედებს ამომრჩეველზე 3 მთავარი კანდიდატის რეკლამები.

“წლევანდელი კამპანიისას ამომრჩეველს ხშირად ესმის ნეგატიური მესიჯების შემცველი სლოგანებიც; პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ მსგავსი ნეგატიური სარეკლამო რგოლები საზოგადოებას არ მოსწონს და დამოკიდებულება იცვლება როგორც იმ ადამიანის მიმართ, ვისკენაც ეს ნეგატივია მიმართული, ასევე იმის მიმართაც, ვინც სწორედ ასეთ ხერხს მიმართავს. “ნაცმოძრაობის” სარეკლამო რგოლების ნაწილში “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის - სალომე ზურაბიშვილის გამონათქვამებია გამოყენებული და იგი მოღალატედაა გამოცხადებული. “საერთოდ, უარყოფითი არგუმენტების შემცველი კამპანია ამომრჩეველს არ უყვარს. დამოკიდებულება გამოიხატება არა მარტო იმის მიმართ, ვისკენაც ტალახი არის ნასროლი, არამედ იმის მიმართაც, ვინც ამ ტალახს ისვრის. ამ შემთხვევაში ორივეს რეიტინგი ეცემა. გააჩნია ამომრჩევლის პოზიციას, დადებითი და უარყოფითი დამოკიდებულება ვის მიმართ აქვს. თუ ადამიანს მოსწონს კანდიდატი, უარყოფითი პიარი ჭეშმარიტებად აღიქმება. შედეგი, რომელსაც ესა თუ ის ხერხი იწვევს, ბევრ რამეზეა დამოკიდებული. ყველაზე რთული გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მიმხრობაა”, განაცხადა რამაზ საყვარელიძემ, რომლის თქმით, “ვინც არც ერთ მხარეს არ არის, მისთვის ასეთი ნეგატივის შემცველი განცხადებები ნებისმიერი მხრიდან მიუღებელია და როგორც ერთისთვის, ისე მეორისთვის, ვინც ერთმანეთს ტალახს ესვრიან, ხმის მიცემა არ სურს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სოციოლოგ ვაკა გორგილაძის აზრით, ზოგადად, წლევანდელი წინასაარჩევნო კამპანია საკმაოდ “ბინძურია”. “ნაცმოძრაობისთვის” მთავარი საფრთხე “ევროპული საქართველოა” და არა “ქართული ოცნება”, ამიტომაც მისი წინასაარჩევნო კამპანია საკმაოდ აგრესიულია. “საერთოდ, ყველაზე ბინძური და აგრესიული კამპანიაა. როდესაც კანდიდატები თავიანთ საეთერო დროს უთმობენ ნეგატიურ რეკლამას, შავ პიარს, ეს ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. ცხადია, რომ ვაშაძისა და მისი ამ გაერთიანებისთვის პოლარიზაცია და განსაკუთრებულად აგრესიული კამპანია ხელსაყრელია. ვაშაძისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ხმა წაიღოს დავით ბაქრაძისა და “ევროპული საქართველოს” ელექტორალური რესურსიდან. ვაშაძისა და “ნაციონალური მოძრაობისთვის” ყველაზე დიდი საფრთხე არა “ოცნება”, არამედ “ევროპული საქართველოა”. მისი კანდიდატისთვის მეორე ადგილის დათმობა ნიშნავს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” დაადგება პოლიტიკური დეფრაგმენტაციის გზას და დაკარგავს იმ მხარდაჭერასაც კი, რომელიც აქვს. ეს აგრესიული ტონალობა ვაშაძისა და მისი კამპანიისა ალბათ იმით არის განპირობებული, რომ მოხდეს რადიკალიზაცია”, - აღნიშნავს გორგილაძემ, რომელიც თვლის, რომ “ამავე დროს “ნაცმოძრაობას” სურს “ევროპულ საქართველოსაც” აჩვენოს, რომ “ქართული ოცნების” პრინციპული მოწინააღმდეგე სწორედ ის არის”, - განაგრძობს გამოცემა.

“ზურაბიშვილთან მიმართებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ “ევროპული საქართველოსა” და “გაერთიანებული ოპოზიციის” კანდიდატები, რომლებიც მას უპირისპირდებიან, “ნაციონალური მოძრაობის” წიაღიდან არიან და რაც მთავარია, ეს ორი კანდიდატი აგებს პასუხს 2008 წელს განვითარებულ მოვლენებზეც. იმ დროს ერთს - პარლამენტის თავმჯდომარის, მეორეს კი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა. ზურაბიშვილი ამომრჩეველს ახსენებს, რომ ამ დამარცხებასა და დაკარგულ ტერიტორიებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ვაშაძესა და ბაქრაძეს ეკისრებათ. იგი ხაზს უსვამს მისი მისამართით არარელევანტურ კრიტიკას, როდესაც ვაშაძის შტაბი რაღაც ინტერესების ღალატში ადანაშაულებს”, - დასძენს გამოცემასთან საუბრისას ვაკა გორგილაძე.

“პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ სარეკლამო რგოლებში, წესით, მეტი ყურადღება კანდიდატთა სამომავლო გეგმებს უნდა ექცეოდეს, რაც პრეზიდენტობის კანდიდატების მთავარ სლოგანებში რეალურად არ ჩანს - “პოტენციური ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილი მეტ ყურადღებას კანდიდატის განვლილ პოლიტიკურ საქმიანობას დაუთმობს. ძირითადად ისმის კრიტიკა პრეზიდენტობის კანდიდატების მიმართ, მაგრამ, მეორე მხრივ, წინასაარჩევნო კამპანია შავ პიარზე უფროა აგებული. ფოკუსირება არ ხდება მომავალზე. სლოგანში უნდა ჩანდეს, მომავალში რის განხორციელებას აპირებს კონკრეტული პრეზიდენტობის კანდიდატი. ქართულ პოლიტიკურ კულტურაში, სამწუხაროდ, ჯერჯერობით შავი პიარი დომინირებს და არა თეთრი პიარტექნოლოგიები”, - ამბობს ჩიტაძე. მისივე აზრით, ამომრჩევლის გადაწყვეტილების მიღებაში დიდ როლს ითამაშებს ზურაბიშვილის ის გამონათქვამები, რაც 2008 წლის ომის დაწყებას შეეხება და მისი სლოგანი “ერთად საქართველოსთვის” ამომრჩევლისთვის ნაკლებად საინტერესო იქნება”, - წერს სტატიის ავტორი.

“სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე ომის დაწყებასთან დაკავშირებით, მის მიერ ჟურნალისტებისთვის ნათქვამ სიტყვებსა თუ გამონათქვამებზე უფრო გამახვილდება ყურადღება, ვიდრე მის სლოგანზე - “ერთად საქართველოსთვის”. ვინც არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, იმათ არ ვგულისხმობ. ვისაც 20 ლარს უხდიან, მიდიან და ეუბნებიან, რომ კონკრეტული ნომერი შემოხაზონ. ვგულისხმობ მათ, ვინც მერყეობს სხვადასხვა კანდიდატს შორის - ჯობია, ეს ადამიანები ტელევიზიისა და სოცილაური ქსელის საშუალებით საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს მეტ-ნაკლებად თვალს ადევნებდნენ. მგონია, რომ სლოგანზე მეტად სხვადასხვა განცხადება იმოქმედებს და ამომრჩევლის ყურადღება კონკრეტული პრეზიდენტობის კანდიდატების წარსულ პოლიტიკურ საქმიანობაზე იქნება გამახვილებული”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

დავით უსუფაშვილი - “ყველაზე მეტად სახელისუფლებო გუნდის უმართაობა მაფიქრებს”

“სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ვერ წაიყვანა საქმეები, დაწყებული პრემიერის შეცვლით, გაგრძელებული პრეზიდენტობის კანდიდატის შერჩევით და შემდეგ უკვე იმ ტიპის ინიციატივებით, რამაც მთელი ქვეყანა გააოგნა, როგორიც იყო, მაგალითად, მარიხუანას მოყვანა-ექსპორტის ინიციატივა და შემდეგ საარჩევნო კამპანია, როდესაც ხელისუფლება ვედროებით ასხამს ცეცხლზე ნავთს და აღვივებს დაპირისპირებას საზოგადოებაში... პოლიტიკური კრიზისის საფუძველი ნამდვილად არსებობს და პრეზიდენტის არჩევნების შედეგებმა შესაძლოა ამ კრიზისის მომწიფება დააჩქაროს. სხვათა შორის, იმ შემთხვევაშიც, თუ სახელისუფლებო კანდიდატი გამოცხადდება გამარჯვებულად და ეს საზოგადოებისთვის არ იქნება დამაჯერებელი, და იმ შემთხვევაშიც, თუ რევანშისტული ოპოზიციური ძალების წარმომადგენელი გამოაცხადებს თავს გამარჯვებულად”, - აცხადებს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, “შენების მოძრაობის” პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრასთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით დავით უსუფაშვილი: “ყველაზე მეტად სახელისუფლებო გუნდის უმართაობა მაფიქრებს” / “ვისურვებდი, რომ არჩევნებზე საზოგადოებამ “ქართულ ოცნებას” ყვითელი ბარათი აჩვენოს, “ნაცმოძრაობას” კი წითელი დაუტოვოს”.

“ამ ყველაფერმა პოლიტიკური კრიზისის ალბათობა უფრო გაზარდა და შესაძლოა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები აღმოჩნდეს გამოსავალი. ამის ალბათობა დიდია, თუმცა მე პოლიტიკურად ამ გზას არ დავისახავდი, რადგან ასეთ ვითარებაში შევძლებთ თუ არა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებთან გამკლავებას, სათუოა. ვისურვებდი, რომ საზოგადოებამ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, რაც, ჩემი აზრით, ნიშნავს “ქართული ოცნებისთვის” ყვითელი ბარათის ჩვენებას და მის კანდიდატზე უარის თქმას. მეორე მხრივ, “ნაცმოძრაობისთვის” წითელი ბარათის დატოვებას, ანუ მისი წარმომადგენლის უარყოფას და მწვანე შუქის მიცემას იმ პოლიტიკური ძალებისთვის, რომლებიც ქვეყნის ევოლუციურ განვითარებას უზრუნველყოფენ. ეს იქნებოდა სწორი გამოსავალი და არა ის, თუ როგორ წავაქციოთ დასუსტებული ხელისუფლება, რათა ისევ ხელთ იგდოს რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით უსუფაშვილი და შეკითხვაზე - “ამ ორ კვირაში თუ ელოდებით რაიმე ისეთი მოხდება, რაც არჩევნებზე რადიკალურ გავლენას იქონიებს...” - პასუხობს:

“ყველაფრის ჩამდენი ხალხისგან არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. ყველაზე მეტად კი მაფიქრებს სახელისუფლებო გუნდის უმართაობა, წინააღმდეგობებით სავსე ნაბიჯები, მაზოხისტური გამოვლინებები... ასეთ ვითარებაში არაფერია გამორიცხული. ძალიან კარგად ვიცი, რომ საერთაშორისო დონის პოლიტიკოსები მიუთითებენ ხელისუფლებას, რომ ასეთ დროს მათზეა პასუხისმგებლობა, მაგრამ ხელისუფლებაში, ერთი კაცის გარდა, ვინმეს შესწევს ძალა თუ უნარი და აქვს თუ არა ვინმეს საკმარისი პასუხისმგებლობა, რომ ვითარებაზე კონტროლი შეინარჩუნოს და მხოლოდ არჩევნების მოგებით არ იყოს შეპყრობილი?”

გია ხუხაშვილი - “ხელისუფლება თავის თავს ესვრის”

“ხელისუფლებას რაღაც ნარცისიზმი შეეყარა, თანაც აბსოლუტურად დაუმსახურებლად. კრიტიკულად ბევრი პრობლემა დაუგროვდა და ნაცვლად იმისა, თვითკრიტიკულობის ელემენტი გაუჩნდეს, ყველასა და ყველაფერზე ბრაზობს. კობახიძის განცხადებები ფეხების ბაკუნის ეფექტს არ სცილდება. ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი, საიდან და რისთვის მოსული ადამიანი, რომელიც შემთხვევით აღმოჩნდა პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტში. როცა ადამიანები დაუმსახურებლად იღებენ რაღაცას, კომპლექსი უჩნდებათ, რაც ასეთი აგრესიით გამოიხატება”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გია ხუხაშვილი - “ხელისუფლება თავის თავს ესვრის” / “ეს არის იზოლირებული სისტემა გადამწიფებული თინეიჯერებით”.

“ასეთებმა არ იციან, რა გააკეთონ და რაც მთავარია, სხვის იმედად არიან, თვითონ არც პოლიტიკური კაპიტალი აქვთ და არც ცოდნა. არის ბიძია, რომლის ფრთასაც არიან ამოფარებული და მის იმედად ვითომ მზად არიან, ყველას ხმალამოღებულებმა ებრძოლონ. ამას ხელს უწყობს ისიც, რომ ქვეყანაში რეალური პოლიტიკური ალტერნატივა არ ყალიბდება, რომ კონკურენციამ მაინც გაზარდოს მათი ქცევის ხარისხი. შესაბამისად, ხელისუფლებას პარტნიორი არ ჰყავს არსად, არც პოლიტიკურ, არც საზოგადოებრივ ელიტაში, არც სამოქალაქო სექტორში და არც უცხოეთში. ეს არის იზოლირებული სისტემა, რომელიც ფორმირებულია გადამწიფებული თინეიჯერების ჯგუფით, თავს ნებისმიერი რამის უფლებას აძლევენ და როცა უსაქციელობაზე მიუთითებენ, ფეხებს აბაკუნებენ. კობახიძის განცხადებები წარმოუდგენელი უტიფრობითა და თავხედობით არის სავსე, როდესაც თუნდაც პრეზიდენტზე ამბობს, 2012 წლამდე სად იყოო. ამ ახალგაზრდებისთვის წითელი ხაზები არ არსებობს, ნებისმიერი ტყუილის თქმა შეუძლიათ ისე, ძარღვიც არ აუტოკდებათ”, - აღნიშნავ გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას გია ხუხაშვილი და შეკითხვაზე - “პროკურატურაზე რას იტყვით, თუნდაც "ომეგა ჯგუფის" საქმესთან დაკავშირებით... აქაც ხომ კობახიძე არ არის?” - პასუხობს:

“ეს უკვე სისტემური პრობლემის ნიშანია. ეს არის ის სისტემა, რომელიც სააკაშვილმა შექმნა და რომლის დემონტაჟი “ქართულმა ოცნებამ” თავიდან კი სცადა, მაგრამ კვალიფიკაცია არ ეყო საკუთარი მართვის სისტემების შესაქმნელად, ამიტომ ხელი მოაწერა კონტრაქტს ძველ სისტემასთან თანამშრომლობაზე და საბოლოოდ ამ სისტემამ ხელისუფლება მძევლად აიყვანა. თუ სააკაშვილი სისტემას საკუთარი პოლიტიკური ინტერესისთვის ამუშავებდა, დღეს იგივე სისტემა ამ ხელისუფლებას პარტნიორად დაუდგა - ანუ ის ამბობს, მე შენს პოლიტიკურ დავალებას შევასრულებ, მაგრამ ამას რომ ვაკეთებ, მე ჩემთვისაც მინდა რაღაცის გაკეთებაო. ახლა პროკურორები ხელისუფლების დაკვეთით რაღაცას ფუთავენ, მაგრამ გარდა ამისა, შეუძლიათ ვითომ დადასტურებულ ჭეშმარიტებად გამოგვიქვეყნონ აბსოლუტურად ბელეტრისტული ჩვენება თაღლითობის აღიარების შესახებ, იმიტომ, რომ ასე სჭირდება საქმეს, თან წარმოუდგენელ ტექსტს აქვეყნებენ. ან მიმდინარე გამოძიებაზე ჩვენების გამოქვეყნება რა უბედურებაა?!”

“ყიფიანს რომ ეს ჩვენება არ დაუწერია, გასაგებია... ამოცანა იყო ასეთი - სავარაუდო დანაშაული უნდა შეეტრიალებინათ და ოქუაშვილისთვის იქით დაედოთ ბრალი. ამ საკითხის ლოკალური, პროვინციული სამართლის პრიზმაში ყურება და ასე შეფუთვა უფრო დამანგრეველი შედეგების მომტანია, რადგან საკითხი უკვე გასცდა ფორმალურ სამართლებრივ ჩარჩოებს - ეს უკვე საერთაშორისო სამართლის საკითხიც არის. თუ დააკვირდებით ბოლო დღეებში ელჩების განცხადებებს, ჩვენი პარტნიორი ქვეყნები აკვირდებიან, როგორ ვითარდება პროცესი და წარმოიდგინეთ, ამ ჩვენებას რომ წაიკითხავენ, რას იტყვიან. ადამიანი ამბობს, მე ვარ თაღლითი და საერთაშორისო პარტნიორების მოსატყუებლად, რომელთა მოტყუება ვის რაში სჭირდებოდა, კაცმა არ იცის, ვწერდი რამდენიმე დუბლად დადგმულ სცენარებსო. როგორც ჩანს, სცენარის ავტორი დიდი ტვინითაც არ გამოირჩევა... პრობლემა ის არის, რომ თუ ფორმალური სამართლებრივი შეფუთვა იყო ამოცანა, მაშინ ეთქვა ყიფიანს, რომ ეს საუბარი მოგონილია და ბოლომდე ემტკიცებინა, რომ ყველაფერი მონტაჟია. ეს ბევრად­ ეფექტური იქნებოდა ფორმალური სამართლის ენაზე და არც ამ უბედურებაში გაერეოდნენ, ვიდრე ეს რაღაც ბელეტრისტიკაა”, - განაგრძობს ექსპერტი.

“ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ - საქართველოს ისტორია ერთი წინადადებით ფასდება და ეს არის ისტორია, თუ როგორ მივედით სადიზმიდან მაზოხიზმამდე მათი მდგომარეობა ახლა ასეთია - შესაძლოა ცუდ რაღაცაში ვზივარ, რომელიც ყარს, მაგრამ აქ თბილა და არ მინდა ამოსვლაო. მერე რა, რომ ყარსო და აგრძელებენ ამ ადგილას ყელამდე ჯდომას.. ზურაბიშვილიც ამ მაზოხიზმის პროდუქტია. მათ ხომ აბსოლუტურად უმტკივნეულო ადგილზე გაიჩინეს ზურაბიშვილის სახით პრობლემა. ცალკე უბედურებაა, რომ ალტერნატივა არ არსებობს... მინდა მჯეროდეს, რომ ივანიშვილს დრო კიდევ აქვს. შესაძლოა გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ, მაგრამ იმას, რომ ამ ყველაფერზე ჯერ კიდევ არ არის სათანადო რეაგირება, მაინც არჩევნებს მივაწერდი. ცოტა დრო კი იმიტომ დარჩა, რომ კიდევ აქვს შანსი, ამ ყველაფერს გაემიჯნოს და თქვას, თაღლითური ჯგუფები ჩემი სახელის გამოყენებით კეთილდღეობას იზრდიანო. ეს არის ერთი სცენარი, მაგრამ ქმედებები სჭირდება - თაღლითობა ისჯება”, - დაასკვნის გია ხუხაშვილი.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს