ნინო ლომჯარია - მირზა სუბელიანმა ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ მოგვაწოდა, მხოლოდ ის გვითხრა, რომ საფრთხეს არ გრძნობს

ჩვენი ინტერესის საგანი იყო, გვენახა მირზა სუბელიანის უსაფრთხოება რამდენად იყო დაცული. მან განგვიცხადა, რომ საფრთხეს არ გრძნობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განუცხადა, რომლის წარმომადგენელიც დღეს პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსან მირზა სუბელიანთან იყო შესული სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

ლომჯარიას თქმით, სუბელიანის საკანში არის სათვალთვალო კამერები და ის დაკვირვების ქვეშაა.

„ჩემი წარმომადგენლები დღეს დილით შეხვდნენ მირზა სუბელიანს. გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით მირზა სუბელიანმა არანაირი ინფორმაცია არ მოგვაწოდა და კომენტარი არ გააკეთა. არ ისურვა ამ თვალსაზრისით ჩვენთან თანამშრომლობა. ერთადერთი, რაზეც მან გამოხატა ჩვენი დახმარების სურვილი, ეს შეეხებოდა მისი შვილის უფლებების დაცვას ხორავას ქუჩის საქმის გარშემო. სხვა თვალსაზრისით, მას ჩვენს მიმართ რაიმე თხოვნა არ გაუკეთებია. ბევრ რამეს მისი ინტერესებიდან გამომდინარე არ ვიტყვი. მისი სურვილი იყო ამაზე რაიმე კომენტარი არ გაგვეკეთებინა. ის თვლის, რომ მისი ფაქტორიდან გამომდინარე მოხდა შვილთან დაკავშირებით ასეთი თავდასხმები. ამიტომ, ის თვლის, რომ მისი შვილის უფლებები იყო დარღვეული და აქედან გამომდინარე, სახალხო დამცველთან ჰქონდა მხოლოდ ეს თხოვნა, რომ მისი შვილის ინტერესები ყოფილიყო დაცული. თუ უფლებების დარღვევას ექნება ადგილი ან მოგვმართავს ნებისმიერი მხარე, ნებისმიერი მოქალაქე, რა თქმა უნდა, ჩვენ დავიცავთ მის უფლებებს. ამ კონკრეტულ ფაქტზე, სად მოხდა, როგორ მოხდა... ამასთან დაკავშირებით არ უსაუბრია. ჩვენი ინტერესის საგანი იყო, გვენახა მისი უსაფრთხოება რამდენად იყო დაცული. მან განგვიცხადა, რომ საფრთხეს არ გრძნობს. ის სათვალთვალო კამერის დაკვირვების ქვეშ არის საკანში“, - განაცხადა ლომჯარიამ.

ლომჯარიას თქმით, მირზა სუბელიანს არ უსაუბრია, თუ ვის ინტერესში შეიძლება ყოფილიყო ჩანაწერების გაკეთება.

„მას არანაირი ვარაუდი არ გამოუთქვამს, ვის ინტერესში შეიძლება ყოფილიყო ამ ჩანაწერის გაკეთება“, - აღნიშნა ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა, სავარაუდოდ, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის ფარული აუდიო ჩანაწერი გუშინ გაავრცელა.

ტელეკომანიის ინფორმაციით, ჩანაწერი გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული და მასთან ერთად საკანში „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი დათო ცუხიშვილი იმყოფება.

ჩანაწერების მიხედვით, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი საუბრობს, რომ ის საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში და გაურიგდა ხელისუფლებას, მაგრამ სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით და ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას.

ასევე, ჩანაწერში ნახსენები არიან ყოფილი მთავარი პროკურორები არჩილ კბილაშვილი და ირაკლი შოთაძე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. სუბელიანი ამბობს, რომ მას ეკა ბესელიასა და უდო-ს კომისიის ურთიერთობებზეც აქვს ინფორმაცია და ამ თემაზე დაკითხულიც იყო.

ასევე, ნახსენებია ვანო მერაბიშვილის საქმე და ხაზგასმულია, რომ ეს ყველაფერი ჩაწერილი და დაარქივებულია. ამასთან, ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი აცხადებს, რომ ის წინასწარ არის შეთანხმებული ხელისუფლებასთან, როდის უნდა დადგეს მისი განაჩენი და რამდენი ხნით უნდა იჯდეს ციხეში - ერთი წელი პატიმრობა და ერთი წელი პირობითი მსჯავრი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა