კახა კოჟორიძე  - ახლა ბურთი საგამოძიებო ორგანოების მოედანზეა, მათ შეუძლიათ თქვან თუ რა ხდება ჩვენს სახელმწიფოში

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემაზე „ინტერპრესნიუსი” საია-ს ყოფილ თავმჯდომარეს, პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს სამართლებრივ საკითხებში, ადვოკატ კახა კოჟორიძეს ესაუბრა.

- ბატონო კახა, ხორავას ქუჩის საქმეზე ბრალდებულ მირზა სუბელიანის, დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძისა და დევნილთა სამინისტროს მაღალჩინოსნის მონაწილეობით გავრცელებულმა აუდიოჩანაწერმა საკმაოდ მძიმე შთაბეჭდილება დატოვა. სამართლებრივი თვალსაზრისით თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც ვიდეოჩანაწერის საშუალებით მოისმინა საზოგადოებამ?

- პირველ რიგში რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის ავთენტურობის დადგენა და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება აუდიოჩანაწერის შინაარსზე საუბარი. ფაქტია ის, რომ ამ აუდიოჩანაწერის ერთ ერთი მონაწილე, ბატონი ვიქტორ ჯაფარიძე ადასტურებს მირზა სუბელიანთან ასეთ შეხვედრასა და საუბარს, თუმცა, მას არ დაუდასტურებია, გავრცელებული ჩანაწერის ყველა სიტყვა.

თუ ყველაფერი ის, რაც მოვისმინეთ მართალია, ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდება როგორც სახელმწიფო, ისე ხელისუფლება

ასევე მოვისმინეთ, რომ პროკურატურას გამოძიება აქვს დაწყებული და უნდა დადგინდეს აუდიოჩანაწერის ავთენტურობა. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება აუდიოჩანაწერის შინაარსის განხილვაში შესვლა.

ყველა თანხმდება იმაში, რომ აუდიოჩანაწერით არაერთი მიმართულებით მოვისმინეთ უმძიმესი შინაარსი. მასში საუბარი იყო არაერთი უმძიმესი დანაშაულის ნიშნების შემცველ ინფორმაციაზე. თუ სუბელიანის მონაწილეობით აუდიოჩანაწერში მოყვანილი ინფორმაციები დადასტურდა, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელმწიფოცა და მთელი ქვეყანაც ძალიან მძიმე ვითარებაში აღმოჩნდება.

თუ ამ ჩანაწერის ავთენტურობა დადგინდა, განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ გახმაურებულ საქმეებზე პროკურატურა წამებით იღებდა ჩვენებებს, ეს სახელმწიფოსთვის საშინლად დამაზიანებელი აღმოჩნდება ადამიანის უფლებების დაცვისა და ქვეყანაში კანონიერების დაცვის დონის თვალსაზრისით.

რა თქმა უნდა, რიგითი მოქალაქეები ელოდებიან ამ საქმეზე სამართლიანი გამოძიების ჩატარებას, მაგრამ ცუდია ის, რომ ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებს იმ აუდიოჩანაწერების გამოძიებაზე, რომელიც უკანასკნელი ორი კვირაა ვრცელდება, არ აქვთ იმის მოლოდინი, რომ ამ საქმეებზე გამოძიება წარიმართება ობიექტურად, მიუკერძოებლად და სწრაფად.

სამართლებრივი თვალსაზრისით საინტერესოა თუ როგორ მოხდა სუბელიანის მონაწილეობით ჩანაწერის გაკეთება და ციხიდან გამოტანა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ამ ჩანაწერის შინაარსი მართალია თუ არა

ახლა ბურთი საგამოძიებო ორგანოების მოედანზეა, მათ შეუძლიათ თქვან თუ რა ხდება ჩვენს სახელმწიფოში. თუ ყველაფერი ის, რაც მოვისმინეთ მართალია, ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდება როგორც სახელმწიფო, ისე ხელისუფლება.

ჩემი აზრით, ძალიან მძიმე მოსასმენი იყო ამ აუდიოჩანაწერის ერთ-ერთი ფიგურანტის მირზა სუბელიანის იმაზე საუბარი, რომ როცა ის დანაშაულებრივ ბრძანებებს ასრულებდა, ის სახელმწიფოს ერთგულებას უდასტურებდა და სახელმწიფოებრივ საქმეს აკეთებდა.

ის, რაც სუბელიანისგან მოვისმინეთ არა სახელმწიფოს სასარგებლო, არამედ სახელმწიფოს საწინააღმდეგო მოქმედებაა. ასე ეგონათ იმათაც, ვინც 7 ნოემბერსა და 26 მაისს აქციებს არბევდა.

- ფაქტია, რომ ამ ვიდეოჩანაწერმა უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა გაააჩინა. პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოძიება ამ ეტაპზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, ჩანაწერის უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე.

ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1571-ე მუხლის პირველი ნაწილით, 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

როგორც ირკვევა, ეს ნაბიჯი პროკურატურამ 12 ოქტომბერს გადადგა. თუ სწორად გავიგე თქვენი ნათქვამი, პროკურატურამ სწორი მიმართულებით გადადგა პირველი ნაბიჯი?

თუ აღმოჩნდება, რომ აუდიოჩანაწერის შინაარსი მართალია, სწორედ იმის დადასტურება იქნება, რომ ქვეყანის სამართლებრივ სისტემაში რეალურად არსებობს სისტემური პრობლემა

- გამოძიების დაწყება მხოლოდ პირველი ნაბიჯია, პროკურატურის მიერ თქვენს მიერ ჩამოთვლილი მუხლებით დაწყებაც გასაკვირი არაა. მაგრამ, ჩემი აზრით, გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებულ მთელ ამ ამბავში მთავარი ის კი არაა, რა ვითარებაში იქნა ჩანაწერი გაკეთებული და მოპოვებული.

რა თქმა უნდა, ეს საკითხი სამართლებრივი თვალსაზრისითაც საინტერესოა, მაგრამ ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისა და იურისტისთვის მთავარია ის, რამდენად შეესაბამება სიმართლეს რაზეც საუბრობს ბრალდებული მირზა სუბელიანი.

ესაა მთავარი და არა ის, ციხის რომელმა თანამშრომელმა გააკეთა ეს ჩანაწერი. ვიმეორებ, ეს ნამდვილად დასადგენია და გამოძიება ამით უნდა დაინტერესედეს, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ის, რაც ამ ჩანაწერში საკმაოდ ბევრია არის თუ არა სიმართლე, თუ - კი, რომელი მათგანია მართალი და რომელი ტყუილი.

თუ აღმოჩნდება, რომ აუდიოჩანაწერის შინაარსი მართალია, სწორედ იმის დადასტურება იქნება, რომ ქვეყნის სამართლებრივ სისტემაში რეალურად არსებობს სისტემური პრობლემა

მე ვერ დავეთანხმები „ოცნების“ დეპუტატს, რომელიც თვლის, რომ მთავარია არა ის, რაზეც ვიდეოჩანაწერშია საუბარი, არამედ ის, თუ როგორ მოხდა ამ ჩანაწერის მოპოვება.

ვიმეორებ, სამართლებრივი თვალსაზრისით საინტერესოა თუ როგორ მოხდა სუბელიანის მონაწილეობით ჩანაწერის გაკეთება და ციხიდან გამოტანა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ამ ჩანაწერის შინაარსი მართალია თუ არა.

- შემფასებელთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ამ ჩანაწერებით ირკვევა, რომ როგორც წინა ხელისუფლების შემთხვევაში, ახლაც საქმე გვაქვს სისტემურ დანაშაულთან. თქვენც ასე ფიქრობთ?

- დიახ, თუ აღმოჩნდება, რომ აუდიოჩანაწერის შინაარსი მართალია, სწორედ იმის დადასტურება იქნება, რომ ქვეყნის სამართლებრივ სისტემაში რეალურად არსებობს სისტემური პრობლემა.

- 2012 წელს როცა ციხის კადრები გავრცელდა, მაშინ იგივე ქალბატონი ეკა ბესელია და “ოცნების“ სხვა ლიდერები არ საუბრობდნენ იმაზე, თუ რამდენად აუთენტური იყო ისინი...

- არ ვიცი, ეს ალბათ „ოცნების“ უმრავლესობის წევრებს უნდა ჰკითხოთ.

„ინტერპრესნიუსი”

კობა ბენდელიანი

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით