„სამოქალაქო ერთობა - ძალა ერთობაშია“ - საპრეზიდენტო არჩევნების მომდევნო ეტაპი უნდა გახდეს უახლოეს ვადებში პარლამენტის ვადამდელი არჩევნების ჩატარება

„სამოქალაქო ერთობა - ძალა ერთობაშია“ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, რომელშიც პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი და უმრავლესობის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ფიგურირებენ, განცხადებას ავრცელებს. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ სახეზეა არაფორმალური ლიდერის მმართველობით გამოწვეული ღრმა სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური კრიზისი. ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ 28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებზე მოსახლეობა ღირსეულ პასუხს გასცემს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და ხელისუფლების შეცვლის მომდევნო ეტაპი უნდა გახდეს უახლოეს ვადებში საქართველოს პარლამენტის ვადამდელი არჩევნების ჩატარება.

„ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის ეთერში გავრცელებული აუდიოჩანაწერები ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ, წინასწარ პატიმრობაში მყოფ პროკურატურისა და სასჯელაღსრულების სისტემის ყოფილ მაღალჩინოსან მირზა სუბელიანსა და პარლამენტარ ვიქტორ ჯაფარიძეს შორის მოიცავს შოკისმომგველ ინფორმაციას საქართველოს სამართალდამცავ სისტემაში არსებული მაღალი დონის ორგანიზებული დანაშაულის შესახებ, სადაც ფიგურირებენ ამ სისტემის მაღალჩინოსნები და შეიარაღებული უკანონო ფორმირებები.

ჩანაწერში აღწერილია სხვადასხვა გახმაურებული საქმეების მოწმეთა გატაცებები და წამება პროკურატურისა და ხელისუფლებისათვის პოლიტიკურად სასურველი ჩვენებების მისაღებად. ნახსენებია კონკრეტული უკანონო გარიგება შსს მინისტრ გიორგი გახარიასა და ბრალდებულ მირზა სუბელიანს შორის ამ უკანასკნელის სასჯელის პირობებზე. შს მინისტრის დავალებით მის მოადგილეს ლევან კაკავას უნდა უზრუნველეყო მირზა სუბელიანისთვის ფინანსური კომპენსაცია ოცნების ხელისუფლების არალეგალური შავი ფონდიდან.

ჩანაწერიდან ასევე იკვეთება ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნების კრიმინალური ჩართულობა კონკრეტულ გახმაურებულ საქმეებში. ჩანაწერში პირდაპირ არის ნახსენები ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მიერ პროკურატურის არაფორმალური მართვა თანამდებობიდან გადადგომის შემდგომ პერიოდში დღემდე. აღსანიშნავია, რომ წინა კვირაში იმავე ტელეკომპანიის მიერ გავრცელდა სხვა ჩანაწერები, რომელთა მიხედვით ოთარ ფარცხალაძე არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფების საშუალებით უკანონოდ იტაცებდა, აკავებდა, ცემდა და არეკეტებდა „ომეგა ჯგუფის“ მენეჯერებს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ყოფილ მინისტრს, ლევან ყიფიანს. ჩანაწერში აღნიშნული ფაქტები ასევე მიუთითებს ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობაზე ზემოთ ნახსენებ პროცესებში.

სახეზეა არაფორმალური ლიდერის მმართველობით გამოწვეული ღრმა სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური კრიზისი - სამართალდამცავი ინსტიტუტები სრულად არის ჩამოშლილი და მათ აკონტროლებენ კრიმინალური ტიპის დაჯგუფებები, რომლებიც წარმოადგენენ ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი კრიმინალური სისტემის სადამსჯელო ნაწილს. ეს დაჯგუფებები სრულად აკონტროლებენ პროკურატურას, სასამართლოს, უშიშროების სამსახურსა და პოლიციას, ასევე თანამშრომლობენ კრიმინალურ ავტორიტეტებთან.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენ ვთვლით, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებას აღარ აქვს მორალური და ლეგიტიმური უფლება მართავდეს სახელმწიფოს.

ჩვენ გვჯერა, რომ ქართველი ამომრჩეველი არ შეეგუება არსებულ კრიზისულ რეალობას და 28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებზე ღირსეულ პასუხს გასცემს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. ხელისუფლების შეცვლის მომდევნო ეტაპი უნდა გახდეს უახლოეს ვადებში საქართველოს პარლამენტის ვადამდელი არჩევნების ჩატარება“, - ნათქვამია „სამოქალაქო ერთობა - ძალა ერთობაშია“-ს განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს