მამუკა მდინარაძე - ალბათ, არავის სჯერა, რომ ქვეყანაში დარბიან  50-კაციანი შეიარაღებული ბანდები და ვიღაცეებს აწამებენ - გასარკვევია, მირზა სუბელიანს რა მოტივი ამოძრავებდა

ალბათ, არავის სჯერა, რომ ქვეყანაში დარბიან 50-კაციანი შეიარაღებული ბანდები, ვიღაცეებს აწამებენ... ეს არ ხდება ამ ქვეყანაში და გასარკვევია მირზა სუბელიანს რა მოტივი ამოძრავებდა, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების კითხვას ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, სადაც სავარაუდოდ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი ფიგურირებს.

როგორც მდინარაძემ განაცხადა, უნდა დადგინდეს ჩანაწერის ავთენტურობა და გაირკვეს ამ საუბრის მოტივაციაც.

„ამ საკითხზე რამდენიმე მიმართულებით არის სამსჯელო. ერთი - შანტაჟის ენით არავინ არ უნდა ელაპარაკოს სახელმწიფოს, მათ შორის, არც განაწყენებული ყოფილი მაღალჩინოსანი. მით უმეტეს, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, შანტაჟის გზით, როგორ იქნა ჩანაწერი მოპოვებული და სახელმწიფოს პასუხი უნდა იყოს ძალიან მკაცრი. ჩვენ არ ვაპირებთ წარსულის გამეორებას და არავის „გაპრავებას“. საუბარია იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილს თავისი პარლამენტი სანოტარო ბიუროს სახით ჰყავდა, ახლანდელი პარლამენტი არის სხვა. თითოეულ დეტალს, თითოეულ საკითხს ჩავყვებით ბოლომდე. ერთი პატარა კითხვაც რომ გაჩნდეს, ვაპირებთ ნებისმიერი საპარლამენტო მექანიზმით, იქნება ეს მინისტრის დაბარება თუ სხვა, ჩვენ ყველა კითხვას ამომწურავად გავცეთ პასუხი. მე პირადად რწმენა მაქვს, რომ საუბარი ნამდვილად შედგა, რადგან ამას ადასტურებს ვიქტორ ჯაფარიძეც, მაგრამ ფორმალური მხარეა და ავთენტიკურობაც უნდა გაირკვეს, ასევე უნდა გაირკვეს ამ საუბრის მოტივაციაც. მეორე მხრივ, ალბათ, არავის სჯერა, რომ ქვეყანაში დარბიან 50-კაციანი შეიარაღებული ბანდები, ვიღაცეებს აწამებენ... ეს არ ხდება ამ ქვეყანაში და გასარკვევია სუბელიანს რა მოტივი ამოძრავებდა. თუმცა, აქ ყველაზე რეალური ვერსია არის შანტაჟის მოტივი. მირზა სუბელიანი განაწყენებული იქნება, რადგან ის მოხვდა ციხეში. როდესაც ის შანტაჟის ენით ელაპარაკება ვიქტორ ჯაფარიძეს და აბარებს ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან რაღაცას, რომ დააშანტაჟოს და ამით სარგებელი მიიღოს, სავარაუდოდ, ეს შეიძლება არ იყოს პირველი. მიუხედავად ამისა, ეს ადამიანი მოხვდა ციხეში; შესაბამისად, ყველაფერი ნათელია“, - ამბობს მდინარაძე.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა საპარლამენტო უმრავლესობას ინფორმაცია, რომ მირზა სუბელიანსა და ვიქტორ ჯაფარიძეს შორის საუბარი შედგა, მდინარაძემ უპასუხა: „მე კი არა, სამწუხაროდ, ვიქტორ ჯაფარიძისგან არავის ჰქონია ეს ინფორმაცია იქედან გამომდინარე, რომ ეს ადამიანი ამბობს, სერიოზულადაც არ ჩავთვალე სუბელიანის საუბარიო. არავის ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია“, - განაცხადა მდინარაძემ.

რაც შეეხება აღნიშნულ საკითხზე პარლამენტში მინისტრების დაბარებას, მდინარაძე ამბობს, რომ თუ ამის საჭიროება დადგება, უმრავლესობა არცერთი საპარლამენტო მექანიზმის გამოყენებას არ მოერიდება.

„არანაირი პრობლემა არ არის იქნება გიორგი გახარია, თუ ნებისმიერი სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელი მოვიდეს პარლამენტში. დაველოდოთ გამოძიებას რა შედეგები დაიდება და პარლამენტი თავისი ფუნქციის შესრულებაზე უარს არასდროს იტყვის. ჯერჯერობით არანაირი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე საუბარი არ არის. არ მოვერიდებით არც ერთი საპარლამენტო მექანიზმის გამოყენებას, თუ ამის საჭიროება დადგება“, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, „რუსთავი 2“-მა ორი დღის წინ, სავარაუდოდ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის, დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის და დევნილთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის აუდიო ჩანაწერი გაავრცელა. ტელეკომანიის ინფორმაციით, ჩანაწერი გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული და მასთან ერთად საკანში „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი დათო ცუხიშვილი იმყოფება.

ჩანაწერების მიხედვით, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი საუბრობს, რომ ის საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში და გაურიგდა ხელისუფლებას, მაგრამ სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით და ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა