კახა კალაძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს მცდელობა, რომ გარკვეული დესტაბილიზაცია მოაწყონ

ახლა აქციაზე „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვთ მცდელობა, რომ გარკვეული დესტაბილიზაცია მოაწყონ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძემ 19-20-21 ოქტომბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ თბილისში დაგეგმილ წინასაარჩევნო მსვლელობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ „პარტია და მათი ტელევიზია“ რამდენჯერმე შეეცადა წინასაარჩევნოდ „სიტუაციის არევას“, თუმცა ეს არ გამოუვიდათ. კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო მსვლელობას ამ კონტექსტში განიხილავს და ამბობს, რომ ვინც კი კანონის წინააღმდეგ გადადგამს რაიმე ნაბიჯს, მას მოყვება შესაბამისი რეაგირება.

კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე რამდენიმე მაგალითიც მოიყვანა.

„მე მინდა ქრონოლოგია გავიხსენო და მოვყვე არსებული რეალობა, რა ხდება დღეს ქვეყანაში და რას უკავშირდება თუნდაც ე.წ. წინასაარჩევნო მანიფესტაცია.

ფაქტია, რომ უკვე რამდენიმე თვეა „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი პარტიული ტელევიზია „რუსთავი 2“ ცდილობს, რომ რამენაირად რომელიმე თემით მაინც შეძლოს სიტუაციის დაძაბვა და წინასაარჩევნო გარემოს რადიკალიზაცია. მე არ ვსაუბრობ კონკრეტულ ფაქტებზე რაც ხდება რეგიონებში, როდესაც კამპანიის დროს ხდება მივარდნები, მცდელობები, რომ შეხვედრები ჩაიშალოს. ამაზე არ ვსაუბრობ. ისინი მთლიანად თავიანთი პროპაგანდით ცდილობენ, რომ ქვეყანაში შემოიტანონ დაძაბულობა და იგონებენ სხვადასხვა თემებს.

ეს დაიწყო იმით, რომ ჰქონდათ მცდელობა მოეწყოთ მიტინგები, გამოსვლები, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ჩაუვარდათ. შემდეგ შემოიტანეს ახალი თემა, ეს იყო „ომეგა“, რომ თითქოს ხელისუფლება ართმევდა ამ კონკრეტულ კომპანიას ტელევიზიას. ესეც სასაცილოა ხალხისთვის. „ომეგა“ თავის მფლობელს არ უნდა და მთავრობას საერთოდ რაში სჭირდება. ესეც სასაცილო გახდა და ვერ დაიძაბა ამით სიტუაცია.

შემდეგ შემოიტანეს ის, რომ თითქოს ხელისუფლება ბიზნესს ართმევდა ამ კონკრეტულ ბიზნესმენს და ისიც კი მოიგონეს და თქვეს, რომ ივანიშვილმა სახლში მიიწვიაო, თან ეჭვობდაო, იწერდა ჩემს საუბარსო და 4 მილიონის გამორთმევა ხელით ანიშნაო, თან თვალი ჩაუკრაო. ეს ყველაფერი სასაცილოა. მე ბატონი ივანიშვილის ადვოკატი ვერ ვიქნები, თუმცა ადამიანს რომელსაც 3 მილიარდი დოლარის ქველმოქმედება აქვს ჩვენს ქვეყანაში გაკეთებული, რომელიც აუდიტორულად დადასტურებულია, ეს არის სხვადასხვა მიმართულებით და მე არ დავიწყებ ჩამოთვლას, საზოგადოებამ და ქვეყნის მოსახლეობამ ყველამ ყველაფერი კარგად იცის.

შემდეგ შემოიტანეს სუბელიანის თემა და ასმენინეს მოსახლეობას დაჭრილ-მიჭრილ-მოჭრილი ჩანაწერები. მაქსიმალურად ცდილობენ, რომ არსებული რეალური სიტუაცია ქვეყანაში მოდელირებული გზით შეცვალონ. მათ კარგი გამოცდილება აქვთ ამ მოდელირებული ქრონიკებით. სამწუხაროდ და საუბედუროდ ჩვენ ეს ყველაფერი კარგად გვახსოვს. მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ არავის მიეცემა შესაძლებლობა, ქვეყანაში მოაწყონ არეულობა და დესტაბილიზაცია.

ეს აქცია მანიფესტაციაც იყო მათთვის კულმინაცია, რომ ქვეყანაში დაეძაბათ სიტუაცია, მაქსიმალური მცდელობა, რომ ხალხი გამოეყვანათ ქუჩაში მოდელირებული და შეთითხნილი არასწორი ჩანაწერებით, მაგრამ ეს მათ ვერ შეძლეს და ახლა აქციაზე აქვთ მცდელობა რომ გარკვეული დესტაბილიზაცია მოაწყონ, შემოიტანონ არეულობა. ეს მუნიციპალიტეტის და მერიის კომპეტენციას სცდება და დეტალებში არ შევალ. იმედია, შესაბამისი სამსახურები ამასთან დაკავშირებით უფრო სიღრმისეულად ისაუბრებენ მომდევნო დღეების განმავლობაში.

ვინც კი კანონის წინააღმდეგ გადადგამს რაიმე ნაბიჯს, მას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო