პროკურატურამ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებით აუდიოჩანაწერები გაასაჯაროვა

პროკურატურამ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებით ორი აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა.

პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პირველ აუდიოჩანაწერში კუდ-ის მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე (მასტერა) ბადრი პატარკაციშვილის დაცვის თანამშრომელს ესაუბრება და მის გადაბირებას ცდილობს. კერძოდ, ჩანაწერის მიხედვით, დგებუაძე ეუბნება დაცვის თანამშრომელს, რომ ეს საქმე, რომელიც სააკაშვილის დონეზეა გადაწყვეტილი, აუცილებლად განხორციელდება. დგებუაძე ინტერესდება ვინ არიან მზარეულები და როგორია დაცვის სისტემა.

„დახმარება მჭირდება რა.... გადაწყვეტილია სააკაშვილის დონეზე რა, ოღონდ კაროჩე შენ უნდა, შენ იცი რა და ჩაიკალი თავში ეგა, თორე დაკარგავ თავს ჩემთან ერთად კაროჩე რა. მეც დამაკარგვინებ თავს და შენც. ამიტომ ჩათვალე, რომ ეგ სამსახური შენ გაქ დროებით რა ეხლა რა. ცოტა ხანში აღარ გექნება უკვე. სამსახურზე მე ვიზრუნებ შენზე, კაი ხელფასიანი სამსახური და კმაყოფილი იქნები რა. პროსტო მთავარი ის არი, შენ რას შეძლებ რა, აი რას შეძლებ შიგნით, რა ინფორმაციის გამოტანას, ან რის გაკეთებას. პირველ რიგში მაინტერესებს „პოვრები“, ვინ არიან ისინი და დაცვის სისტემა მთლიანად, მერე შეგხვდები რა“, - ეუბნება ჩანაწერის მიხედვით დგებუაძე დაცვის თანამშრომელს.

ჩანაწერის მიხედვით, დგებუაძე ადასტურებს, რომ ეს საქმე ეხება ბადრი პატარკაციშვილს. დგებუაძე ჩანაწერში ახსენებს ოქროყანას.

„ხო ბადრისთან დაკავშირებით რა, მაგრამ ჩასატარებელია. მე ერთ რამეს გირჩევ, შანსი არ გაუშვა რა, ჩათვალე, რო აი ეს საქმე მაინც გაკეთდება რა. ასე იქნება თუ ისე იქნება, გაკეთდება. ჩათვალე მომავალს იწყობ, მაგის პირობას, ას პროცენტიან გარანტიას გაძლევ ერთხელ და საბოლოოდ იქნები კაცი. შენგან არაფერი არ იქნება ბევრი საჭირო რა, ელემენტარული ინფორმაცია, რაც ხდება შიგნით, მეტი არაფერი. ეხლა შენ თუ ვთქვათ, სახლთან ახლოს ხარ ხო? მე მაინტერესებს, აი მე რაც ვიცი გითხარი. „პოვრები“ მაგისი, განლაგება დაცვის, კამერები, სათვალთვალო, სად აყენია. ყველაფერი კაროჩე და შესვლა როგორ შეიძლება შიგნით რა. აი ეს ყველაფერი რა, იმაში, ოქროყანაში ოღონდ, დეტალურად რა ეს ყველაფერი, აი შენ რომ მოინდომო, შეხვიდე, როგორ შეხვალ შიგნით“, - ამბობს დგებუაძე.

დაცვის თანამშრომლის კითხვაზე, საქმე რომ „გასკდეს“, დგებუაძე პასუხობს:

„რა საქმე უნდა გასკდეს ბიჭო? სახელმწიფო ვართ ჩვენ, ჩვენა ვინ ვართ? ვინ ჩემი ყ... ბადრი ბიჭო, მაგის დედას შ... მე ტო, სახელმწიფო ვინ არი? ჩვენ ვართ - შს სამინისტრო, გენ პროკურატურა, პრეზიდენტი, ხელისუფლება. ჩვენ ვართ და ჩვენ ვწყვეტთ ეხლა და იმას და იმისგან კი არ გელაპარაკები ტო, ვიღაცისგან...ეს სერიოზული საქმეა და სერიოზულ დონეზეა მიღებული გადაწყვეტილება. ამიტომ, ეგ გადაწყვეტილება შესრულდება როცა იქნება, როგორც იქნება, ნუ სხვადასხვა ფორმით რა. მოსახდენი მოხდება ყველანაირად. ვინ არის ბიჭო თქვენი სამსახური, ახლავე ავალ და დედას მ.. ყველას იქა ტო, გამოვიყვან დავაყენებ, პლაცზე ვარბენინებ ტო. შენ ვინ გგონია ბიჭო თქვენი სამსახური ტო? ეს რუსები იყვნენ აქ და სანამ ეს აქ შტაბი ქონდათ, მანამდე კიდე რაღაცას წარმოადგენდნენ და ეხლა ვინ არიან, ჩვენი დაცვის პოლიციელები არიან, ვინ არიან სხვა?! პრეზიდენტის ბრძანებას გადაახტება ვინმე? ყველა ვარიანტში, მე მაგას გავაკეთებ რა. აი მე პროსტა ჩამოგითვალე რა, შეიძლება დამჭირდეს რა, პოვრების გაგება, სიგნალიზაციის შიტები სად აყენია, დაცვის განლაგება, პულტები სად აყენია, როგორ შეიძლება შეღწევა“, - ამბობს „მასტერა“.

რაც შეეხება მეორე ჩანაწერს, პროკურატურის ინფორმაციით, მასში ასახულია ე.წ. მოდულის შენობაში გამართული თათბირი, რა დროსაც კუდ-ის მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე, მის დაქვემდებარებაში მყოფი ასევე კუდ-ის თანამშრომლები და ამჟამად ბრალდებულები ლევან ქარდავა, რევაზ შიუკაშვილი და გიორგი მერებაშვილი პოლიტიკური სივრციდან ჩამოშორების მიზნით, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას ამზადებენ. ჩანაწერში ისმის, თუ როგორ განიხილავენ პატარკაციშვილის ლიკვიდაციისთვის შესაბამისი პირობების შექმნას. ჩანაწერში ასევე საუბარია დაცვის თანამშრომელთა სიის მოპოვების და პერსონალის შესახებ ინფორმაციის შეგროვების შესაძლებლობებზე.

"გიორგი დგებუაძე: ჯერ გეგმა უნდა შევიმუშაოთ, რას ვაკეთებთ.

ლევან ქარდავა: შენ მაგი ფულს არ გამოგართმევს ეგ როჟა ხო?

გიორგი დგებუაძე: მაგას შეპირდიო დათამ მითხრა, კარგი თანამდებობაო. თუ გააგდეს სამსახურიდან უთხარი, რო მინისტრი კაი თანამდებობას გიჩალიჩებს და კაი თანამდებობაზე დაინიშნებითქო. ჩვენ პირველ რიგში გვინდა იმ ხალხის სია, ვინც არიან მანდ ბარმენები და მზარეულები, პირველ რიგში აი ის არის სასწრაფოდ გასაკეთებელი და დასადგენი. ამისთვის ჩვენ გვაქვს მაქსიმუმ ერთი თვე, რომ იქიდან ვიღაც გადმოვიბიროთ. შვილი რო გაგვიხდეს მოსატაცებელი, კაროჩე უნდა მოვიტაცოთ.

გიორგი დგებუაძე: მიზანი არავინ იცის, რას ვაკეთებთ საბოლოოდ. საბოლოოდ მიზანი არის მაგ კაცის ლიკვიდაცია.

ჩანაწერების მიხედვით, ფიგურანტები ასევე მსჯელობენ მკვლელობის სხვადასხვა გზებზე, კერძოდ, მისი ისეთი ნივთიერებით მოწამვლაზე, რაც ბუნებრივი სიკვდილის ეფექტს გამოიწვევს. გავრცელებული ჩანაწერების მიხედვით, საუბრის დროს ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციის შესაბამისი მეთოდები თანხმდება კუდ-ის იმდროინდელ ხელმძღვანელ დათა ახალაიასთან.

გიორგი დგებუაძე: ბიჭო ეხლა ჩვენ მოვიფიქროთ რა, აი ვთქვათ გაზი შევუშვათ.

გიორგი მერებაშვილი: გაზი? როგორ?

გიორგი დგებუაძე: მე ისიც ვერ მითხრა ეხლა დათამ რა სახის მოწამვლა იქნებაო.

ლევან ქარდავა: არა აქვსო, რაც გინდაო, მარა ჩვენ გვინდა ეხლა იმან, დათას დღეს რა ვუთხრათ იცი ჩვენ? კაროჩე დაგვაკავშიროს იმას, ვინც გვაძლევს ამ იმას რა და იმან უნდა...

გიორგი დგებუაძე: რა ვარიანტზეც უნდა ვიმუშაოთ რა. ხო შეიძლება ვთქვათ, საწოლში ოთახში ძილის დროს შეაგდო რაღაცა და პროსტა?

ლევან ქარდავა: მაგას ვიძახი, სუნთქვით რო დაიღუპოს.

რევაზ შიუკაშვილი: არა ოთახში როცა იქ იქნება და როცა ეძინება იქ დაცვაც იქნება.

გიორგი დგებუაძე: კიდე იცი რა შეიძლება? აი რუჩკაზე წაუსვი, ხელს მოკიდებს და ორ-სამ დღეში იბრიდება, თუ გინდა ორ-სამ საათში.

ლევან ქარდავა: აუ რა მაგარია".

საქართველოს პროკურატურის მიერ გახსნილია ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი. სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე, დაკავებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს პირველი სამსახურის ყოფილი უფროსი გ.მ., მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს ლ.ქ.-ს და ამავე სამმართველოს მეორე სამსახურის უფროსს რ.შ.-ს კი წარედგინათ ბრალდებები.

იხილეთ ვიდეო: "გადაწყვეტილია სააკაშვილის დონეზე, მაინტერესებს პოვრები, დაცვის განლაგება, კამერები..." - როგორ ცდილობს "მასტერა" პატარკაციშვილის დაცვის გადაბირებას?

იხილეთ ვიდეო: "რუჩკაზე წაუსმევდი, ხელს მოკიდებდი და იბრიდებოდა" - თათბირი ე.წ. "მოდულის" შენობაში, რა დროსაც კუდის მაღალჩინოსანები პატარკაციშვილის მკვლელობას ამზადებენ

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო