სახალხო დამცველი - გამოძიება უნდა დაიწყოს, ხდება თუ არა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრისა და მესამე პირის საუბრის ფარული მიყურადება

მიმაჩნია, რომ გამოძიება ასევე უნდა დაიწყოს იმასთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხდება თუ არა პატიმრისა და მესამე პირის საუბრის ფარული მიყურადება,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ფარული აუდიოჩანაწერების გავრცელების საკითხის კომენტირებისას განაცხადა, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია ჩაწერილი.

ლომჯარიას თქმით, ნამდვილად არსებობს კითხვის ნიშნები გავრცელებული ჩანაწერების მიმართ.

„ჩვენ დავინტერესდით ამ ჩანაწერების გარშემო განვითარებული მოვლენებით. ამას ემსახურებოდა ჩემი გუშინდელი ვიზიტიც მირზა სუბელიანთან. სამწუხაროდ, ჩვენ ვერაფერს ვიზამთ, აქ გამოძიებამ უნდა თქვას თავისი სათქმელი. ნამდვილად არსებობს კითხვის ნიშნები და უნდობლობაც ალბათ, თუნდაც ბოლოს გავრცელებული ჩანაწერის მიმართ. მეც მაქვს კითხვები. ასევე, ერთ გარემოებაზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რაზეც პოლიტიკოსები არ საუბრობენ და მიმაჩნია, რომ გამოძიება ასევე უნდა დაიწყოს იმასთან დაკავშირებით, ხდება თუ არა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ფარული მიყურადება პატიმრისა და მესამე პირების საუბრის. ეს მიანიშნებს, რომ გარკვეული პრობლემები ამ თვალსაზრისით არსებობს",-განაცხადა ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, ჩანაწერის უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1571-ე მუხლის პირველი ნაწილით, 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

შეგახსენებთ, „რუსთავი 2“-მა და მთავარმა პროკურატურამ სავარაუდოდ, მირზა სუბელიანის მონაწილეობით აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა