დავით გაბაიძე ტერნოპოლის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ ტერნოპოლის ეროვნული ეკონომიკის უნივერსიტეტის რექტორს კრისოვატ ანდრეის და იურიდიული ფაკულტეტის დეკანს სერგეი ბანახს უმასპინძლა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე დავით გაბაიძემ ორი ქვეყნის ისტორიულ ურთიერთობებზე, გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.

„საქართველოს და უკრაინას ერთნაირი ისტორია და პრობლემებიც ერთნაირი გვაქვს, ამიტომ გასაკვირი არ არის ასეთი კეთილგანწყობილი ურთიერთობები. ტერნოპოლთან ჩვენ წარმომადგენლობითი ორგანოების დონეზე ვთანამშრომლობთ. გაფორმებული გვაქვს მემორანდუმი, რომელიც ორ რეგიონს შორის თანამშრომლობას - ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, მრეწველობის, კულტურის, ხელოვნების, სპორტის, რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების კუთხით ითვალისწინებს. საქმიანი ურთიერთობები გვაქვს ასევე პოლონეთთან. გუშინ დავბრუნდი ვროცლავიდან, სადაც რეგიონის სახალხო ზეიმზე საპატიო სტუმრის სტატუსით ვიყავი მიწვეული. მქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრები პოლონელ კოლეგებთან. როგორც საქართველო, პოლონეთიც მეგობრობს უკრაინასთან. ჩვენ ყველას მსგავსი ისტორია გვაერთიანებს, ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ ერთმანეთის გამოცდილება,“ - აღნიშნა დავით გაბაიძემ.

ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ, ტრადიციულ ურთიერთობას გაუსვა ხაზი ტერნოპოლის ეროვნული ეკონომიკის უნივერსიტეტის რექტორმა და აღნიშნა, რომ ტერნოპოლსა და აჭარას შორის გამოცდილების გაზიარების მაგალითები უნივერსიტეტების დონეზე უკვე არსებობს.

„გუშინ გავაფორმეთ მემორანდუმი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ტერნოპოლის ეროვნულ ეკონომიკურ უნივერსიტეტს შორის, რომელიც გაცვლითი სასაწავლო პროგრამების, სამეცნიერო კონფერენციების და ტრენინგ-სემინარების განხორციელებას ითვალისწინებს,“ - განაცხადა ანდრეი კრისოვატმა.

შეხვედრას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ადამ მახარაძეც ესწრებოდა.

დავით გაბაიძემ სტუმრებს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის და დაგეგმილი პროგრამების განხორციელებაში ხელშეწყობას დაჰპირდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა