გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის თანახმად, საქართველოს პოზიცია ერთი საფეხურით გაუმჯობესდა

გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის თანახმად, საქართველოს პოზიცია ერთი საფეხურით გაუმჯობესდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ანგარიშში 140 ქვეყნის კონკურენტუნარიანობაა შესწავლილი, რომელთა შორისაც საქართველოს პოზიცია, შარშანდელთან შედარებით, გაუმჯობესებულია და ის 66-ე ადგილს იკავებს. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2018 წლის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის“ მიხედვით, წინა წელთან შედარებით საქართველოს ქულა 1.1 პუნქტით გაუმჯობესდა.

სამინისტროს ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ 2018 წლის ანგარიშში მნიშვნელოვანი მეთოდოლოგიური ცვლილებები განხორციელდა, კერძოდ, რეიტინგიდან ამოღებულია სხვადასხვა ინდიკატორები და დაემატა ახალი ინდიკატორები. ასევე შეიცვალა ქვეყნების შეფასების შკალა და მაქსიმალური 7 ქულიანი შეფასება 100 ქულით ჩანაცვლდა.

„2018 წლის რეიტინგში მნიშვნელოვანი გაუმჯობესებები დაფიქსირდა სხვადასხვა მიმართულებებით, კერძოდ 12 ინდიკატორში საქართველოს სარეიტინგო ქულები 8 მიმართულებით გაუმჯობესდა და მხოლოდ 4 ინდიკატორში შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ რეიტინგში უსაფრთხოების მიმართულებით საქართველოს ერთ-ერთი უმაღლესი შეფასება აქვს და 86.3 ქულით მსოფლიოს 140 ქვეყანას შორის 29-ე პოზიციაზეა. აღნიშნული მიმართულება მოიცავს 4 კომპონენტს და საქართველოს ქულები ოთხივე მიმართულებით გაუმჯობესებული აქვს. კერძოდ, ორგაზანიზებული დანაშაულის კომპონენტში საქართველოს ქულა 3,2 პუნქტით გაუმჯობესდა და 76,7 ქულით 24-ე პოზიციას იკავებს (წინა წელს 38-ე პოზიციას იკავებდა, ხოლო 2012 წელს 75-ე პოზიციაზე იმყოფებოდა), ისეთ დანაშაულთან მიმართებით, როგორიცაა მკვლელობები, მნიშვნელოვნად 5,8 პუნქტით გაუმჯობესდა ქვეყნის შეფასება და 98,3 ქულით მსოფლიო რეიტინგში საქართველო 32-ე პოზიციაზეა. საქართველოს ტერორიზმის შემთხვევების კომპონენტში დადებითი შეფასება აქვს. ტერორიზმის კომპონენტი აფასებს ტერორისტული აქტების სიხშირეს, კერძოდ, აღნიშნულ ინდიკატორი ორი კომპონენტს განსაზღვრავს - ტერორიზმის შემთხვევებთან დაკავშირებული მსხვერპლი და ტერორისტული აქტების რაოდენობა 5 წლის განმავლობაში. აღნიშნული მიმართულებით, საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყანას მაღალი შეფასება აქვს და 99,7 ქულაა აქვს მინიჭებული. მნიშვნელოვანია პოლიციის მიმართ მოქალაქეთა ნდობის ხარისხის გაუმჯობესება, კერძოდ ქვეყნის ქულა გაუმჯობესდა და 70,4 ქულით საქართველო 40-ე პოზიციას იკავებს.

რეგიონის ქვეყნებიდან საქართველოზე უკეთესი პოზიცია აქვთ რუსეთს, ყაზახეთსა და თურქეთს. რაც შეეხება აზერბაიჯანს, ის ინდექსში 69-ე, სომხეთი - 70-ე, ხოლო უკრაინა - 83-ე პოზიციაზეა.

საქართველოს გაუმჯობესებული ინდიკატორები და კომპონენტები

ინსტიტუტების ინდიკატორში წინა წელთან შედარებით საქართველოს სარეიტინგო ქულა 1.1 ქულით გაუმჯობესდა და 61.0 ქულით 40-ე ადგილზეა. ინდიკატორი მოიცავს 6 მიმართულებას და შესაბამის 20 კომპონენტს. წინა წელთან შედარებით ქვეყნის ქულები გაუმჯობესდა 12 კომპონენტში, 2 კომპონენტში უცვლელია და მხოლოდ 6 კომპონენტში შემცირდა. ქვეყანას გაუმჯობესება აქვს ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით როგორიცაა, საკუთრების უფლებები, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, რეგულაციების ეფექტიანობა, პრესის თავისუფლება, ელექტრონული მმართველობა, პოლიციის მიმართ ნდობა, მკვლელობების სიმცირე და სხვა.

2012-2018 წლებში საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა საკუთრების კონსტიტუციური უფლების დაცვა, რომელიც გასულ წლებში მასობრივად ილახებოდა. ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა: შეიქმნა სპეციალური ინსტიტუტები, რომელთაც წინა წლებში არსებული დარღვევების სამართლებრივი შესწავლა დაევალათ. აღსანიშნავია, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სასამართლო სისტემის დეპოლიტიზირებამ.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ საკუთრების დაცვის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების მართებულობა დადასტურდა საერთაშორისო რეიტინგშიც. 2018 წლის შეფასებით ქვეყნის ქულა 1,2 პუნქტით გაუმჯობესდა და 62,5 ქულით საქართველომ 48-ე პოზიცია დაიკავა. 2012 წელს ქვეყანა 131 ადგილზე იმყოფებოდა.

ქვეყნის შეფასება გაუმჯობესდა ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მიმართულებითაც. კერძოდ, ქვეყნის ქულა 2,2 პუნქტით გაუმჯობესდა და 46,5 ქულით 2012 წელთან შედარებით 126-ე ადგილიდან 90-ე პოზიციაზე გადმოინაცვლა.

ICT მიღების მზაობის ინდიკატორში საქართველოს შეფასება წინა წელთან შედარებით 5 პუნქტით გაუმჯობესდა და 39.4 ქულით 71-ე პოზიციაზეა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს უმაღლესი 100 ქულა აქვს მობილური ფიჭვური კავშირგაბმულობის აბონენტების (100 მოსახლეზე) რაოდენობის მხრივ, ქვეყნის ქულები გაუმჯობესდა როგორც ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობის, ასევე მთლიანად ქვეყანაში ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობის მხრივაც.

ჯანდაცვის ინდიკატორმა წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვანი მოდიფიკაცია განიცადა და იგი მხოლოდ სიცოცხლის ხანგრძლივობას აფასებს. აღნიშნული მიმართულებით საქართველოს ქულა წინა წელთან შედარებით 0.7 პუნქტით გაუმჯობესდა და 78.2 ქულით 80-ე პოზიციაზეა.

უნარების ინდიკატორში საქართველოს მდგომარეობა 1.1 ქულით გაუმჯობესდა და 68.9 ქულით 45-ე პოზიციას იკავებს. ინდიკატორი აფასებს 2 ძირითად მიმართულებას - არსებულ სამუშაო ძალას და მომავალ სამუშაო ძალას, რომელიც თავის მხრივ მოიცავს სწავლების საშუალო ხანგრძლივობას, სამუშაო ძალის უნარებს, მათ შორის როგორიცაა თანამშრომელთა ტრენინგები, პროფესიული ტრენინგების ხარისხი, კურსდამთავრებულთა უნარები (სკოლის, ასევე უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულთა უნარები), მოსახლეობის ციფრული უნარების ფლობა და სხვ.

ვაჭრობის ღიაობის ინდიკატორში ქვეყნის ქულა 0.7 პუნქტით გაუმჯობესდა და 61.0 ქულით 42-ე პოზიციას იკავებს. ინდიკატორი 2 მიმართულებას აფასებს – ადგილობრივ კონკურენციას და ვაჭრობის ღიაობას. ქვეყნის შეფასება ორივე მიმართულებით გაუმჯობესდა. საქართველო ვაჭრობის ღიაობის მიმართულებით მსოფლიო რეიტინგში 26-ე პოზიციაზეა და ორ კომპონენტში სავაჭრო ტარიფები და ვაჭრობის ღიაობის სერვისებში ლიდერთა ათეულშია, შესაბამისად, მე-5 და მე-6 პოზიციებს იკავებს, ასევე გაუმჯობესდა ქვეყნის ქულა კონკურენციაზე გადასახადებისა და სუბსიდიების უარყოფითი ეფექტის მინიმიზაციასთან მიმართებით.

ბაზრის მოცულობის ინდიკატორში საქართველოს შეფასება 0.6 პუნქტით გაუმჯობესდა და 40.9 ქულით 102-ე პოზიციაზეა. ინდიკატორი 2 კომპონენტს აფასებს - მთლიანი შიდა პროდუქტი (PPP) და იმპორტის წილი მშპ-ში. ამ უკანასკნელ კომპონენტში საქართველოს 65.2 ქულა აქვს და 30-ე პოზიციას იკავებს.

ბიზნესის დინამიურობის ინდიკატორში, ასევე მნიშვნელოვნად 4.3 პუნქტით გაუმჯობესდა საქართველოს სარეიტინგო ქულა და 62.1 ქულით 53-ე პოზიციაზეა. ინდიკატორი მოიცავს 2 მიმართულებას და ორივე მიმართულებით გაუმჯობესდა ქვეყნის მდგომარეობა. აღნიშნული მიმართულებებია ადმინისტრაციული მოთხოვნები და სამეწარმეო კულტურა. ადმინისტრაციული მოთხოვნების მიმართულებით საქართველოს შეფასება მნიშვნელოვნად, 7 პუნქტით გაუმჯობესდა და 77.1 ქულით 46-ე პოზიციაზეა. აღნიშნული მიმართულება, თავის მხრივ, მოიცავს ბიზნესის დაწყებისთვის საჭირო დანახარჯებს და დროს, აღნიშნულ კომპონენტებში საქართველოს უმაღლესი შეფასებები აქვს, შესაბამისად 98.8 და 98.5 ქულა. ასევე, განსაკუთრებულად 31.3 პუნქტით გაუმჯობესდა გადახდისუუნარობის მარეგულირებელი ნორმა და 68.8 ქულით საქართველო 46-ე პოზიციაზეა. სამეწარმეო კულტურის მიმართულებით ქვეყნის ქულა 1.6 პუნქტით გაუმჯობესდა და 47 ქულას გაუტოლდა. აღნიშნული მიმართულება 4 კომპონენტს მოიცავს და ქვეყნის შეფასება ოთხივე კომპონენტში გაუმჯობესდა, კერძოდ დამოკიდებულება სამეწარმეო რისკის მიმართ, უფლებამოსილების დელეგირებისთვის მზადყოფნა, ინოვაციური კომპანიების ზრდა და კომპანიების სარისკო იდეები.

ინოვაციური უნარ-ჩვევების ინდიკატორში 1 პუნქტით გაუმჯობესდა ქვეყნის შეფასება და 32.7 ქულით 85-ე პოზიცია დაიკავა. აღნიშნული ინდიკატორი 3 მიმართულებას მოიცავს და ასევე, სამივე მიმართულებით გაუმჯობესდა ქვეყნის შეფასება. ეს მიმართულებებია - ურთიერთქმედება და მრავალფეროვნება, კვლევა - განვითარება და კომერციალიზაცია. საქართველოს შეფასება გაუმჯობესდა შემდეგი მიმართულებებით - სამუშაო ძალის დივერსიფიცირება, სახელმწიფო კლასტერების განვითარება, მრავალმხრივი თანამშრომლობა, სამეცნიერო ლიტერატურა, დანახარჯები კვლევასა და განვითარებაზე, კვლევითი ინსტიტუტების ხარისხი, მყიდველის გაწაფულობა და განაცხადები სავაჭრო ნიშნებზე.

შრომის ბაზრის ინდიკატორში საქართველომ მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა და 31-ე ადგილი დაიკავა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ინდიკატორში საქართველოს ქულა მცირედით შემცირდა, ინდიკატორის მთელ რიგ კომპონენტებში გაუმჯობესდა ქვეყნის შეფასება, კერძოდ, გაუმჯობესდა ქვეყნის შეფასებები ისეთ კომპონენტებში როგორიცაა, დაქირავებისა და გათავისუფლების პრაქტიკა, დასაქმებულ-დამსაქმებელს შორის ურთიერთანამშრომლობა, შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკა, შრომასთან დაკავშირებული გადასახადები, გადახდები და მწარმოებლურობა და სხვა.

ინდიკატორებში შემცირებული ქულები და პოზიციები:

ინფრასტრუქტურის ინდიკატორში საქართველო 66.7 ქულით 72-ე პოზიციაზეა, წინა წელთან შედარებით ქვეყნის ქულა უმნიშვნელოდ – მხოლოდ 0.1 ქულით შემცირდა. ინდიკატორი 4 მიმართულებას აფასებს - გზები, რკინიგზა, საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტი. აღნიშნული მიმართულებებიდან ქვეყნის ქულები გაუმჯობესდა გზების და საჰაერო ტრანსპორტის სფეროში, კერძოდ გაუმჯობესდა საგზაო ინფრასტრუქტურის ხარისხი, საჰაერო კავშირები და საჰაერო ტრანსპორტის სერვისის ეფექტიანობა.

მაკროეკონომიკური სტაბილურობის ინდიკატორში საქართველოს ქულა 0.4 პუნქტით შემცირდა და 74.5 ქულით 72-ე პოზიციაზეა. აღნიშნული ინდიკატორი აფასებს ინფლაციის მაჩვენებელს და ვალის დინამიკას. მიუხედავად ინფლაციის კომპონენტში ქვეყნის ქულის 0.2 პუნქტით შემცირებისა, საქართველოს ქულა კვლავ მაღალია და იგი 99.8-ს შეადგენს.

საქართველოს სარეიტინგო ქულა ფინანსური სისტემის ინდიკატორში 1.4 პუნქტით შემცირდა და 54.1 ქულა შეადგინა და 88-ე პოზიციაზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ქულები გაუმჯობესებულია ინდიკატორის შემდეგ კომპონენტებში, კერძო სექტორისთვის კრედიტის გაცემა (მშპ-ს წილი) - გაუმჯობესდა 6.5 პუნქტით და 58 ქულა შეადგინა და მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დაფინანსება - გაუმჯობესდა 0.5 პუნქტით და 46 ქულა შეადგინა. საქართველოს ქულები შემცირდა შემდეგ კომპონენტებში - სარისკო კაპიტალის შესაძლებლობა, ბანკების სიმყარე, ვადაგადაცილებული სესხები, საკრედიტო გაპი, ხოლო საქართველოს ქულა უცვლელია შემდეგ კომპონენტში - სადაზღვევო პრემია და ბანკების საზედამხედველო კაპიტალის ნორმა, სადაც ქვეყანას უმაღლესი 100 ქულიანი შეფასება აქვს“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა