ომბუდსმენი - ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში ჩამსხვრეულია მინები, მოუწესრიგებელია სველი წერტილები, რაც პაციენტებს ღირსების შემლახავ პირობებში ამყოფებს

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირში მდებარე ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი დაათვალიერა, რომელიც 600 პაციენტზეა გათვლილი.

როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საცხოვრებელი ოთახების უმეტესობა ჰიგიენის მინიმალურ ნორმებსაც კი ვერ აკმაყოფილებს.

„ამორტიზებული შენობა, ჩამოყრილი ბათქაში, ჩამსხვრეული მინები, მორყეული კარ–ფანჯარა, მოუწესრიგებელი სველი წერტილები და სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემები მთლიანი დაწესებულების, განსაკუთრებით კი თავშესაფრის მომსახურებით მოსარგებლე ბენეფიციარებს ადამიანის ღირსების შემლახავ პირობებში ამყოფებს.

დაწესებულებაში წინა წლებში არსებული მდგომარეობის მსგავსად, კვლავ პრობლემას წარმოადგენს სომატური დაავადებების დროული და ადეკვატური მკურნალობის ხელმიუწვდომლობა, ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაცია და არანებაყოფლობითი სამედიცინო ინტერვენცია.

სამწუხაროდ, პაციენტთა გარკვეული ნაწილი არ საჭიროებს აქტიურ მკურნალობას, მაგრამ წლების განმავლობაში იმყოფება სტაციონარში, მხოლოდ იმიტომ, რომ „წასასვლელი არ აქვს“. ამის ძირითად მიზეზებს წარმოადგენს გაწერილი პაციენტის მხარდამჭერი სისტემის არარსებობა, მატერიალური დაუცველობა, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულების არარსებობა, ამბულატორიული ფსიქიატრიული სერვისების გეოგრაფიული ხელმიუწვდომლობა და თემზე დაფუძნებული ფსიქიატრიული სერვისების სიმწირე; ასევე დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო პაციენტთა უნარ-ჩვევების დეფიციტი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქუტირის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ტერიტორიაზე უკვე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები და 100 ბენეფიციარზე გათვლილი საცხოვრებელი ნაწილი გარემონტებულია.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაუყოვნებლივ შეიმუშაოს და განახორციელოს ფსიქიატრიული დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგია. ამასთან, უმოკლეს ვადაში უზრუნველყოს ქუტირის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში მყოფი პაციენტების მოთავსება ადამიანის ღირსებასთან თავსებად პირობებში“, - ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო