ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე საბოლოო სხდომა სააპელაციო სასამართლოში 22 ნოემბერს ჩაინიშნა

ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე საბოლოო სხდომა სააპელაციო სასამართლოში 22 ნოემბერს ჩაინიშნა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფოტორეპორტიორმა ნათია გედენიძემ განუცხადა. მისი თქმით, სააპელაციო სასამართლოში დღევანდელ სხდომაზე პროკურატურამ წერილობითი მტკიცებულებები წარადგინა.

„დღეს სააპელაციო სასამართლოში პროკურატურის მიერ შეტანილ განაცხადზე მორიგი პროცესი გაიმართა, რომელიც პრაქტიკულად დასასრულს უახლოვდება. საუბარია ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე ჩატარებული ხელახალი გამოძიების შედეგად დამატებითი გარემოებების გამოვლენის შემდგომ წარდგინებულ საქმეზე. ჩვენი შეფასებით, პროცესი ყველა ნორმის დაცვით მიმდინარეობს. პროცესები პრაქტიკულად უკვე დასასრულს მიუახლოვდა და 22 ნოემბერს ჩაინიშნა შემდგომი სხდომა. დღეს მოხდა წერილობითი მტკიცებულებების წარდგენა პროკურატურის მხრიდან, შეთანხმდნენ შემდეგ პროცესზე. 22 ნოემბერს ჩაინიშნა საბოლოო პროცესი, სადაც იქნება ახალი განაჩენი და საბოლოო სიტყვა იქნება ნათქვამი“, - განაცხადა გედენიძემ.

მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმის განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება 12 თებერვალს მიიღო. პროკურატურის მიერ ჩატარებული ახალი გამოძიებით დადგინდა, რომ ფოტორეპორტიორები - ზურაბ ქურციკიძე, გიორგი აბდალაძე, ირაკლი და ნათია გედენიძეები ჯაშუშობის ბრალდებით უკანონოდ გასამართლდნენ.

ახალი გამოძიების ფარგლებში აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი პატიმრობაში იმყოფება. ამავე საქმეზე, ბრალი დაუსწრებლად წარედგინა სასჯელაღსრულების დაწესებულების N8 საპყრობილის ყოფილ დირექტორს ალექსანდრე მუხაძეს, რომელიც მიმალვაში იმყოფება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს