გრიგოლ ვაშაძე  არჩევნებში მონაწილეობას „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით მიიღებს

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „ქართული ოცნების“ დავალებით უარი გვითხრა, რომ საარჩევნო ბიულეტენში გრიგოლ ვაშაძე გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ სახელით დაფიქსირებულიყო, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„ეს კიდევ ერთი კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან, რომელიც პირდაპირ ასრულებს „ქართული ოცნების“ დავალებას. 28 სექტემბერს ჩვენ მივმართეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომ გრიგოლ ვაშაძეს მიეღო მონაწილეობა გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ სახელით, რაც უნდა დაფიქსირებულიყო საარჩევნო ბიულეტენში. სამწუხაროდ, გუშინწინ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „ქართული ოცნების“ დავალებით მიიღო გადაწყვეტილება, რომ უარი გვეთქვა ამ ყველაფერზე. მაგალითად, ექვს საარჩევნო ოლქში, სადაც თვითმმართველობის არჩევნები ტარდება, ჩვენს მიერ წარდგენილი კანდიდატები მიიღებენ მონაწილეობას „ძალა ერთობაშიას“ გაერთიანებული ოპოზიციის სახელით, ხოლო საპრეზიდენტო კანდიდატებს რომ დაწერილიყო იგივე სახელი, ამაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი გვითხრა“, - განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, აბსურდი იქამდე მიდის, რომ ცესკო-ს თავმჯდომარემ მხარი დაუჭირა ამ მოთხოვნას, ხოლო ყველა დანარჩენმა წევრმა, რომლებსაც „ქართული ოცნება“ აკონტროლებს, უარი განაცხადა.

„იმ დონეზეა ყველაფერი მისული, რომ შეუძლიათ ასეთი სცენარებიც გაითამაშონ. მე მინდა ვუთხრა უკიდურესად მძიმე ვითარებაში მყოფ „ქართულ ოცნებას“, ასეთი ხრიკები თქვენ ვერ გამოგადგებათ და ნამდვილად ვერ გიშველით. მესმის, რომ ცდილობთ დეზორიენტაცია მოახდინოთ ჩვენი ამომრჩევლის, იმიტომ რომ კამპანიას გაერთიანებული ოპოზიციის სახელით ვატარებთ. მესმის, რომ თქვენ ეს გაერთიანება გაშინებთ, იმიტომ რომ აქ შედის 11 პოლიტიკური სუბიექტი. მესმის, რომ გსურთ წარმოაჩინოთ ეს, როგორც ორ პარტიას შორის ბრძოლა. მაგრამ მინდა გითხრათ ერთი რამ - 28 ოქტომბერს ქართველი ამომრჩეველი მიიღებს აბსოლუტურად სამართლიან გადაწყვეტილებას და აუცილებლად წარსულს ჩააბარებს იმ უკანონო ქმედებებს, რასაც თქვენ ახორციელებთ საქართველოში. ასეთი იაფფასიანი ხრიკებით, ასეთი კანონსაწინააღმდეგო ქმედებებით თქვენ შედეგზე ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გახვალთ. ეს არის უკანონო, უსამართლო ქმედებები და საქართველოს თითოეული მოქალაქე აუცილებლად მისცემს ამას შესაბამის შეფასებას. ჩვენ მშვიდობიანად 28 ოქტომბრის არჩევნებზე დავასრულებთ ამ უკანონობას და აუცილებლად დავაფიქსირებთ გამარჯვებას“ , - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის თქმით, გრიგოლ ვაშაძე ცესკოს გადაწყვეტილებით, არჩევნებში მონაწილეობას „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით მიიღებს.

„ახლა მათი გადაწყვეტილებაა, რომ გრიგოლ ვაშაძე დაფიქსირებული იყოს ბიულეტენებში „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, მაგრამ ჩვენ მივმართავთ სასამართლოს, სადაც დიდი იმედი არ გვაქვს, მაგრამ აუცილებლად ბოლომდე ვიბრძოლებთ ყველა სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებით, რათა მივაღწიოთ სიმართლეს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო