ქართული პრესის მიმოხილვა 20.10.2018

აღმოჩნდება თუ არა საქართველოს ეკლესია რუსულ ბანაკში

“იბერიის” ჟურნალისტებს სახელფასო დავალიანებაზე პასუხს არავინ სცემს

დავით ჭიჭინაძე - “არჩევნების შემდეგ ახალი პოლიტიკური ძალა გამოჩნდება”

* * *

აღმოჩნდება თუ არა საქართველოს ეკლესია რუსულ ბანაკში

“უკრაინის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების დოკუმენტის - ტომოსის გამოცემის ახალი, არაოფიციალური დრო დასახელდა - 3 ნოემბერი და მართლმადიდებელ სამყაროში დიდი მოლოდინია, რომ სწორედ ტომოსის გამოცემის შემდეგ დაუწყებს რუსეთი ბრძოლის ახალ ეტაპს და სატელიტ ეკლესიებთან ერთად შეეცდება შეუტიოს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს, მათ შორის არც იმას გამორიცხავენ, რომ რუსეთმა მოკავშირე ეკლესიებსაც მოსთხოვოს კონსტანტინოპოლთან ევქარისტული კავშირის გაწყვეტა. უკრაინის თემაზე საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია არის, რომ ტომოსის გამოცემის შემდეგ სინოდის სხდომაზე გადაწყვეტენ ვის დაუჭერენ მხარს, თუმცა რამოდენიმე დღის წინ პატრიარქის მდივნის მიერ გაკეთებული განცხადება თეოლოგების ნაწილმა რუსული პოზიციის გამომხატველად აღიქვა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით აღმოჩნდება თუ არა საქართველოს ეკლესია რუსულ ბანაკში / უკრაინისათვის ავტოკეფალიის მინიჭება 3 ნოემბერს უნდა მოხდეს.

“იმის გამო, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული, უპირობოდ მხარი დავუჭიროთ კონსტანტინოპოლის ეკლესიას, არასწორია. ვიდრე არგუმენტები საფუძვლიანად არ იქნება ჩამოყალიბებული და საეკლესიო სამართლის ნორმებით არ იქნება ეს პოზიცია გამყარებული, მანამდე ჩვენ, რა თქმა უნდა, პოზიციის დაფიქსირებისგან თავს შევიკავებთ. ამავე დროს, დაველოდებით სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების პოზიციების დაფიქსირებას - როგორ ფიქრობენ ისინი და რა პოზიცია მიაჩნიათ მათ მართებულად”, - ამბობს “ინტერპრესნიუსთან” ბოტკოველი. ამის შემდეგ კი “ნეტგაზეთთან” საუბარში დასძენს, რომ თუ კონსტანტინოპოლი იქნება მტყუანი, მას გვერდით ვერ დაუდგებიან - “კონსტანტინოპოლი რომ იყოს მტყუანი, მაინც მას უნდა დავუდგეთ გვერდში?! ჩვენ სიმართლეს უნდა დავუჭიროთ მხარი და არ ვიმსჯელოთ მხოლოდ იმით, რომ რუსეთი ოკუპანტია”, - თქვა მან. სწორედ ეს განცხადება გახდა თეოლოგების ნაწილისთვის მიუღებელი”, - აღნიშნავს გამოცემა.

“თეოლოგი გოჩა ბარნოვი აცხადებს, რომ ეს განცხადება შემაშფოთებელია და მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს ეკლესია სავარაუდოდ მხარს არ დაუჭერს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას. თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილის შეფასებით, ბოტკოველის განცხადება ორ რამეს მიანიშნებს - ერთი რომ, საქართველოს ეკლესიის იერარქებს სურთ დრო მოიგონ და შეხედონ რას იზამენ სხვა ეკლესიები, როგორ განვითარდება მოვლენები, მეორე კი მიანიშნებს იმაზე, რომ რუსეთმა საკუთარი კონტაქტები გაააქტიურა და სურს, საქათველოს ეკლესიამ მწვავე პოზიცია დააფიქსიროს კონსტანტინოპოლთან მიმართებაში. მისი თქმით, რუსეთის მხრიდან ერთადერთი საფრთხე არსებობს, აფხაზეთში არსებული რეალური ვითარება ოფიციალურად დააკანონოს”, - დასძენს გამოცემა.

“მამა მიქაელ ბოტკოველის განცხადება ეს პოზიციის დაფიქსირებაა, მაგრამ ეს არც მამა მიქაელის და არც საპატრიარქოს პრეროგატივა არ არის, არამედ სინოდმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება უკრაინის ეკლესიის აღიარების შესახებ. მამა მიქაელის განცხადებაში ლოგიკაც არ არის, თუ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებულია, მაშინ რატომ უნდა გავუწიოთ მათ ანგარიში. ეს არის დათვზე ბაბაის დაძახების პოზიცია. მეტი რაღა უნდა დაუშავოს რუსეთმა საქართველოს, როდესაც ჩვენ ვერ შევდივართ აფხაზეთში და რუსეთი ჩვენს პატრიარქს არასდროს მოიხსენიებს სრული ტიტულით, არასდროს ახსენებს, რომ პატრიარქი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტია. მეტი უარესი რაღა უნდა გააკეთოს?” - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გოჩა ბარნოვი.

“რეალურად საქართველოს ეკლესიას აფხაზეთის ეპარქიაზე კონტროლი საერთოდ არ აქვს, რუსეთი საქართველოს პატრიარქს სიმბოლურადაც არ მოიხსენიებს, როგორც აფხაზეთის ეპარქიის მმართველს და პლუს, რუსული იერარქები აფხაზეთში თავიანთ სამღვდელოებას უშვებენ და აკურთხებენ. დღესაც კი, რუსეთის ეკლესია საქართველოს ეკლესიას არანაირ ანგარიშს არ უწევს აფხაზეთის საკითხთან და ერთადერთი საფრთხე ისაა, რომ რუსეთი ადგეს და ღიად დაადასტუროს ეს ყველაფერი. საპატრიარქო თვლის, რომ ასეთი აღიარება მათთვის დიპლომატიურად წამგებიანია და ამიტომ ცდილობს ნეიტრალური პოზიციით თავიდან აიცილოს ეს გამწვავება”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მირიან გამრეკელაშვილი.

“რუსები ჯერ კიდევ ელოდებიან გადამწყვეტ მომენტს, როგორც კი ტომოსის გამოცემა მოხდება, რუსეთი ბრძოლის ახალ ეტაპს ამის შემდეგ განაახლებს. მოლოდინია, რომ ტომოსის გამოცემა მოხდება 3 ნოემბერს, კონსტანტინოპოლიდან არაოფიციალურად ამაზე იყო საუბარი. ამის შემდეგ, დიდია ალბათობა, რუსეთმა საკუთარ სატელიტ ეკლესიებს მოსთხოვოს გაწყვიტონ ევქარისტული კავშირი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან. დღეს რუსეთის სატელიტებად მიიჩნევიან ანტიოქია, სერბეთი, ბულგარეთი, საქართველო, პოლონეთი და ჩეხეთი. თუ საქართველო ამ ნაბიჯზე წავა და გამოეთიშება მსოფლიო საპატრიარქოს, მაშინ ჩვენ საბოლოოდ, უკვე ოფიციალურად, მოვწყდებით მართლმადიდებელ ქრისტიანობას და გადავიქცევით რაღაც რუსული ქრისტიანობის მიმდევრებად. ანუ ეს იქნება რაღაც სექტა, რომელსაც ეყოლება მხოლოდ რამდენიმე ეკლესია. ამის საფრთხე არსებობს. საქართველოში დაბალი იერარქიის დონეზე კონსტანტინოპოლის საპატრიარქო დიდი ხანია დემონიზებულია და ამიტომ არის საფრთხე, რუსეთის პოზიცია საქართველოს ეკლესიამაც გაიზიაროს”, - დაასკვნის გამრეკელაშვილი.

“საუბარი იმაზე, რომ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას შესაძლოა აფხაზეთის საკითხის გააქტიურებაც მოჰყვეს, უსაფუძვლოა და მხოლოდ რუსულ ინტერესებს ემსახურება. აფხაზეთის შიდა საეკლესიო სივრცეში მოქმედმა დაჯგუფებამ დოროთე დბარის მეთაურით მართლაც მიმართა მსოფლიო საპატრიარქოს და მსოფლიო პატრიარქს ევალება მოუსმინოს ყველა ქრისტიანის ჩივილს. თუმცა აფხაზეთისთვის ავტოკეფალიის მინიჭება და მისი საერთაშორისო დონეზე აღიარება გამორიცხულია, იმიტომ რომ, მართლმადიდებელი კანონიკის მიხედვით ავტოკეფალიისთვის საჭირო წინაპირობად ოფიციალურად არის ჩაწერილ პოლიტიკური დამოკიდებულება. აფხაზეთზე შიშები საფუძვლიანი არ არის და ეს უბრალოდ რუსეთის კიდევ ერთი სავაჭრო თემაა, რომ აი, აფხაზეთში ავტოკეფალიას გამოვაცხადებთ. ავტოკეფალია რომც გამოაცხადონ, ამას არავინ აღიარებს, იმიტომ რომ, აფხაზეთი აღიარებული არ არის”, - დასძენს გამრეკელაშვილი.

“იბერიის” ჟურნალისტებს სახელფასო დავალიანებაზე პასუხს არავინ სცემს

“მე ისეთივე თანამშრომელი ვარ „იბერიის”, როგორც სხვა დანარჩენი. შესაბამისად, ყველა თანაბარ მდგომარეობაში ვართ. ეს არის მიმდინარე ანაზღაურება ბოლო ორი კვირის და ლოგიკურია, რომ კომპანიამ უნდა უზრუნველყოს თავისი ფინანსური ვალდებულებების შესრულება თანამშრომლებისადმი”, - აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას ტელეკომპანია “იბერიის” ჟურნალისტი არჩილ გამზარდია. “იბერიას” თანამშრომლები მენეჯმენტს შრომითი ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებენ და სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ. იმ შემთხვევაში თუკი თანამშრომლების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, სამართლებრივი დავა არ გამოირიცხება. გამზარდია იმედოვნებს, რომ პროცესი სასამართლომდე არ მივა და “უხერხულობა” არ შეიქმნება. მისი თქმით, იგი პირველ რიგში ტელეკომპანიის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას დაელოდება”, - წერს გაზეთი „რეზონანსი” სტატიაში სათაურით “იმედი მაქვს, რომ უხერხულობამდე არ მივა პროცესი” - გამზარდია “იბერიის” სახელფასო დავალიანებაზე.

“სამწუხარო რეალობა დადგა რომ მედია გაჩერდა, მაგრამ თანამშრომლების სოციალური უფლებებიც, ბუნებრივია, უნდა იყოს დაცული. პირველ რიგში დაველოდები ტელეკომპანიის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას. ჩვენ სიტყვიერი თანხმობა მიღებული გვაქვს. გვითხრეს, რომ თანამშრომლებთან მიმართებაში ყველა სოციალურ ვალდებულებას კომპანია საკმოად მოკლე ვადაში შეასრულებს. მე ტელევიზიის თანამშრომლების ისეთივე ნაწილი ვარ, როგორც დანარჩენი. ჩვენ, ბუნებრივია, თანაბარ მდგომარეობაში ვართ და უფლებების დაცვა თანაბრად გვჭირდება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ უხერხულობამდე არ მივა პროცესი. ამ ეტაპზე სიტყვიერი თანხმობა და შეპირება ტელეკომპანიის ხელმძღვანელობისგან მივიღეთ”, - განაცხადა არჩილ გამზარდიამ. ტელევიზიის თანამშრომლებმა დირექტორს წერილით მიმართეს და მოუწოდეს მათ კითხვებს დროულად გაეცეს პასუხი. წერილში საუბარია ანაზღაურების შესახებ, ისინი კომპანიისგან ერთი თვის ნამუშევრის ანაზღაურებას ითხოვენ. თუკი ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა “იბერიის” თანამშრომლებს ხელშეკრულებას გაუწყვეტს, ისინი ორი თვის კომპენსაციის ანაზღაურებას მოითხოვენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ტელეკომპანია “იბერიას” პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჯიბღაშვილის თქმით, ხელმძღვანელობა თანამშრომლებს უპასუხისმგებლოდ მოექცა და ინფორმაცია ტელევიზიის დახურვის შესახებ სხვა მედიასაშუალებებიდან გაიგეს. “16 ოქტომბერს გავიგეთ სხვადასხვა ტელევიზიის საშუალებით, რომ ტელევიზიამ შეაჩერა მაუწყებლობა და მეორე დღეს მოვითხოვეთ თათბირი. გვქონდა ბევრი კითხვა, ვიყავით თუ არა ტელევიზიის თანამშრომლები, გავაგრძელებდით თუ არა მუშაობას, რაზეც პასუხი ვერ მივიღეთ. კითხვები გვქონდა ხელფასის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. შემდეგ შევთავაზეთ, რომ ჩვენი რესურსით ვიმუშავებდით იქამდე, ვიდრე ამას შევძლებდით, ოღონდ გონივრული ვადა უნდა გვცოდნოდა, როდემდე უნდა გაგრძელებულიყო ჩვენი უხელფასო მუშაობა, რადგან ჩვენ უკან ოჯახები გვყავს. პასუხი ვერ მივიღეთ. ტელევიზიის ხელმძღვანელობისგან საერთოდ არ გვქონდა ინფორმაცია, რომ მაუწყებლობა წყდებოდა. ჩვენს მოთხოვნას წერილობით გადავცემთ ხელმძღვანელობას. დღეს ვითვლებით თანამშრომლებად, მაგრამ არ გვაქვს მუშაობის საშუალება. გვაინტერესებს, როდის მოხდება ჩვენი კუთვნილი ნამუშევრის და კომპენსაციის ანაზღაურება”, - გიორგი ჯიბღაშვილის განცხადებას “მეტრონომი” ავრცელებს”, - დასძენს გამოცემა.

დავით ჭიჭინაძე - “არჩევნების შემდეგ ახალი პოლიტიკური ძალა გამოჩნდება”

“უმრავლესობის ყოფილი წევრი, ისნის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, რომ ქვეყანაში სხვა არჩევანი რომ იყოს, ეს ორი პოლიტიკური ძალა - “ნაციონალური მოძრაობა” და “ქართული ოცნება”, ორივე ერთად გასტუმრებული იქნებოდა ქართული პოლიტიკური ცხოვრებიდან და ახალი პოლიტიკური ძალის შექმნის აუცლებლობაზე საუბრობს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “არჩევნების შემდეგ ახალი პოლიტიკური ძალა გამოჩნდება” - “ოცნების” ყოფილი დეპუტატი.

“რაც დღეს ქვეყანაში ხდება, ნამდვილად არ არის კლასიკური წინასაარჩევნო კამპანია, ეს არის ბრძოლის გამოცხადება. ბოლო მოვლენები განსაკუთრებით შემაშფოთებელია და საზოგადოების განწყობაზე მოქმედებს. ამ ფარული ჩანაწერებით ხელისუფლება და ოპოზიცია ცდილობენ ხალხს არჩევანი საშუალება არ მისცენ და მუდმივი შიშის ქვეშ ამყოფონ. კომპრომატების ომი სწორედ ხელისუფლებისა და ოპოზიციის იმიჯზე აისახება უარყოფითად. დღეს ქვეყანაში ქვეყანაში სხვა არჩევანი რომ იყოს, “ოცნებაც” და ნაცმოძრაობაც” - ეს ორი პოლიტიკური ძალა დიდი ხნის გასტუმრებული იქნებოდა საქართველოს პოლიტიკური ცხოვრებიდან”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ჭიჭინაძე.

“თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნების შემდეგ საზოგადოების კონსოლიდაცია მოხდება და ქართულ პოლიტიკურ სივრცეში აუცილებლად გამოჩნდება ახალი, ჯანსაღი პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყანას პოლიტიკური კრიზისიდან გამოიყვანს - ასეთ ვაკუუმში ყოფნა დიდხანს ვერ გაგრძელდება”, - დაასკვნის რესპონდენტი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა