გიგი უგულავა -  ბიძინა ივანიშვილი  მიხეილ სააკაშვილს იყენებს, როგორც სასარგებლო საფრთხობელას

სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილს იყენებს, როგორც სასარგებლო საფრთხობელას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ სპორტის სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე, პარტიის მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც გიგი უგულავამ განაცხადა, ხელისუფლება ვერასდროს მოატყუებს ხალხს, თუ „უნებლიეთ ოპოზიცია მათ თამაშს არ ითამაშებს“. ამ კონტექტსში გიგი უგულავამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ახსენა.

„სამწუხაროდ, ჩვენი კოლეგები ოპოზიციიდან, მათ შორის ვაშაძე, მათ შორის სააკაშვილი, საუბრობენ არეულობაზე, იმუქრებიან რევოლუციებით, იმუქრებიან ჩამორთმევებით და ა.შ. შურისძიება არის ძალიან ძლიერი გრძნობა, შურისძიებამ შეიძლება მთები გადადგას, მაგრამ ვერასდროს სახელმწიფოს და ქვეყანას ვერ ააშენებს.

ამიტომ, როდესაც შენ ვერ გააცნობიერებ წარსულს, შენს შეცდომას, მაშინ შენ ხელისუფლებასთან მისაშვები არ ხარ.

მე ამ შემთხვევაში ვსაუბრობ მიხეილ სააკაშვილზე, რომელსაც სამწუხაროდ ბიძინა ივანიშვილი იყენებს, როგორც სასარგებლო საფრთხობელას, ეს არის პრობლემა და ამასაც უნდა ვუთხრათ არა. თუ გვინდა გავარღვიოთ მოჯადოებული წრე და არ ვიყოთ ციყვივით, რომელიც ერთ ადგილზე ბორბალს ატრიალებს და ჰგონია, რომ წინ მიდის“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

მისივე თქმით, ხელისუფლება ცდილობს, არსებული ჭაობის და გაუტანლობის ნაცვლად წარმოგვიდგინოს, რომ თუ არ იქნებიან ისინი, იქნება შფოთი, რევოლუცია და რევანში.

გიგი უგულავას თქმით, ხელისუფლება ვერ შეძლებს საკუთარი „ხრიკების გატანას, თუ ამომრჩეველი იაქტიურებს“.

„მოკლედ მინდა მიმოვიხილო რა სიტუაციაში ვართ დღეს ჩვენ. ჩვენ ვხედავთ, რომ ივანიშვილის გაბანკროტებულ ხელისუფლებას არაფერი აქვს სათქმელი პენსიონერისთვის, სოციალურად დაუცველისთვის, სტუდენტისთვის. არანაირი იმედი აღარ დაუტოვა უმუშევარ ადამიანს, უამრავ გადახვეწილ ადამიანს, რომელიც ლუკმა პურისთვის იბრძვის უცხოეთში და ინახავს თავის ოჯახს.

ჩვენ კვლავ ვხედავთ ნაცად ხერხს - ხელისუფლება ცდილობს, რომ განვითარების და პერსპექტივის ნაცვლად, არსებული ჭაობის ალტერნატივად წარმოგვიჩინოს არეულობა. ეს არის პროპაგანდა და ტყუილი. ჩვენ ვხედავთ გამოგონილ საქმეებს და რიგებს პროკურატურასთან, თუმცა, ეს საქმეები იკარგება ისევე, როგორც თავის დროზე „საბურავების საქმე“ და ათასი სხვა სისულელე“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

იხილეთ ვიდეო: "მიხეილ სააკაშვილს ბიძინა ივანიშვილი იყენებს, როგორც სასარგებლო საფრთხობელას" - გიგი უგულავა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა