საქალაქო სასამართლო „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ წინააღმდეგ შემოსავლების სამსახურის სარჩელს განიხილავს

22 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლო „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ წინააღმდეგ შემოსავლების სამსახურის მიერ შეტანილ სარჩელს განიხილავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ ადვოკატმა მარიამ ჩიქოვანმა განუცხადა.

სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 10:00 საათზე ჩაინიშნა.

ადვოკატის ინფორმაციით, საქმე ეხება საგადასახადო დავას, რომელიც „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ წინააღმდეგ შემოსავლების სამსახურმა 2017 წლის თებერვალში დაიწყო. მისი განმარტებით, შემოსავლების სამსახურის სარჩელის თანახმად, სახელმწიფო IBSU-სა და მის დამფუძნებლებს დაახლოებით 735 000 ლარს ედავებოდა, რომლის ამოღებაც უნდა მომხდარიყო და რის გამოც, სარჩელის აღძვრამდე ერთი დღით ადრე უნივერსიტეტის ქონებას ყადაღა დაედო.

ადვოკატ მარიამ ჩიქოვანის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა“ აღნიშნული 735 000 ლარი გადაიხადა და ამის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც წარმოადგინა, შემოსავლების სამსახურმა ითხოვა ორკვირიანი ვადა, რათა გადაეწყვიტა, გაიხმობს თუ არა სასამართლოდან სარჩელს. სარჩელის უკან გახმობის შემთხვევაში კი სახელმწიფოსა და უნივერსიტეტს შორის საგადასახადო დავა შეწყდება და IBSU-ს ქონებას ყადაღა მოეხსნება.

„წინა პროცესზე შემოსავლების სამსახურმა ითხოვა ორკვირიანი ვადა იმისთვის, რომ გადაეწყვიტა და თავისი პოზიცია ჩამოეყალიბებინა, აპირებს თუ არა, რომ თვითონვე გაიტანოს სასამართლოდან სარჩელი. თუ შემოსავლების სამსახური დააყენებს შუამდგომლობას და სარჩელს გაიხმობს, ასეთ შემთხვევაში სამართალწარმოება შეწყდება და „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ ქონებას ყადაღაც მოეხსნება. თუ შემოსავლების სამსახური ამ შუამდგომლობას არ დააყენებს, მაშინ ჩვენ დავაყენებთ სასამართლოს წინაშე შუამდგომლობას, რომ საქმის წარმოება შეწყდეს, იქიდან გამომდინარე, რომ „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა“ ბიუჯეტში ის თანხა უკვე გადარიცხა, რომელიც სადავო იყო. აქედან გამომდინარე, ამ დავის სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობს. ამიტომ, მაშინ ჩვენ დავაყენებთ ამ შუამდგომლობას და იმედი გვაქვს, რომ სასამართლო საქმის წარმოებას შეწყვეტს. თუ ასე არ მოხდა, მაშინ სასამართლო განხილვა გაგრძელდება.

შემოსავლების სამსახურის სადავო თანხა საბოლოოდ, დაახლოებით, 735 000 იყო. „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა“ ეს თანხა ბიუჯეტში გადარიცხა და ახლა გვაქვს შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობა, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ერიცხება ბიუჯეტში ზედმეტობა. ამიტომ სარჩელი კარგავს იურიდიულ საფუძველს, იმის გამო, რომ ამ თანხის ამოღება მომხდარიყო“, - აღნიშნა მარიამ ჩიქოვანმა.

ცნობისთვის, 735 000 ლარი, რომელსაც „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ შემოსავლების სამსახური ედავებოდა, IBSU-ს ადმინისტრაციამ მიმდინარე წლის 27 აგვისტოს გადაიხადა. ამასთან, მიმდინარე წლის აგვისტოში „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ სტუნდენტების ახალი ნაკადის მიღება ავტორიზაციის საბჭომ საგადასახადო ჯარიმის გამო შეუწყვიტა, რომელიც უნივერსიტეტს 2013 წელს დაეკისრა. საგადასახადო ჯარიმის გამო უნივერსიტეტის ქონებას ამ დრომდე ყადაღა ადევს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა