ამირან გამყრელიძე - „მეხუთე ტალღა“ დაიწყო უფრო მაღალი ნიშნულიდან, ვიდრე მოსალოდნელი იყო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის შეფასებით, ქვეყანაში კორონავირუსის ე.წ. მეხუთე ტალღა დაიწყო, რასაც გაუარესებული ეპიდსიტუაცია ადასტურებს.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ახლა საჭიროა მოსახლეობის მხრიდან ვაქცინაციის პროცესის გააქტიურება და ყველა რეგულაციის მაქსიმალურად დაცვა იმისთვის, რომ არსებული სიტუაცია კიდევ უფრო არ დამძიმდეს.

„ქვეყანაში ე.წ. მეხუთე ტალღა დაწყებულია. რაც მთავარია, ის დაიწყო უფრო მაღალი ნიშნულიდან, ვიდრე მოსალოდნელი იყო. სამწუხაროდ, საკმაოდ რთული ეპიდსიტუაცია ყალიბდება. მოგეხსენებათ, ბოლო დღეების განმავლობაში ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა აჭარბებს 4 000-ს. გაზრდილია ინციდენტობის, დადებითობის მაჩვენებელი, ასევე ძალიან საყურადღებოა, რომ პერიოდულად არის მომატებული რეპროდუქციის ინდექსი, რაც მიანიშნებს იმას, რომ ინფექცია სწრაფად და ადვილად ვრცელდება. სამწუხაროდ, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი განმარტებით, ახლა მოქალაქეების სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიხატება სწორედ იმაში, რომ მათ ჩაიტარონ ვაქცინაცია, ატარონ პირბადე, მოერიდონ მასშტაბური თავშეყრის ადგილებს და დაიცვან დისტანცია.

„ეს არის სიკვდილ - სიცოცხლის ბრძოლა, უხილავ მტერ ვირუსთან ომშია ქვეყანა. სამოქალაქო და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გავითავისოთ. ეს გამოიხატება შემდეგში: ყველამ უნდა ვატაროთ პირბადე დახურულ და ღია შენობებში, თავი უნდა ავარიდოთ ნებისმიერი მიზეზით დიდ შეკრებებს, უნდა დავიცვათ დისტანცია და ყველა უნდა წავიდეთ აცრაზე. ეს არის დღეს ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, თუ გვინდა, რომ ახალ წელს ქვეყანა შედარებით მშვიდად შეხვდეს და ახალ წლამდე დაახლოებით 2 ათასამდე ადამიანის სიცხოცხლე გადავარჩინოთ. აი, ეს არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რადგან დღეს გარდაცვლილთა 98-99% აუცრელი ადამიანია. უნდა ვიცოდეთ, რომ აცრა გვიცავს ინფიცირებისგან, ჰოსპიტალიზაციისგან და სიკვდილიანობისგან. თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ვიცრებით ჩვენთვის, ჩვენი ოჯახებისთვის, ჩვენი მეგობრებისთვის და ერთმანეთისთვის. უნდა ვატაროთ პირბადე, წავიდეთ აცრაზე, დავიცვათ დისტანცია და თავი ავარიდოთ დიდ შეკრებებს, მაშინ ქვეყანაში ე.წ. მეხუთე ტალღა შედარებით უფრო მსუბუქი იქნება, ვიდრე აგვისტოში იყო. თუ არადა, ძალიან მძიმე ნოემბერი იქნება“,- განაცხადა გამყრელიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს