სალომე ზურაბიშვილის დამოუკიდებელ კანდიდატად გასაღება არის პროვინციული სპექტაკლი, რომელიც უკვე ყველამ ზეპირად ვისწავლეთ, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობის, ასევე იმ გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას განუცხადა, რომლის მიხედვითაც „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში პრეზიდენტობის საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება.
ხუხაშვილის თქმით, დიდიხანია, რაც სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული აქტივისტია. როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ამოცანაა, რომ სალომე ზურაბიშვილი ყველაფრის ფასად დასვას პრეზიდენტის პოსტზე.
„ახლა ხდება იმის იმიტირება, რომ სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატია და მმართველმა პარტიამ დამოუკიდებელ კანდიდატს შეიძლება დაუჭიროს მხარი. ეს ყველაფერი პროვინციულ თეატრს მაგონებს, როდესაც უნიჭო მსახიობები უხარისხო სპექტაკლს თამაშობენ, მოსახლეობამ ზეპირად იცის ეს სპექტაკლი, მაგრამ მაინც დადის მის სანახავად, რადგან სოფელში სხვა გასართობი არ არის. რეალურად, დიდიხანია, რაც სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული აქტივისტია.
იმ როლზე, რომ „ქართული ოცნება“ ძალაუფლების უზურპაციას ერიდება, სალომე ზურაბიშვილი არ გამოდგება. ეს არის მხოლოდ ლამაზი სიტყვები. ამ როლზე გამოდგებოდა, დაუშვათ, დავით უსუფაშვილი ან რომელიმე სხვა. სალომე ზურაბიშვილის დამოუკიდებელ კანდიდატად გაფორმება ტრაგიკომედიაა. ის კენჭს არავითარ შემთხვევაში არ იყრიდა, რომ არ ჰქონდეს „ქართული ოცნებიდან“ პირობა, რომ მთელი ადმინისტრაციული და ორგანიზაციული რესურსები მასში ჩაიდება. უნდა აიღონ და პრეზიდენტად დასვან ყველაფრის ფასად - ეს არის ამოცანა. ეს პროვინციული სპექტაკლი ხომ ზეპირად ვისწავლეთ ყველამ? - როდესაც ხელისუფლება ისტორიას თეთრი ძაფით კერავს, ან თვითონ არის ბრიყვი, ან ჩვენ ვგონივართ ბრიყვები. მე ვფიქრობ, არცერთი არ არის კარგი,“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
პოლიტოლოგმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ შესაძლოა მოვლენები სხვა სცენარით წარიმართოს. გია ხუხაშვილის შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო 1 თვის განმავლობაში „ქართულ ოცნებას“ ეჭვი შეეპარება არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებაში, პარტია პრეზიდენტობის კანდიდატად ბიძინა ივანიშვილს წარადგენს.
„მცირე ინტრიგა მაინც რჩება. გუშინ მოვისმინეთ რეპლიკა იმასთან დაკავშირებით, რომ მმართველი პარტია 1%-საც ვერ დაუშვებს იმის რისკს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რომელიმე ნამსხვრევი გახდეს პრეზიდენტი. შესაბამისად, აღნიშნული ტოვებს მცირე შანსს, რომ ეს გადაწყვეტილება შეიცვალოს. თუ 1 თვის განმავლობაში კამპანიამ აჩვენა, რომ სალომე ზურაბიშვილის შანსები არ არის აბსოლუტური და რისკი არსებობს მის გამარჯვებასთან დაკავშირებით, ისინი იტოვებენ უფლებას, რომ საკუთარი კანდიდატურა წამოაყენონ. თუ ასე გათამაშდა, ერთადერთი კანდიდატი, რომელმაც შეიძლება სალომე ზურაბიშვილი ჩაანაცვლოს, არის ბიძინა ივანიშვილი. ეს სახელმწიფოებრივად იქნება ძალიან კარგი, რადგან ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა არის ინსტიტუციური ქაოსი. ინსტიტუტების დალაგების ერთადერთი ფორმულა არის ის, რომ ივანიშვილი გახდეს სახელმწიფოს მეთაური,“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა.