ნიკა გვარამიას მეუღლე - ბავშვები არიან ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ და მუდმივად მეკითხებიან, „რომ ვსეირნობთ, ვინმე ხომ არ გვითვალთვალებს“ - არავის გასჩენია ინტერესი, რომ ერთხელ მაინც დავებარებინე და დავეკითხე

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის მეუღლე სოფიო ლილუაშვილი არ გამორიცხავს, რომ პროკურატურის მხრიდან უკანონო თვალთვალი მისი არასრულწლოვანი შვილების მიმართაც ხორციელდებოდეს. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას სოფიო ლილუაშვილმა განაცხადა, პროკურატურა უკანონო თვალთვალს მის მიმართ, ასევე მისი არასრულწლოვანი შვილების მიმართ ერთი თვის განმავლობაში აქამდეც ახორციელებდა.

ლილუაშვილმა საქმის მოკვლევის მიზნით სახალხო დამცველს მიმართა.

„როგორც იცით, ამ მანქანასთან დაკავშირებით ინტერესი იყო ნიკადან გამომდინარე, როდესაც ნიკას მიმართ საქმე აღძრეს და ბრალი წაუყენეს. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, აგვისტოს ბოლოდან განხორციელდა ჩემზე თვალთვალი. პროკურორმაც აღნიშნა, რომ ეს თვალთვალი ლეგალურად ხორციელდებოდა კონკრეტულად მწვანე მანქანასთან დაკავშირებით. 1 თვის განმავლობაში მითვალთვალებდნენ პირადად მე, მაგრამ თვალთვალის დოკუმენტებში, სადაც მითითებულია რა დროს, როგორ, სად მივდიოდი და მოვდიოდი. 30 დღის განმავლობაში მხოლოდ 2-ჯერ არის ნათვალთვალები, როდესაც მე ამ მანქანით გადავაადგილდებოდი. დანარჩენ შემთხვევაში, თვალთვალი ხორციელდებოდა კონკრეტულად ჩემზე. არანაირი მანქანა იქ არ ფიგურირებდა. ეს მანქანა იდგა ჩემი სახლის ეზოში და ვინმე რომ მოსულიყო და ეკითხა ჩემთვის, ან კორპუსის დაცვისთვის, მეზობლებისთვის, ისინი დაადასტურებდნენ რომ იმ პერიოდში, ნამდვილად ამ მანქანით დავდიოდი. ანუ, თვალთვალის საჭიროება იმის დასაზუსტებლად, რომ ნამდვილად მე დავდიოდი ამ მანქანით, არ იყო. ასევე ძალიან უცნაურია და ჩემთვის ძალიან მიუღებელია ის ფაქტი, რომ ამ მანქანით როდესაც არ ვმოძრაობდი, იმ დღეებშიც ხორციელდებოდა ჩემზე თვალთვალი. ამას გარდა, რა კადრებიც გავრცელდა, სადაც მე და ჩემი არასრულწლოვანი შვილი, 9 წლის ქექე მანქანიდან გადმოვდივართ (რაც ნიკას მიაწოდა პროკურატურამ და ნიკამვე გაასაჯაროვა) იქაც დაინახავთ, რომ თუ იმის დასამტკიცებლად მიმდინარეობდა თვალთვალი, დაემტკიცებინათ ჩემი ამ მანქანით გადაადგილების შესახებ, აბსოლუტურად საკმარისი იქნებოდა მხოლოდ იმ კადრის ჩვენება, რომ მანქანა ჩერდება და მე გადმოვდივარ. არ იყო საჭირო ჩემი შვილის კადრების ჩვენება. ვთვლი, რომ ეს აბსოლუტურად არაკანონიერია და არანაირ კანონს არ ექვემდებარება. ყველაფერს აქვს საზღვარი, წითელი ხაზი სად გადის ამ ბრძოლაში, რატომ მიყენებენ მე იარაღად, რატომ უთვალთვალებენ ჩემს შვილებს, მათი ცხოვრება და გადაადგილება რატომ უნდა იყოს გადაღებული და იარაღად გამოყენებული? რატომ უნდა ირღვეოდეს არასრულწლოვნების უფლებები და ჩემი უფლებები, როგორც დამოუკიდებელი ადამიანის?“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

კითხვაზე: შესაძლებელია თუ არა, რომ ცალკე ბავშვებზეც მიმდინარეობდეს თვალთვალი? სოფიო ლილუაშვილი პასუხობს:

„საერთოდ არ გამოვრიცხავ ამას და მეტსაც გეტყვით, მაგის ძალიან მეშინია და ვდარდობ. ბავშვები არიან ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ და მუდმივად მეკითხებიან „სკოლაში როცა მივდივართ ვიღაც თუ მოგვსდევს?“, „რომ ვსეირნობთ, ვინმე ხომ არ გვითვალთვალებს“ და ა.შ. მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა მრავალწლიანი ზეწოლის, გამო ჩვენს ოჯახზე ძალიან რთულია. მით უმეტეს ამ კადრების გავრცელების შემდეგ. პატარები არ არიან და ვერ ვახდენ ამის იზოლაციას და დამალვას. ძალიან ცუდ დღეში ვართ ყველანი. რატომ გვიყენებენ ოჯახის წევრებს ნიკას წინააღმდეგ ბრძოლაში?!“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

ამასთან, სოფიო ლილუაშვილი აღნიშნავს, რომ საქმესთან დაკავშირებით დაკითხული არ არის.

„ეს საქმის კიდევ ერთი საინტერესო დეტალია. არცერთხელ, არავის გასჩენია ინტერესი, რომ ერთხელ მაინც დავებარებინე და დავეკითხე. არცერთ პროკურორს, არცერთ გამომძიებელს ჩემთან შეხება არ ჰქონია“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

მისივე განცხადებით, საქმის მოკვლევის მიზნით, მან დღეს სახალხო დამცველსაც მიმართა.

„ამ წუთში რასაც დამოუკიდებლად ვდავობ ნიკასგან და ამ საქმისგან არის ჩემი უფლებები, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქის, როგორც ქალის, როგორც დედის და პერსონალურად ჩემი უფლებების დაცვისთვის. მივმართე კიდეც დღეს სახალხო დამცველს, რომლის მხარდაჭერის, გაგების და დაცვის იმედიც მაქვს და მგონია, რომ ერთადერთი ადამიანია ქვეყანაში, ვისთანაც შემიძლია მივიდე და დახმარება ვთხოვო“, - განაცხადა სოფიო ლილუაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო