თბილისში რომის სახელობის ქუჩა გაიხსნა. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, ვორონცოვზე მდებარე ვარციხის ქუჩას დღეიდან იტალიის დედაქალაქის სახელი მიენიჭა. ქუჩა დედაქალაქში სტუმრად მყოფმა რომის ვიცე-მერმა უმბერტო კროპიმ, თბილისის ვიცე-მერმა მამუკა ახვლედიანმა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ სამადაშვილმა გახსნეს.
რომის ვიცე-მერმა უმბერტო კროპიმ მადლობა გადაუხადა დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენლებს თბილისის ერთ-ერთი ქუჩისთვის რომის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი ორ ქალაქს შორის ურთიერთობების გაღმავების დასაწყისია.
როგორც იტალიის დელეგაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, საქართველოს დედაქალაქის სახელი მალე რომის ერთ-ერთ ქუჩასაც მიენიჭება.
დედაქალაქის ვიცე-მერის მამუკა ახვლედიანის განცხადებით, თბილისის მერიამ აქტიური ურთიერთობა დაიწყო რომის მუნიციპალიტეტთან. ამის პირველი ნიშანი რომის ვიცე-მერის თბილისში სტუმრობაა.
ახვლედიანის თქმით, გააგრძელებენ რომთან როგორც კულტურულ, ისე ეკონომიკურ ურთიერთობებს. ერთობლივი მუშაობით ევროპის სხვადასხვა ქალაქებში თბილისის პროექტების წარდგენას გეგმავენ.;
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ კი აღნიშნა, რომ რომისა და თბილისის მეგობრული ურთიერთობა ათასწლეულებს ითვლის. `იტალიის დედაქალაქში ჯერ კიდევ მე-17-ე საუკუნეში "ქართული ენის გრამატიკა’’ და იტალიურ-ქართული ლექსიკონი გამოიცა. სულ მალე რომში ვილაგორდეზის პარკში შოთა რუსთაველის ძეგლის დადგმაა დაგეგმილი”, - აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ სამადაშვილმა.
დედაქალაქის ერთ-ერთი უძველესი ქუჩისთვის რომის სახელის მინიჭების შესახებ თბილისის საკრებულომ 25 სექტემბრის სხდომაზე იმსჯელა.;