ბიომეტრიული პასპორტები სავარაუდოდ 100 ლარი ეღირება.
ბიომეტრიული პასპორტებისთვის საფასურის აღნიშნული ოდენობით დაწესებას “სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის შესახებ” კანონპროექტი ითვალისწინებს.
როგორც ‘’ინტერპრესნიუსს’’ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტში გაუმარტეს, საფასურის ასეთი ოდენობით განსაზღვრა განაპირობა როგორც თავად ბიომეტრიული პასპორტის ბლანკებისა და მისი პერსონალიზაციისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ხარჯების მოცულობამ, ასევე სააგენტოს მიერ უფასო მომსახურებაზე გაწეულმა ხარჯებმა. კერძოდ, სააგენტო ახორციელებს ისეთ უფასო მომსახურებებს, როგორიცაა პირადობის მოწმობის გაცემა, დაბადების, გარდაცვალების და ქორწინების რეგისტრაცია და ა.შ.
‘’აღნიშნიულ უფასო მომსახურებებზე გაწეული დანახარჯები ნაწილდება და აისახება ისეთი მომსახურებების საფასურში, რომელთა მიღება მოქალაქეებისთვის გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენს”, – აღნიშნეს კომიტეტში.
კანონპროექტით დგინდება საფასური ბიომეტრიული პასპორტის დაჩქარებული წესით მიღებისთვისაც. კერძოდ, 100 ლარი ეღირება პასპორტის განაცხადის შეტანიდან მე-10 დღეს გაცემა. განაცხადის შეტანიდან მე-5 სამუშაო დღეს გაცემისთვის კი პირი დამატებით 20 ლარს გადაიხდის, მე-3 სამუშაო დღეს – 50 ლარს. ამასთან, თუ პირს ბიომეტრიული პასპორტის მიღება განაცხადის შეტანიდან 24 საათში სურს, 100 ლარის გარდა, დამატებით 90 ლარი უნდა გადაიხადოს, ხოლო თუ პასპორტს განაცხადის შეტანის დღესვე მიიღებს, დამატებით 105 ლარს გადაიხდის.
;იგივე ეღირება საქარველოში; მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტიც.
ბიომეტრიული პასპორტებისთვის შედარებით მაღალ საფასურს, კანონპროექტის ავტორები ძვირი მომსახურებით ხსნიან. კერძოდ, როგორც კომიტეტში განმარტავენ, შესაბამისი აღჭურვილობისა და ინფრასტრუქტურის შესაქმნელად უკვე დახარჯულია 11 000 000 ლარი, რაც მოიცავს ფოტო საძიებო სისტემის, თითის ანაბეჭდის ასაღები აპარატურის, სერვისული ცენტრების, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის და სხვა ტექნიკის ხარჯებს.
‘’მომავალი სამი წლის განმავლობაში ბიომეტრიული პასპორტის ბლანკების შესაძენად საჭიროა დამატებით 16 000 000 ლარი. ასევე მხედველობაშია მისაღები ბიომეტრიული პასპორტის გაცემისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციის დანახარჯები”- განმარტავენ კომიტეტში.
ბიომეტრიული პასპორტების გაცემა 2010 წლის 1-ელი იანვრიდან უნდა დაიწყოს.
;