გაზეთი “ბათუმელები” საქართველოს შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) აჭარის სამმართველოს მხრიდან გაზეთის თანამშრომელთა დაშინების, შანტაჟის მცდელობისა და სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის შესახებ საუბრობს.;;როგორც “ინტერპრესნიუსს” “ბათუმელების” მთავარმა რედაქტორმა, ეთერ თურაძემ განუცხადა, გაზეთმა პროკურატურას მიმართა, რათა დაიწყოს გამოძიება 25 ნოემბერს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, 25 ნოემბერს “ბათუმელების” დირექტორი მზია ამაღლობელი, მთავარი რედაქტორი და ჟურნალისტური გამოძიების ჯგუფის კოორდინატორი თედო ჯორბენაძე ყოფილი უშიშროების შენობაში იმყოფებოდნენ.
“შენობაში მისვლამდე ნახევარი საათით ადრე ბათუმში, “ბათმელების" ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე თედო ჯორბენაძეს სპეცსამსახურის თანამშრომლები დახვდნენ და განყოფილებაში წაყოლა თხოვეს. განუმარტეს, რომ მასთან კითხვები ჰქონდათ პირად საკითხებზე, რომელზეც დეტალურად განყოფილებაში დაელაპარაკებოდნენ. თედო ჯორბენაძემ შესთავაზა, რომ რამდენიმე წუთში თავად მივიდოდა განყოფილებაში, რადგან სამუშაო შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი”, - განაცხადა თურაძემ.
მისი თქმით, ჯორბენაძემ აღნიშნულის შესახებ გაზეთის ხელმძღვანელობას აცნობა.
“ამ დროს მას მობილურ ტელეფონზე დაურეკეს (მობილურის ნომერი ცნობილია) და უთხრეს, რომ ელოდებოდნენ განყოფილებაში. სატელეფონო საუბარში ჯორბენაძეს განუმარტეს, რომ საქმე ეხებოდა მის; სექსუალურ პარტნიორს. განყოფილებაში ჩვენც თედო ჯორბენაძესთან ერთად მივედით”, - აღნიშნა თურაძემ.
თედო ჯორბენაძის განცხადებით კი, მას სოდი-ს შენობაში მისვლის შემდეგ შესთავაზეს, რომ მარტო ასულიყო შენობის მეოთხე სართულზე, რაზედაც უარი განაცხადა.
“ამის შემდეგ 2 ადამიანი, ერთი მათგანი იყო ის პიროვნება, ვინც ქუჩაში დამხვდა, გამოვიდა და შენობის პირველ სართულზე შემიყვანეს. რედაქციის ხელმძღვანელებს შენობის ჰოლში შესვლაზე უარი უთხრეს”, - განაცხადა ჯორბენაძემ.
ჟურნალისტის თქმით, მას აჩვენეს ამობეჭდილი, შავ-თეთრი ფოტოები, რომელზეც გამოსახული იყო მამაკაცი საცვლების ამარა და უთხრეს, რომ ამ კადრებზე თავად იყო.
“სპეცსამსახურის თანამშრომელმა ამიხსნა, რომ “ბათუმელების" რედაქციით დაინტერესებული არიან უცხო ქვეყნების, კონკრეტულად კი რუსეთის და თურქეთის სპეცსამსახურები და მათ ჩემი დახმარება სჭირდებათ. უარის შემდეგ გამაფრთხილეს, რომ ამ კადრებს გაუგზავნიან მის ავადმყოფ მამას, თანამშრომლებს, ატვირთავენ ინტერნეტში. მითხრეს, რომ ამ კადრების გავრცელების შემდეგ დავკარგავ სამსახურს და ინტერვიუს აღარავინ მომცემს”, - განაცახადა ჯორბენაძემ.
მისივე თქმით, მან სოდ-ის თანამშრომლებს უთხრა, რომ ვერ შეაშინებდნენ დამონტაჟებული კადრების გავრცელებით და შენობა დატოვა.
“რამდენიმე წუთში თედო ჯორბენაძეს დაუკავშირდნენ იგივე ტელეფონის ნომრიდან და თხოვეს დაბრუნებულიყო უკან გაზეთის ხელმძღვანელობასთან ერთად. რედაქციის სამივე ხელმძღვანელი პირი აგვიყვანეს იგივე შენობის მეოთხე სართულზე. ვიკითხე, იყო თუ არა საქმე აღძრული თედო ჯორბენაძეზე, რაზედაც მივიღე პასუხი, რომ არა”, - განაცხადა ეთერ თურაძემ.
მისივე თქმით, უწყების თანამშრომელმა განუცხადა, რომ ჯორბენაძე არ იყო “ბათუმელებში” მუშაობის ღირსი, არის “ნამუსო”.
“ეს არის ადამიანების '”დავერბოვკების” საბჭოთა მეთოდები. ჩვენ ვაპირებთ, სამართლებრივი მსვლელობა მივცეთ შანტაჟის ამ ფორმას”, - განაცხადა თურაძემ.