სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან დღეს ოთხი წელი გავიდა.
მკვლელობიდან ოთხი წლის თავზე გირგვლიანის ოჯახის წევრები კვლავ ითხოვენ მკვლელების შემკვეთების დასჯას და საქმის ობიექტურ გამოძიებას. ისინი მკვლელობის შეკვეთაში შსს-ს მაღალჩინოსნებს ვასილ სანოძეს, დათა ახალაიას, ოლეგ მელნიკოვს, შსს-ს პრესსამსახურის მაშინდელ უფროსს გურამ დონაძეს და შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის მეუღლეს, თაკო სალაყაიას ადანაშაულებენ.
გირგვლიანის საქმეზე საქართველოში სამართალწარმოება დასრულდა. სასამართლომ გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრი დასდო შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებს ალანიას, ღაჭავას, ბიბილურიძეს და აფციაურს. მათ სასჯელი ჯერ უზენაესმა სასამართლომ შეუმცირა, შემდეგ პრეზიდენტმა შეიწყალა, ბოლოს კი, ე.წ. უდოს კომისიის შუამდგომლობით პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ.
გირგვლიანის ოჯახი აღნიშნულ პირებს მკვლელობის შესრულებაში ადანაშაულებს.
გირგვლიანის საქმე სტრასბურგის სასამართლოშია. პირველი სხდომა 2 თებერვალს უნდა გამართულიყო, თუმცა გაურკვეველი დროით გადაიდო.
გირგვლიანის ოჯახი ევროსასამართლოში ევროკონვენციის მუხლების დარღვევად ცნობას ითხოვს. ისინი ითხოვენ, ასევე, საქმის ხელახალ გამოძიებაში დაბრუნებას, სამართლიან მართლმსაჯულებას, მორალური კომპენსაციას ფულადი თანხის; სახით.
2006 წლის 27 იანვარს, სანდრო გირგვლიანი ოქროყანის ტყეში სასტიკად აწამეს, რის შედეგადაც გარდაიცვალა. მანამდე გირგვლიანი შარდენზე ~შარდენ ბარში~ იმყოფებოდა, სადაც დონაძე, მელნიკოვი, სანოძე, ახალაია და სალაყაიაც იყვნენ.