ცხინვალის რეჟიმი მოსკოვის მიერ გამოყოფილი თანხის ხარჯვის შესახებ ინფორმაციას სპეციალურ საიტზე განათავსებს. როგორც გაზეთი ~იუჟნაია ასეტია~ იუწყება, საიტის შექმნა ე.წ. პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ საკუთარი ადმინისტრაციის უფროსს დაავალა.
;საიტზე ე.წ. სამხრეთ ოსეთში აღდგენითი სამუშაოების და მოქალაქეებისთვის კრედიტების გაცემის შესახებ ინფორმაცია განთავსდება.
;~რუსეთის, სამხრეთ ოსეთისა და მესამე ქვეყნების მოქალაქეებმა, რომლებსაც ობიექტებზე, მათ შორის ~ძუარიკაუ-ცხინვალის~ გაზსადენზე გაწეული სამუშაოსთვის თანხა არ გადაუხადეს, პრეზიდენტის ან პრემიერის სახელზე განცხადება უნდა დაწერონ~, - განაცხადა კოკოითიმ.
;ედუარდ კოკოითის შეფასებით, აღნიშნული საიტის შექმნა ე.წ. სამხრეთ ოსეთის იმიჯის გამოსწორების პირველი მცდელობაა. მისი აზრით, დე-ფაქტო რესპუბლიკა საინფორმაციო ომს, ისევე, როგორც 2008 წლის აგვისტოში, ამჟამადაც აგებს.
;რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღდგენისთვის გამოყოფილი თანხების ხარჯვას რუსული მხარე, კერძოდ, შსს-ს ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტი იძიებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კითხვები არსებობს თავად დე-ფაქტო რესპუბლიკაშიც. საცხოვრებელი ფართების აღდგენისა და მშენებლობის გაჭიანურების გამო გასულ თვეში ცხინვალში რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა.
მოსკოვმა ცხინვალის რეჟიმს ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღსადგენად 2008-2009 წლებში 10 მილიარდი რუბლი გამოუყო. წელს კი რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან კიდევ 5,7 მილიარდი რუბლი გამოიყოფა. აღნიშნული თანხით სკოლები, ენერგო და გაზმომარაგების ობიექტები და საინჟინრო ინფრასტრუქტურა უნდა აღდგეს.;
;