ველისციხეში, ჭერემის ხევთან ახლოს მცხოვრები ყველა მოსახლე სახლში უსაფრთხოდ დაბრუნებას, დაახლოებით, ორ საათში შეძლებს.
ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” კახეთის რეგიონის გუბერანატორის მოადგილემ გიორგი სიბაშვილმა განუცხადა.
როგორც სიბაშვილმა აღნიშნა, ამ წუთებში აგებენ კონსტრუქციას, რომლის საშუალებითაც ერთ საათში ჭერემის წყალსაცავი დაიცლება, ორ საათში კი მოსახლეობას სახლებში დაბრუნება შეეძლება.
“მოსახლეობის ნაწილი სახლებში უკვე დაბრუნდა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების და შსს-ს შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. მობილიზებულია ყველა სახის ტექნიკა. ადგილზე საველე სამზარეულოა გახსნილი”,- განაცხადა სიბაშვილმა.
მოსახლეობის ნაწილი ახლობლებთან, ნაწილი კი ველისციხის თეატრის შენობაში გახიზნეს.;
მორიგი განგაში და ევაკუაცია სოფელში წუხელ, 22.00 საათზე გამოცხადდა.;
ჭერმის ხევის წყალსაცავი 1982 წელს შევიდა ექსპლუატაციაში და მორწყვის ფუნქციას ასრულებდა. წყალსაცავი ამორტიზებულია, წყლის დონის ზრდამ დამცავი ჯებირი დააზიანა, რის გამოც წყლის გადმოსვლის საფრთხე შეიქმნა.
ადგილზე იმყოფებიან გარემოს დაცვის, რეგიონული მართვისა და შს მინისტრები.
;
;
;