სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ვებგვერდის საშუალებით ამომრჩევლები გორში მრავალრიცხოვანი დარღვევების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ.
კერძოდ, გორის რაიონის სოფელ ნიქოზში, ხმა მისცეს დევნილებმა, რომელთაც არც დევნილობის მოწმობა ჰქონდათ და არც სიაში იყვნენ. უბანთან კი სამარშრუტო ტაქსი იდგა. დამკვირვებელი ადასტურებს, რომ ე.წ. კარუსელი ტრიალებს.
ვებგვერდზე ფოტოებიც გამოქვეყნდა, რომელიც ადასტურებს, რომ გორში სხვადასხვა საარჩევნო უბანზე, საარჩევნო კაბინებში, გამოკრულია საარჩევნო სუბიექტების სიები, რომლებზეც სამაგალითოდ შემოხაზულია #5.
ასევე გორში, 59–ე უბანთან იდგა ადამიანი, რომელიც ამომრჩევლებს ფულს ურიგებდა.
"მას კუპიურების შეკვრა ეჭირა, მაგრამ როგორც კი დამინახა, რომ დამკვირვებლის მოწმობა მქონდა, მაშინვე მიიმალა. ასევე კაბინაში გაკრული იყო საარჩევნო სუბიექტების სია, რომელზეც შემოხაზული იყო #5. როგორც კი ეს დარღვევა დავაფიქსირე, სია მაშინვე ჩამოგლიჯეს", - წერს ერთ-ერთი დამკვირვებელი.
აქვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სოფელ შინდისის საარჩევნო უბანზე ორმა ისეთმა ადამიანმა მისცა ხმა, რომელიც ამ უბანზე არ არის რეგისტრირებული. შედგენილია საჩივრები. ამ ამომრჩევლებმა თვითონვე დაადასტურეს, რომ სიაში არ იყვნენ, შესაბამისად ხელიც არსად მოუწერიათ.
გორში, 34–ე უბანზე, არ უშვებდნენ "ალიანსის" წარმომადგენლებს. უბანზე, საარჩევნო კაბინასთან, გამოკრულია საარჩევნო სუბიექტების სია, რომელზეც შემოხაზულია #5. ასევე, მე–9 უბანზე ამომრჩეველთა კაბინაში გამოკრულია საარჩევნო სუბიექტების სიები, რომელზეც შემოხაზულია #5. იგივე ხდება 49–ე უბანზე, სოფელ სკრაში.
"90–ე უბანთან (ტინისხიდის თემი) მიკროავტობუსი დგას. კომისიის თავმჯდომარემ, რომელიც ""ნაციონალური მოძრაობის"" წარმომადგენელია, ჯერ გვითხრა, რომ ეს ავტობუსი უბნის კოორდინატორის იყო, შემდეგ შეცვალა ნათქვამი და განაცხადა, რომ იგი ""ნაციონალური მოძრაობის"" იყო, ბოლოს ესეც უარყო და თქვა, რომ ავტობუსი საოლქო კომისიას ეკუთვნის", - წერს ერთ-ერთი ამომრჩეველი.
მოქალაქეებისვე ინფორმაციით, გორში 26–ე უბანზე (დიდი ატენი) ამომრჩეველ თეიმურაზ ჭიღლაძეს დაემუქრნენ ნარკოტიკების ჩადებით და მეუღლის სამსახურიდან გათავისუფლებით, თუ ის #5-ს არ შემოხაზავდა. აქვე აღნიშნულია, რომ მისი მეუღლე საჯარო მოხელეა. ამ უბანს კურირებს ვინმე ღორო ვანიშვილი, სოდ-ის თანამშრომელი.
"გორში, 32-ე საოლქო კომისიის 77-ე უბანზე (ქიწნისი) გადასატანი ყუთის გაყოლა "ალიანსის" წევრს ერგო წილად. მისი წასვლის შემდეგ კი "ალიანსის" დამკვირვებელმა დააფიქსირა, კომისიის წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" როგორ აწერდა სიაში ხელს სხვის ნაცვლად", - იუწყებიან ამომრჩევლები.