ვენეციის კომისიას კონსტიტუციის პროექტის ინგლისური თარგმანის ჩასწორებულ ვარიანტი გადაეგზავნება .
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ ავთანდილ დემეტრაშვილმა განუცხადა.
დემეტრაშვილმა კომენტარი გააკეთა გუშინდელ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო ცვლილებების ქართულ და ვენეციის კომისიისთვის გაგზავნილ ინგლისურ ვერსიებს შორის სხვაობაა. კერძოდ - კანონპროექტის ინგლისური ვერსიის მე-2 მუხლის თანახმად, საკონსტიტუციო ცვლილებების ძალაში შესვლის თარიღად განსაზღვრულია 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების დღე.
დემეტრაშვილის თქმით, თარგმანში მოხდა გაურკვევლობა, თუმცა ეს გამოსწორდება.
რაც შეეხება ახალი კონსტიტუციის ამოქმედების ვადას, დემეტრაშვილი იმედოვნებს, რომ ცვლილებები და დამატებები, რომლებიც შევა კონსტიტუციაში, 2013 წლამდე ამოქმედდება.
"ამისთვის მთავარია, მიღწეული იქნას პოლიტიკური შეთანხმება. ვინაიდან არ იყო მიღწეული ეს შეთანხმება საკონსტიტუციო კომისიაში, შესაბამისად კონსტიტუციის ამოქმედების საკითხს კენჭი ვერ ეყარა", – განმარტა დემეტრაშვილმა.